EMC ეხმაურება პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენის ხარვეზიან პროცედურას

2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, მოსმენის დაწყებიდან მცირე დროში კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის თაობაზე. შედეგად, სუს-ის ანგარიშის განხილვის ძირითადი ნაწილი წარიმართა დახურულ რეჟიმში, საზოგადოების ჩართულობის გარეშე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დახურვის საფუძვლად სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე შესაძლო საუბარი მიუთითა. EMC უარყოფითად აფასებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის ხარვეზიან პროცედურას, დაინტერესებული ჯგუფებისთვის დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობის გამორიცხვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ უწყების  საქმიანობის მიმართ მაღალი ინტერესის არსებობს და საზოგადოებრივი კონტროლის სხვა ფორმატი შექმნილი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომიტეტების სხდომები საჯაროა და მათი დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. სხდომის დახურვისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს გარემოებები, რომელიც გადაწონის ღია და საჯარო სხდომის გამართვის მიმართ არსებულ ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტება, რომ ანგარიშის მოსმენისას შესაძლოა სუს-ის წარმომადგენლის მხრიდან გახმაურებულიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია პრობლემურია და ვერ ამართლებს სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას. ცხადია, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განხილვა შესაბამის ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს, იმ პირების მონაწილეობით, ვისაც აქვს დაშვება ასეთ ინფორმაციაზე. თუმცა, იმ პირობებში, როცა კომიტეტის მოსმენაზე დამსწრე ყველა პირს/ პარლამენტის წევრს არ გააჩნია სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება, გაუგებარია რა მიზანს ემსახურებოდა სხდომის დახურვა მხოლოდ გარეშე პირებისთვის.

აღნიშნულმა საკომიტეტო მოსმენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის სპეციალური, უფრო მოქნილი ფორმატის შემუშავების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცულობას, ისე სუს-ის რეალურ ანგარიშვალდებულებას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. ნათელია, რომ დღევანდელ პარლამენტში არსებული არც ერთი ფორმატი (მათ შორის, არც ნდობის ჯგუფი) არ ქმნის ზედამხედველობის ეფექტიან შესაძლებლობას.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხზე, ისე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასა და ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე ქვეყანაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილია რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის დანაშაულთა ფართო კატეგორიის გამოძიების კომპეტენციით, პრევენციული და იძულებითი ღონისძიების, აგრეთვე ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებებით. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური ინტერესი აღნიშნული სამსახურის საქმიანობის მიმართ და მოლოდინი იმისა, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობის მინიმალური ხარისხი მაინც. გასათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ ამჟამად სუს-ი გამოძიებას აწარმოებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, რომელზეც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ხელმისაწვდომი არ გამხდარა.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ საკომიტეტო მოსმენის დახურვა არ იყო გამიზნული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაცავად და ამასთან, ეს პროცესი პროცედურულადაც იყო ხარვეზიანი. პარლამენტის ამგვარმა გადაწყვეტილებამ რეალურად მხოლოდ სუს-ის საქმიანობის მიმართ არსებული ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე იქონია უარყოფითი გავლენა. პარლამენტმა ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობის ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რაც საჭიროა უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საზიანოა იმ ფონზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს დახურულ უწყებას, რომლის შესახებაც ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი არ არის და გართულებულია მისი საზოგადოებრივი კონტროლი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  • რეალურად განახორციელოს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რაც გულისხმობს ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას;
  • დაიცვას ღიაობის და გამჭვირვალობის ის მინიმალური სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს;
  • შეიმუშავოს საპარლამენტო კონტროლის სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სუს-ზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებას იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას;
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჩართულობა აღმასრულებელი უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისას.