EMC მიმართავს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს არ დაუჭირონ მხარი სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებას

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელსაც  საბოლოოდ უნდა ეყაროს კენჭი და მოუწოდებს კომისიას,  ერთი მხრივ, არ გააუარესოს კონსტიტუციაში არსებული უფლებრივი სტანდარტები და მეორე მხრივ, უზრუნველყოს სოციალური უფლებების ბაზისური დაცვის გარანტიების კონსტიტუციის ტექსტში გათვალისწინება.

მივესალმებით, იმ გაუმჯობესებებს, რომელსაც კონსტიტუციური კანონის პროექტი თანასწორობის შესახებ დებულებების გაძლიერებისა და  სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტების კუთხით მოიცავს. თუმცა, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტის არსებულ ვერსიაში იკითხება. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკონსტიტუციო კომისია დაუბრუნდეს მსჯელობას სოციალური უფლებების დამატებითი გარანტიების გაჩენასთან დაკავშირებით და ასახოს ისინი კონსტიტუციური კანონის საბოლოო პროექტში.

  1. ადამიანის უფლებათა დაცვითი გარანტიების გაუარესების დაუშვებლობა

EMC-ის მოსაზრებით, არსებულ უფლებრივ სტანდარტს აუარესებს პროექტის არსებული ვერსია, რომელიც საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხს არა ძირითადი უფლებების, არამედ ზოგადი დებულებების თავში მოიხსენიებს. დამატებით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ხსენებული საკითხების ზოგადი დებულებების ნაწილში გადატანა ზღუდავს მათი უფლების დამდგენი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას.

ანალოგიურად პრობლემურია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მდებარეობის შეცვლა. აღნიშნული ნორმის ფარგლებში კონსტიტუციით დაცული უფლებებია ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, რომლებზეც საქართველოს კონსტიტუცია არ მიუთითებს, თუმცა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, აღნიშნულ ნორმას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავში ითვალისწინებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსებული ვერსიით, იგი ინაცვლებს ზოგადი დებულებების თავში. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით დავა გამოირიცხება, რაც ცალსახად უფრო დაბალი სტანდარტია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას კონსტიტუციის არსებულმა შინაარსმა მოიცვას და დაიტიოს ის უფლებები, რომელიც პირდაპირ არ არის მოხსენიებული მის ტექსტში, რაც ვფიქრობთ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში 1996-2016 წლებში წარმოებული დავების ოფიციალური მონაცემებით, მოსარჩელეების მხრიდან 39-ე მუხლის გამოყენების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი, მისი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს. მითითებულ გაუარესებას ვფიქრობთ, გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით შესაძლოა მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის და ამ კუთხით სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით.

  1. სოციალურ უფლებათა დაცვის ბაზისური გარანტიების კონსტიტუციის ტექსტში გათვალისწინების აუცილებლობა

EMC-იმ ადამიანის უფლებების მკვლევარებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და კომისიას წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი, რომელიც მოიცავდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შინაარსს, ასევე შრომის, საცხოვრებლის, განათლების უფლებებს და  რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ასახული სოციალური სახელმწიფოს მუხლის წარმოდგენილ რედაქციაში.

EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კომისიამ მისი მუშაობის ფარგლებში აღიაროს და  სათანადოდ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს რეალობაში უკიდურესი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლისა თუ სოციალური დაცვის მყიფე გარანტიების კუთხით. ამასთან, სოციალური სამართლიანობისა და  თანასწორობის  მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ცხადად და პირდაპირ გათვალისწინება არსებითია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ კომისიას, რომ კიდევ ერთხელ იმსჯელოს და კონსტიტუციური კანონის პროექტში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

  • შრომის უფლების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობის ვალდებულების არსებობა – სამწუხაროა, რომ კომისიის სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული შეთანხმება  საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილ პროექტში აღარ არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შრომის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციის ტექსტით ცხადად გაიწეროს სახელმწიფოს ვალდებულება შრომის უფლების დაცვა უზრუნველყოს ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის არსებობის გზით.

 

  • შრომის უფლების სტანდარტების გაძლიერება – მნიშვნელოვანია კონსტიტუციის ტექსტში შრომის სამართლიანი ანაზღაურების, ღირსეული სამუშაო პირობების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის, დასვენებისა და გონივრული სამუშაო დროის განსაზღვრის, თანასწორი მოპყრობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის, ანაზღაურებადი შვებულების, სამუშაოსგან თვითნებური და დაუსაბუთებელი გათავისუფლების აკრძალვის პრინციპებების თაობაზე ცხადი ჩანაწერი გაჩნდეს;

 

  • საცხოვრებლის უფლების გარანტირება – საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციამ ღირსეული და სათანადო საცხოვრებლის სტანდარტი ადამიანის უფლებების ნაწილში გაითვალისწინოს; ასევე უნდა გაიწეროს სახელმწიფოს პროგრესიული ვალდებულება გონივრული და ქმედითი პროგრამების შემუშავების გზით იზრუნოს საცხოვრებლის უფლებით სარგებლობაზე. საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონტექსტში სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს უნდა აკეთებდეს ბავშვებზე, ქალებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციალურ საჭიროებებზე.

 

  • განათლების უფლების გაძლიერება – განათლების უფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებათა შესრულების პროგრესიულ ბუნებაზე, კერძოდ, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე და სტუდენტური საცხოვრებელთა სისტემის განვითარებაზე.

 

  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების რეფერენდუმის გზით შემოღების/გაზრდის შესახებ ჩანაწერის ამოღება – კომისიამ ამოიღოს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლებიც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებისა და არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

EMC მიმართავს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი სოციალური უფლებების დაცვითი სტანდარტების გაუარესებას და მეტიც, კონსტიტუციის ტექსტით გარანტირებული გახადონ ის ბაზისური სტანდარტები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების აღიარების გზით უზრუნველყოფს სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებას.