სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი ანალიზი

2001 წლის 30 მარტს, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში შევიდა ცვლილება, რომელმაც უზენაეს კანონში საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ცნება შემოიტანა. 2002 წლის 22 ოქტომბერს კი, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა  კონსტიტუციური შეთანხმება.

კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის რთული პროცედურის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ სამართლებრივი ანალიზის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებზე. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ  შეთანხმების დამტკიცებამდე, სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაითვალისწინა საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის, ვენეციის კომისიის გაცემული რეკომენდაციები.

კონსტიტუციური შეთანხმების მსგავსი სტატუსის დოკუმენტით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამყარებული ურთიერთობის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ მოიძებნება. ამასთან, შეთანხმების გაფორმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სამართლებრივად არასწორია.

იმ პირობებშიც კი, როდესაც ნორმატიული აქტების იერარქიაში, კონსტიტუციური შეთანხმების ადგილის განსაზღვრა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას წარმოადგენს, ასეთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების სულისკვეთებით არ არის ნაკარნახევი. გაუგებარია ორ მხარეს შორის შეთანხმებისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღალი რანგის მინიჭება რა საფუძვლით არის გამყარებული, გარდა ეკლესიის მიმართ ლოალობის დაფიქსირების და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან სავარაუდო კონფლიქტის შემთხვევაში, შეთანხმების ავტორიტეტულობის შენარჩუნებისა.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ასეთი მაღალი რანგის ნორმატიული აქტის ტექსტი მთლიანად არის დაცლილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შინაარსისგან და ის ზოგად მითითებასაც კი არ აკეთებს თანასწორობის უფლებაზე.

მოცემულ გარემოებებში მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლში არსებული რესურსი, კერძოდ მოთხოვნა, რომ შეთანხმება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს შეესაბამებოდეს, გამოყენებული იქნას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ადამიანის უფლებების სასარგებლოდ განმარტებისთვის. შესაბამისად, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამის მუხლში უნდა მოხდეს გამონაკლისის დადგენა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ადგენენ.

ასეთი მაღალი რანგის სამართლებრივი დოკუმენტის კონსტიტუციასთან, განსაკუთრებით კი თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის შეფასების ფარგლებს ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ასეთი შემოწმების აუცილებლობა ცალსახაა, როდესაც ზოგადი კანონმდებლობა შეთანხმებაში მოცემულ რომელიმე საკითხს არ არეგულირებს (მაგ. რელიგიური ორგანიზაციების სულიერი ლიდერების იმუნიტეტთან, რელიგიური ქორწინების აღიარებასთან, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივ აღიარებასთან, საკულტო ნაგებობის რესტიტუციასთან,  უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის საკულტო-ნაგებობების და დამატებითი საეკლესიო ნივთების დაცვასთან მიმართებით); ანდა როდესაც რეგულირება ნეიტრალურია (მაგ. მიწის გადასახადთან მიმართებით) და ამავე დროს,

კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებულ პრივილეგიას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს მხოლოდ ეკლესიის მიმართ და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ ორგანიზაციებს.

ბუნებრივია, დისკრიმინაციული მოპყრობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვემდგომ კანონმდებლობაში არ არის ასახული, განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგს არ იწვევს და არც შეფასების მიღმა უნდა დარჩეს.

ამის გარდა, შეთანხმება და ქვემდგომი კანონმდებლობა ერთობლივად ადგენს საზოგადოებრივი  ურთიერთობის გარკვეულ სფეროებში მონაწილეობის არათანაბარ შესაძლებლობებს. ასეთია მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის ნებაყოფლობითი სწავლების შესაძლებლობა, საგადასახადო შეღავათები მიწის, მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადებთან მიმართებით.

ამასთან, შეთანხმებისა და ქვემდგომი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ეკლესიის მიმართ პრეფერენცირებული მიდგომები, რომელთაგან ზოგიერთი მართალია კონკრეტული უფლებით უპირატესად სარგებლობას პირდაპირ არ ეხება, თუმცა, ფაქტობრივი არათანაბარი მოპყრობის საფუძველს წარმოადგენს (მაგ. კონფესიური განათლების ხელშეწყობა). ზოგიერთი კი დეკლარაციული ხასიათისაა და სახელმწიფოსა და ეკლესიის გადაჯაჭვულობის ტენდეციებზე მიანიშნებს.

შეთანხმებისგან დამოუკიდებლად იკვეთება არათანაბარი მოპყრობა, მისი იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტებშიც. მაგალითად, სხვა კონფესიის წარმომადგენლების რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესის ორგანიზებაში ეკლესიის ჩართვასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ზემოთ მიმოხილული ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროებიც ეკლესიის მხარდაჭერის, პრეფერენცირების ფორმებია და მათი გადაჭარბებული ასოციაციის პრობლემებზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ სეკულარული როლის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები იკვეთება არა მხოლოდ ეკლესიის მხარდაჭერაში. იგი კონსტიტუციური შეთანხმებით, რიგ შემთხვევებში, ეკლესიის ავტონომიის უგულებელყოფაშიც გამოიხატება (მაგ. სასულიერო პირების საეკლესიო ვალდებულებების დადგენა, ეკლესიისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა და მისი დაფინანსების წყაროების განსაზღვრა, მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ რელიგიის ნებაყოფლობითი სწავლებისთვის საჭირო მასალების განსაზღვრაში ჩარევა).

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად (იხ. თავი 4), სახელმწიფოსთვის რომელიმე რელიგიის კონფესიური მიზნების მიკუთვნება სეკულარიზმის პრინციპის დარღვევაა. კონსტიტუციური შეთანხმების ცალკეული დებულებები სწორედ რომ სახელმწიფოს მიერ კონფესიური მიზნების დისკრიმინაციულ ხელშეწყობას ავლენს. ამავე დროს, მისი ფართო კონტექსტში დანახვა თავად ამ დოკუმენტის მიღების არასეკულარულ, ეკლესიის პრეფერენცირების დეკლარირების მიზანს გამოკვეთს.

ეკლესიის პრეფერენცირების მიზანზე მიანიშნებს კონსტიტუციური შეთანხმების პრეამბულის სულისკვეთებაც, განსაკუთრებით კი, სხვა რელიგიური ჯგუფების წვლილის იგნორირების ფონზე, სახელმწიფოს მითითება, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა მართლმადიდებლობამ ჩამოაყალიბა.

კონსტიტუციური შეთანხმების ანალიზის სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ