რატომ გაჰყავთ გარემოვაჭრეები საჯარო სივრციდან? სიმპტომების და რისკების შესახებ

 

ფოტოს ავტორი :ლელა რეხვიაშვილი

ავტორი : თამუნა ქებურია

გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტის დილის 7 საათიდან, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, „თბილსერვის ჯგუფისა“ და საპატრულო პოლიციის დახმარებით, დაიწყო გარემოვაჭრეების „გაყვანა” მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებიდან, ტროტუარებიდან და სხვა გარშემომყოფი საჯარო სივრცეებიდან. ანალოგიური ბედი ეწიათ ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ გარემოვაჭრეებსაც. მერიის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ქალაქის მასშტაბით, სხვა ადგილებშიც გატარდება. პასუხისმგებელი პირების განცხადებით, ქალაქის „გაწმენდითი სამუშაოების“ დაწყებას რამოდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ უნებართვო გარევაჭრობა კანონსაწინააღმდეგო მოვლენაა, რომ გარემოვაჭრეები აფერხებენ ადგილობრივი მოსახლეობის და ჩამოსული სტუმრების გადაადგილებას, რომ ის ანტისანიტარიასთან და უსაფრთხოების დაბალ დონესთან ასოცირდება, და რომ გარევაჭრობა იწვევს ქალაქის იერსახის და ტურისტული ზონების დამახინჯებას.  ალტერნატივის სახით, ქალაქის მერიამ მოვაჭრეებს შესთავაზა თავიანთი საქმიანობის გაგრძელება ფორმალურად დარეგისტრირებულ სავაჭრო ცენტრებში, რაზეც, როგორც მედია იუწყება,  გარემოვაჭრეების მხოლოდ მცირე ნაწილი თანხმდება. ამის მიზეზად ისინი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ:

„ჯერ გააჩნია ადგილს, სად უნდა დაგსვას.. მერე არა მაქვს საშვუალება რომე მე ბაზარში შევიდე და დავდგე.. მესამე, ვინ მომცემს საშუალებას ექვსი თვე ბიუჯეტში თანხა არ შევიტანო, ან კერძო შესყიდულია ყველაფერი ადგილები [..] და ის, ვისაც შესყიდული აქვს უფასოდ დამსვამს?.. „(01:54 წთ)

 სახელმწიფოს პოლიტიკის მიმოხილვა ისტორიული პერსპექტივით

1990 წლებიდან მოყოლებული, ვარდების რევოლუციამდე, ვაჭრობა და არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა დაბალი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე მოსახლეობისთვის (Bernabe, 2005). იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თუ ხელისუფლება ვერ ახერხებდა ბაზისური ინფრასტრუქტურული, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფას, დასაქმების ადგილების შენარჩუნებას და ახალი ადგილების გაჩენას, შედეგად, 1990-1999 წლების პერიოდში ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების პროცენტული რაოდენობა 91%-იდან 57%-მდე შემცირდა[1], ამ მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობებიდან თავის დასაღწევად ადამიანები პირადი ძალისხმევით, სხვადასხვა არაფორმალური პრაქტიკებისა თუ ხერხების გამოყენებით, ცდილობდნენ თავის გატანას და საარსებო მინიმუმის გამომუშავებას. 1999 წლისთვის რურალურ სივრცეებში თვითდასაქმებული მოსახლეობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა (78%), მაშინ როდესაც ურბანულ სივრცეებში თვითდასაქმებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (სულ 26%)  ჩართული იყო საბითუმო თუ საცალო ვაჭრობაში (ურბანულ სივრცეებში თვითდასაქმებული ადამიანების 26.5%)[2]. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვითდასაქმებულებს, ძირითადად, წარმოადგენდნენ სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენები თუ ჯგუფები, მათ შორის ჭარბობდნენ ქალები, საპენსიო ასაკის ადამიანები[3], და აგრეთვე, იძულებით გადაადგილებული პირები თუ შიდა მიგრანტები, რომლებიც დღემდე ყველაზე მეტად არიან ასოცირებულნი არაფორმალურ სექტორში ჩაბმულ, წვრილ და გარემოვაჭრეებთან (Manning, 2009, pg. 29).

რაც შეეხება ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ნიშანდობლივია, რომ მაშინდელი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები განსაკუთრებით არ წყალობდნენ გარემოვაჭრეებს – 2007 წელს უნებართვო გარევაჭრობა კანონგარეშედ გამოცხადდა, ხოლო მათ, ვინც კვლავ აგრძელებდა ასეთ საქმიანობას, მაღალ ჯარიმებს აკისრებდნენ. სწორედ ამ პერიოდში იწყება არაფორმალური სავაჭრო სივრცეების პრივატიზება, საჯარო სივრცეების დაცლა კიოსკებისაგან და ხელნაკეთი სავაჭრო დახლებისგან და მათ ადგილას სუპერმარკეტებისა თუ თანამედროვე სავაჭრო ცენტრების აშენება; ხოლო 2012 წლის მთავრობის ცვლილების შემდეგ, გარემოვაჭრეები ნელ-ნელა კვლავ იწყებენ დაბრუნებას ქუჩებში, ტროტუარებზე. მთვარობის ცვლილების შედეგ მათთვის საჯარო სივრცეები კვლავ ხელმისაწვდომი ხდება (Polese, Morris, Rekhviashvili, 2016, pg.20), (Rekhviashvili, 2015, pg.490).

რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებს, მას შემდეგ რაც ცენტრალური ხელისუფლება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს და მისი მმართველობის მეორე რაუნდი სულ რამდენიმე თვის დაწყებულია, 2017 წლის პირველ ნახევარში გარემოვაჭრეები კვლავ აწყდებიან სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან ინიცირებულ შეზღუდვებს და კონტროლის გამკაცრების ინიციატივებს.

საგულისხმოა, რომ ვარდების რევოლუციის პერიოდის, და დღეს უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გატარებული ღონისძიებები გარემოვაჭრეების წინააღმდეგ, გარკვეულწილად, ერთმანეთს იმეორებს[i] – ორივე შემთხვევაში ხდება/ხდებოდა გარემოვაჭრეების იძულებითი გაყვანა საჯარო სივრციდან, ხოლო ალტერნატივის სახით ფორმალურ-ადმინისტრირებულ სივრცეებში კომერციული სავაჭრო დახლების შეთავაზება და ამ პროცესში მათი მონაწილეობის თუ ჩართულობის სრული უგულებელყოფა; ორივე შემთხვევაში იკვეთება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი პოლიტიკა თუ სტრატეგია და ის კომპლექსურად არ უდგება გარემოვაჭრეების პრობლემებს და ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებულ არაფორმალური ეკონომიკური სექტორის მაღალ დონეს; ორივე ხელისუფლების პირობებში სახეზე გვაქვს გარევაჭრობის პრაქტიკის ერთგვარი ორიენტალისტური ხედვა, სადაც აკრძალვის მთავარ არგუმენტად გამოყენებულია ქართული საჯარო სივრცისა თუ ქალაქის ქუჩების უფრო მეტად დაახლოვება ევროპულთან და მისი „გამაღიზიანებელი ესთეტიკური იერსახისგან“ დაცლა (Manning, 2009, pg. 31); და ბოლოს, ორივე შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების ეკონომიკური თუ იდეოლოგიური ორიენტაციიდან გამომდინარე, გარემოვაჭრეების პერიფერიასა თუ ადმინისტრირებულ ერთეულებში გადაყვანის მოტივის მიღმა იკვეთება ის ნეოლიბერალური თუ ნეო-კაპიტალისტური სიმპტომები, რომლითაც ხელისუფლება ოპერირებს და ხელმძღვანელობს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს სტრატეგიული ობიექტების კომერციალიზაციას, საჯარო სივრცეების მწყობრ პრივატიზაციას და საჯარო, არამატერიალური სიკეთეების კომოდიფიკაციას.

კვლევითი პუბლიკაციის მიმოხილვა

არაფორმალური ეკონომიკა და ქართულ კონიუნქტურაში წარმოქმნილი გარევაჭრობის პრაქტიკები  მთავარ კვლევის საგანს წარმოადგენდა ლელა რეხვიაშვილისთვის, რომელიც 2012-2014 წლებში განხორციელებულ ეთნოგრაფიულ კვლევაზე და საველე სამუშაოებისას თავმოყრილ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის, დისკურს-ნარატივის და მაკრო თუ მიკრო სოციო-ეკონომიკური მოცემულობების გააანალიზებით, ცდილობდა, შეესწავლა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები თუ იდეოლოგიური აპარატები,  რომელიც სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, გამუდმებით ცდილობდა არაფორმალურის ფორმალიზებას, გარევაჭრობის კრიმინალიზებას და საჯარო სივრცეების ტოტალურ პრივატიზება-ადმინისტრირებას.

ერთ-ერთ პუბლიკაციაში (რომელიც მის სადოქტორო დისერტაციას ეფუძვნება)[4] მკვლევარი ცდილობს, კრიტიკულად გააანალიზოს, თუ რა განაპირობებდა წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას სახელმწიფოსა და წვრილ მოვაჭრეებს შორის მაშინ, როცა საქმე ეხებოდა ამ უკანასკნელთა მიერ საჯარო სივრცეების კომერციული მიზნისთვის გამოყენებას.

პირველ რიგში ავტორი მიმოიხილავს საჯარო სივრცის შესახებ არსებულ ლიტერატურას, რომელიც ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში წარმოებულ ცოდნებს შორის, განსაკუთრებით დომინირებს საჯარო სივრცეების დაკარგვის და მასზე ხელმისაწვდომობის შემცირების შესახებ ნარატივი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ კონტექსტშიც. ამის შემდეგ, მკვლევარი ეხება ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებულ იმ პოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც ამ პერიოდის მთავრობას აყალიბებს, როგორც ნეოლიბერალური ხედვის მქონე ხელისუფლებას; შემდეგ კი სვამს კითხვას – როგორ ხდება რომ ნეოლიბერალური ხედვის მქონე მთავრობა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა დერეგულირების პოლიტიკითა თუ რადიკალური ლიბერალური ხედვებით, წვრილი მოვაჭრეების (კომერციულ საქმიანობაში ჩართული ადამიანების) მთავარი მტერი ხდება და ამ პირობებში, სწორედ საჯარო სივრცე იქცევა დაპირისპირების მთავარ საგნად?

ანალიზისას, ავტორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მიდგომა (წვრილი და გარემოვაჭრეების მიმართ) წინააღმდეგობაში კი არ მოდიოდა თავის ძირითად პოლიტიკურ ხაზთან, არამედ პირიქით, მისგან გამომდინარეობდა და მმართველი გუნდის ეკონომიკური დასაბუთების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა. პუბლიკაციაში თავმოყრილი მიგნებების თანახმად, გარემოვაჭრეებისგან ქუჩების თუ საჯარო სივრცეების დაცლა არა მხოლოდ ტრავმული წარსულისგან განთავისუფლების და ახალი ერი-სახელმწიფოს შექმნის მცდელობას წარმოადგენდა (იმ პირობებში, რომ სახელმწიფომ რეალურად ვერ უზრუნველყო ამ ხედვების ეკონომიკური თუ სოციალური განხორციელება) და არა მარტო კულტურულ (დასავლეთი, ევროპა, ორიენტალიზმი) შინაარსს ატარებდა, არამედ ამასთან ერთად, ზედმიწევნით თანმიმდევრულად იმეორებდა ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიერ წარმოებულ მარკეტიზაციის, კერძო საკუთრების ფეტიშიზაციისა და ფიქციური სიკეთეების კომოდიფიკაციის ლოგიკას.

ლელა რეხვიაშვილის მოსაზრებით, რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი განაპირობებს იმას, თუ რატომ ხდება საჯრო სივრცეებზე მკაცრი კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანი საკითხი ნეოლიბერალური იდეოლოგიისთვის, ხოლო ქართულ კონტექსტში – რატომ იდევნებიან გარემოვაჭრეები საჯარო სივრცეებიდან. უპირველეს ყოვლისა, ესაა საჯარო სივრცეების პრივატიზაციის მოტივი – ის სივრცეები, რომელსაც არაფორმალურ ეკონომიკაში ჩართული მოვაჭრეები იკავებდნენ (მაგ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), კერძო მესაკუთრეებზე გასხვისდა და კომერციულ ფართებად იქცა, სადაც მოვაჭრეებს თვიური გასამრჯელოს და გადასახადის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლოთ სივრცით სარგებლობა; ხოლო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ავტორის მოსაზრებით, იყო საჯარო სიკეთეებზე და საჯარო სივრცეებზე თავისუფალი და ულიმიტო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მასზე მოთხოვნის ხელოვნურად შექმნა, რათა მომხდარიყო ბაზრის გაფართოება, მაქსიმალურად გაზრდილიყო სახელმწიფოს სიკეთეების კომერციალიზაციის პროცესი, ხელოვნურად გაზრდილიყო საბაზრო ინდექსები თუ ღირებულებები, თუნდაც ისეთი ფიქციური საქონელის აკუმულაციისა და კომოდიფიკაციის ხარჯზე, როგორიც საჯარო სფერო, საჯარო სივრცეა.

სტატიის დასასრულს, აღნიშნულ შემთხვევაზე დაკვირვების და მისი ანალიზის შემდეგ, პუბლიკაციაში ავტორი ასკვნის, რომ საჯარო სივრცის კონტროლი ნეოლიბერალური ლოგიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ამ ლოგიკის გაფართოებისა და ყოვლისმომცველობის სტრატეგიას ემსახურება.

 საფრთხეებისა და რისკების შეფასება        

ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ჟაკ რანსიერი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს[5], რომ ესა თუ ის პოლიტიკური სისტემა ქმნის ამა თუ იმ ადამიანებს თუ ადამიანთა ჯგუფებს. შესაბამისად ისინი წინდაწინ არსებულ, პრე-პოლიტიკურ მოცემულობას კი არ წარმოადგენენ, არამედ პირიქით, პოლიტიკური პროცესის შედეგად ფორმირდებიან. ეს მსჯელობა რომ განვაზოგადოთ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გარემოვაჭრეები თუ არაფორმალურ სექტორში ჩართული ადამიანი (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა თუ ნებისმიერი ჩვენგანი) სწორედ ამგვარად კონსტრუირებულ ადამიანთა ერთობის წარმომადგენელია, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ქართულ რეალობაში მიმდინარე ისტორიულ და სოციო-პოლიტიკურ კონიუნქტურებს ირეკლავს. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ადამიანების ამ ჯგუფისგან საჯარო სივრცის დაცლას, მათი კომერციული საქმიანობის თუ მათი იდენტობის რეკონსტრუქციას ცდილობს, ის ამ პროცესში არ ითვალისწინებს მის მოცემულობაშივე არსებულ იმ მთავარ განმაპირობებელ წყაროებს, რომელიც ამ ჯგუფების შენარჩუნებას და კვლავწარმოებას უწყობს ხელს, შედეგად კი მათ უკიდურეს მარგინალიზებას და სოციალურ გარიყვას უქადის. ამასთან ერთად, ხელისუფლების ხისტი და სწორხაზოვანი პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანთა ჩართულობას და მონაწილეობას, არაა მიმართული სხვადასხვა გარეშე ფაქტორის კომპლექსური და ინტერსექციური შეფასებისკენ, კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას და ანტაგონიზმს წარმოშობს საზოგადოებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღევანდელი ხელისუფლების ამგვარი მიდგომა და პოლიტიკური პოზიციონირება ვარდების რევოლუციის ხელისუფლების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შინაარსს იმეორებს (მიუხედავად იმისა, რომ ფორმით და აღსრულებით განსხვავდება მისგან). ისევე როგორც 2012 წლამდე, დღესაც, სამთავრობო წარმომადგენლები ქვეყნის განვითარებას მინიმალურ სახელმწიფოში, დერეგულაციურ პოლიტიკაში, ბიზნესისთვის დაბალი გადასახადების დაწესებაში და ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში ხედავენ. შედეგად კი დღეს საქართველო, ისევე როგორც 2012 წლამდე, რეგიონში ლიდერობს უთანასწორობისა და მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლით (დიაგრამა #1).

 

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე ქვეყნის მასშტაბით მცირდება (დიაგრამა #2), ფაქტია, რომ მისი შემცირება ხდება ვაჭრობისა და სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების გაზრდის ხარჯზე; ეს მაშინ, როდესაც დასაქმების ადგილების წილი ისეთ სექტორებში, რომლებიც უფრო გრძელვადიან, შედარებით მაღალანაზღაურებად და სტაბილურ დასაქმების ადგილებს ქმნის, საგრძნობლად შემცირებულია (დიაგრამა #3).

 

2014 წლიან 2016 წლამდე მრეწველობის სფეროში დასაქმებული ადამიანების კლება, ხოლო ვაჭრობისა და სერვისის სფეროში მათი ზრდა მიანიშნებს არასტაბილური, მოკლევადიანი და პრეკარიალური შრომის სახეების მასიურ გამრავლებაზე.

 

საგულისხმოა ასევე ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2016 წლის შეჯამებაში გამოყოფს და განსაკუთრებით ხაზს უსვამს საქართველოში არსებული არაფორმალური დასაქმების სექტორის განსაკუთრებით მაღალ დონეს, რომელიც მთლიანი დასაქმების ბაზრის 50%-ზე მეტს შეადგენს[6].  ამის საპასუხოდ კი ILO-ს რეკომენდაციაა სახელმწიფოს მხრიდან მდგრადი პოლიტიკის შემუშავება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, დასაქმებისა და შრომის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და შედეგად მდგრადი, სტაბილური დასაქმების ადგილების შექმნა. ILO-ს რეკომენდაციაშივე ვკითხულობთ, რომ გრძელვადიან და სტაბილურ დასაქმების ადგილებს ძირითადად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში წარმოების რეალური სექტორის წილის ზრდა, ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ადგილობრივი წარმოების გაფართოება.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს რომ მაშინ, როდესაც ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ღირსეული შრომის საკითხები დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, კატასტროფულად მაღალია საწარმოო შემთხვევებისას დაღუპული და დაშავებული ადამიანების სტატისტიკა (2016 წელს დაიღუპა 58, დაშავდა 85 დასაქმებული) და დღემდე არ არსებობს ქმედითი შრომის ინსპექცია, რთული და შეუძლებელიც კია არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომით მდგომარეობაზე, უსაფრთხო თუ ღირსეულ შრომაზე მსჯელობა. ამასთან ერთად, მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ისიც, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ იმ მინიმალურ სოციალურ გარანტიებზე, რითაც შესაძლოა კონტრაქტით დასაქმებული მშრომელები სარგებლობდნენ (შვებულებით სარგებლობის უფლება, დეკრეტული შვებულებისას სახელმწიფო ანაზღაურების მიღება, შედარებით დაბალპროცენტიანი სესხებით სარგებლობა და ა.შ.). თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფოს ხისტი და ერთგვაროვანი პოლიტიკა – არაფორმალურის სწორხაზოვანი ფორმალიზება, გარევაჭრობის აკრძალვა სხვადასხვა არგუმენტით (იქნება ეს ანტისანიტარიის მაღალი დონე თუ ქალაქის იერსახის დამახინჯება), ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მრავალმხრივი სოციალური პრობლემების იგნორირება და ნეოლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის გეზის გაყოლა ინტენსიური მარკეტიზაციითა და პრივატიზაციით – უფრო მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს და გაცილებით უფრო მწვავე უკუშედეგი გამოიღოს.

 

ბიბლიოგრაფია:

Aeschimann É., Representation Against Democracy: Jacques Rancière on the French Presidential Elections, Verso Books, 2017;

Bernabe S., Informal Labour Market Activity: A Social Safety Net during Economic Transition? The Case of Georgia, London School of Economics and Political Science, 2005;

Maning P., The Hotel/Refugee Camp Iveria: Symptom, Monster, Fetish, Home, Trent University, 2009;

Polese A., Morris J., Rekhviashvili L., Informal Governance in Urban Spaces: Power, Negotiation and Resistance among Georgian Street Vendors, Geography Research Forum (GRF), Vol 36: Special Issue: Formal Institutions and the Production of Informal Urban Spaces, 2016;

Rekhviashvili L., Marketization and the public-private divide: Contestations between the state and the petty traders over the access to public space in Tbilisi, International Journal of Sociology and Social Policy 35(7/8): 478-496, 2015;

World Employment Social Outlook: Trends 2016, International Labour Office, Geneva, 2016

[1] Bernabe S., Informal Labour Market Activity: A Social Safety Net during Economic Transition? The Case of Georgia, London School of Economics and Political Science, 2005; Figure 4.2, pg. 96.

[2] Ibid; Figure 4.4 Employed by employment status (1999), pg. 101; Figure 4.5 Self-employed by sector of economic activity in urban/rural areas (1998, 1999), pg. 102.

[3] Ibid; Figure 4.7 Self-employed by age group (1999), pg. 105

[4] Rekhviashvili L., Marketization and the public-private divide: Contestations between the state and the petty traders over the access to public space in Tbilisi, International Journal of Sociology and Social Policy 35(7/8): 478-496, 2015

[5] Representation Against Democracy: Jacques Rancière on the French Presidential Elections, Verso Blog

[6] World Employment Social Outlook – Trends 2016, International Labour Office, Geneva, pg.58

[i] აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ყველაზე დიდი განსხვავება ამ ორს შორის არის ვარდების რევოლუციის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებით მაღალი რეპრესიული დონე, რაც გამოიხატებოდა ძალადობრივი ხერხების გამოყენებაში, ძალოვანი სტრუქტურების ინტენსიურ და სისტემურ მობილიზებაში მოსახლეობის წინააღმდეგ და სხვა ძალისმიერი ხერხების გამოყენებაში, რისი თქმაც და განზოგადებაც ქართული ოცნების პარტიის ხელისუფლებაზე თუ მთავრობაზე არასწორი და მცდარი იქნებოდა.