კონსტიტუციური შეთანხმებით ეკლესიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური პრივილეგიები

კათოლიკოს პატრიარქის იმუნიტეტი

კონსტიტუციური შეთანხმების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „ხელშეუვალია“. მიახლოებულ სტატუსს საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის ითვალისწინებს.

შესაბამისად, კათოლიკოს-პატრიარქი დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტით სარგებლობს განუსაზღვრელი დროით, რაც არათუ არცერთი რელიგიური ჯგუფის ლიდერისთვის, არამედ არცერთი სხვა პირისათვის (მათ შორის პრეზიდენტისთვის) არ არის დაშვებული.

სახელმწიფოს მიერ ერთი რელიგიური ჯგუფის ლიდერის კანონზე მაღლა დაყენება და მისი უგამონაკლისო იმუნიტეტის აღიარება ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაუშვებელი გადაჯაჭვის შემთხვევას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ისეთ ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა, სახალხო სუვერენიტეტი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.

ჯვრისწერის აღიარება

შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თუმცა,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიერ ქორწინებასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულირება, არანაირ სპეციფიკურ წესს არ შეიცავს რელიგიური წესით შესრულებულ ქორწინებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კონსტიტუციური შეთანხმებით დადგენილ პრივილეგიას არ ავრცელებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე.

განათლების სფერო

ზოგადი განათლების საკითხებს კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლი ეხება. პირველი პუნქტის მიხედვით, „საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.“

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს, სკოლის ტერიტორიაზე ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას. თუმცა, ეკლესიისგან განსხვავებით, ამ საკითხის სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან დარეგულირების მიზნით, არ არის გაფორმებული რაიმე სახის შეთანხმება/მემორანდუმი.

შეთანხმების მე-5 მუხლის მეორე პუნქტი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივად აღიარებას ეხება.

ზოგადი განათლების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონები სპეციალურ რეგულირებას არ შეიცავს ეკლესიის ან სხვა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მიერ გაცემული ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების შესახებ, თუმცა სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ეკლესიისთვის ასეთი პრივილეგია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებულია და პირდაპირ მოქმედებს.

ამას ადასტურებს ისიც, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკლესიას შორის გაფორმებულია ერთობლივი კომისიის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აკადემიური ხარისხებისა და წოდებების ორმხრივად და გათანაბრებულად ურთიერთაღიარების პროცედურების შემუშავებასა და მათ სამართლებრივ უზრუნველყოფას.

გადასახადებისგან გათავისუფლება

კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია, მათი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე, არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისგან.

კონსტიტუციური შეთანხმებით, ეკლესიის მიმართ დადგენილი რეჟიმის მსგავსად, საგადასახადო კოდექსის თანახმად, არაეკონომიკური საქმიანობის მიზნით არსებული ორგანიზაციის, მათ შორის ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის, ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.თუმცა, კოდექსი მაინც გამოყოფს საქართველოს საპატრიარქოს. კანონმდებლობა შეღავათს (უპირატესობას) ანიჭებს დამატებით იმ სუბიექტებს, რომლებიც საპატრიარქოსათვის დაამზადებენ ზემოთხსენებულ ნივთებს. იგივე პრინციპით გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისგან.

ამასთან, ერთი შეხედვით ზოგადი მოქმედების, არადისკრიმინაციული საგადასახადო კოდექსის ნორმები, რომლის თანახმად  არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან, გამონაკლისს უშვებს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. კანონზე მაღლა მდგომი კონსტიტუციური შეთანხმება მხოლოდ ეკლესიას ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან.

ეკლესიის საკულტო ნაგებობები

კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. აღნიშნული დებულებით, სახელმწიფო ახორციელებს რესტიტუციის პოლიტიკას საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიისთვის ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების უძრავ ქონებასთან მიმართებით.

იმის გარდა, რომ რესტიტუციის პოლიტიკის ფარგლებში ეკლესიისთვის სხვა რელიგიური ორგანიზაციის ისტორიული საკულტო შენობა-ნაგებობის გადაცემაც ხდება, ზოგადად სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის საფუძველზე, საკუთრებაში სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არის შესაძლებელი.

ამდენად, შეთანხმების საფუძველზე, რესტიტუციის პოლიტიკის დისკრიმინაციულობა გამყარებულია ზოგადი კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმით, რომლის თანახმად, რესტიტუციის პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ ვერც განხორციელდება სრულად, კერძოდ, სახელწიფოს საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის ფორმით. შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არა მარტო მის ტერიტორიაზე, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის საკულტო-ნაგებობების და დამატებით, საეკლესიო ნივთების დაცვაზე, მოვლა-პატრონობასა და საკუთრებაზე. ქართული კანონმდებლობა ასეთ ვალდებულებას სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ არ ითვალისწინებს.

საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ნაწილობრივი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, რომ საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად, პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. 2014 წლამდე, სახელმწიფოს არცერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის მიმართ არ უკისრია მსგავსი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, 2014 წელს მიღებული დადგენილება კი მხოლოდ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციას შეეხო.

ლიცენზიები და ნებართვები

კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე; აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ნორმა ასახული არ არის შესაბამის კანონმდებლობაში, ის  სახელმწიფოს მხირდან ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. მაშინ, როდესაც ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია, მათ შორის ეკლესია, წარმოადგენს სამართალსუბიექტს და შეუძლია მისი ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვაზოგადი მოქმედების სამოქალაქო ნორმებზე დაყრდნობით.


წყარო: EMC-ის მომზადებული კვლევა რელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა.

კვლევა მომზადებულია პროექტის ,,ტოლერანტობის,რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.