EMC-მ საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების გარანტირების მიზნით მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სოციალური უფლებების მკვლევრებთან  და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან თანამშრომლობით საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი შეიმუშავა. შეთავაზებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშია ინიცირებული. წარდგენილი პროექტის მიზანია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის დამკვიდრებისათვის საქართველოს კონსტიტუციაში სათანადო გარანტიების გათვალისწინება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ახლებურად გათვალისწინების საკითხს. პროექტით მოცული საკითხების ერთობლიობა გულისხმობს, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ქმედითობა დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური უფლებების ადეკვატურად გაწერის აუცილებლობასთან. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიისათვის წარდგენილი წინადადებები ფარავს შემდეგ საკითხებს:  სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შინაარსი,

საცხოვრებლის უფლება, შრომის უფლება, განათლების უფლება.

პროექტის მიხედვით სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან მიმართებით რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიყოფა: ერთი, პრინციპის გაშინაარსება – მასთან დაკავშირებული სტანდარტების კონსტიტუციაში გათვალისწინება; მეორე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში გაწერა.

საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს ღირსეული და სათანადო საცხოვრებლის კონსტიტუციურ სტანდარტს; ასევე მიუთითებს სახელმწიფოს პროგრესიულ ვალდებულებაზე გონივრული და ქმედითი პროგრამების შემუშავების გზით იზრუნოს საცხოვრებლის უფლებით სარგებლობაზე. საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონტექსტში სახელმწიფო  განსაკუთრებულ აქცენტს უნდა აკეთებდეს ბავშვებზე, ქალებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციალურ საჭიროებებზე.

შრომის უფლებასთან მიმართებით წარდგენილი შეთავაზება ამ უფლებით სარგებლობის წინაპირობებად ითვალისწინებს სამართლიანი ანაზღაურების, ღირსეული სამუშაო პირობების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის, დასვენებისა და გონივრული სამუშაო დროის განსაზღვრის, თანასწორი მოპყრობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის, ანაზღაურებადი შვებულების, სამუშაოსგან თვითნებური და დაუსაბუთებელი გათავისუფლების აკრძალვის პრინციპებს. უფლებით სარგებლობისათვის არსებით კომპონენტადაა გათვალისწინებული, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად დაინახოს საკუთარი როლი. აქედან გამომდინარე, პროექტით შეთავაზებულია სახელმწიფოს ვალდებულება, შრომის უფლების დაცვაზე ქმედით ზედამხედველობა წარმართოს; ამასთან ერთად პროექტი მოიცავს პროფესიული გაერთიანებების, როგორც უფლების დავის მექანიზმის, შექმნისა და მისით დამოუკიდებლად სარგებლობისათვის სახელმწიფოს ქმედითობის ვალდებულებას.

განათლების უფლებასთან დაკავშირებით პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებათა შესრულების პროგრესიულ ბუნებაზე, კერძოდ სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის განგრძობად ზრუნვაზე, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე.

შეთავაზებული პროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ამოღება, რომლებიც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებისა და არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

EMC საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველადი ვერსიის შემუშავებისთანავე, საზოგადოებას წარუდგენს კომისიის მიერ მომზადებული პროექტის შეფასებას სოციალური სახელმწიფოს პრინციპისა და სოციალური უფლებების კონსტიტუციის ტექსტში ასახვის საკითხებთან დაკავშირებით.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ.