სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის დისკრიმინაციის საქმეზე EMC-ის განაცხადება დააკმაყოფილა

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ წარმოდგენილ განაცხადზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგებლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა,  პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს  საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, უწყებებმა  რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.

საქმეში განმცხადებლები (ჯ.ა, ნ.დ და მ.ნ) უთითებდნენ საზღვრის კვეთის დროს შექმნილ თვითნებურ ბარიერებზე, გაუმართლებელ და ხანგრძლივ დაყოვნებებზე, რელიგიური კუთვნილების საკითხებზე დაკითხვებსა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საპატრულო პოლიციამ განმცხადებლები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი საათის განმავლობაში დააყოვნა, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხა და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრა. აღსანიშნავია, რომ საპატრულო შემოწმების საგანი განმცხადებლების რელიგიური კუთვნილება და საქმიანობა მუსლიმად იდენტიფიცირების შემდგომ  გახდა. თავის მხრივ, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები  საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ.  საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა  სავიზო/საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ცალკეული გადაცდომების მიღმა სისტემური დისკრიმინაციული პრაქტიკების იდენტიფიცირება მოახდინა და შედეგად დაზარალებული სხვა პირებიც გამოკითხა. მათი გამოკითხვის დროს, მათ შორის გამოვლინდა ქალების ჩხრეკისა (მათ შორის, გაშიშვლების), დაჯარიმების თაობაზე უსაფუძვლო დაშინების, ისლამოფობიურ წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ენის გამოყენების შესაძლო ფაქტები.

განსახილველ საქმეში სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა მათი მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით მოხდა. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნებაყოფლობით გადაცემულ ნივთების ნუსხაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ლიტერატურაა და ისიც მხოლოდ ისლამის შესახე, მათ შორის, ყურანი. სახალხო დამცველის შეფასებით, რელიგიურ ლიტერატურაზე საკუთრების უფლების ნაბაყოფლობითი დათმობა, ძირითად შემთხვევებში საბაჟო-გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან მუსლიმების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არ არსებული ჯარიმების დაკისრების შიშით, ასევე პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის გზით მიიღწეოდა. სახალხო დამცელის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში განმცხადებლებსა და სხვა პირებს საკუთარი რეალური სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოქმედება, რაც, მათ შორის, რელიგიური იდენტობასთან დაკავშირებული პირადი გამოკითხვების გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლებით დაცულ შიდა სფეროში ჩარევად უნდა შეფასდეს.

რეკომენდაციის თანახმად, განმცხადებლები და სხვა პირები [მუსლიმები], […] მსგავს ვითარებაში იმყოფებოდნენ, კერძოდ რელიგიური ლიტერატურისა და ატრიბუტიკის შემოტანის შეზღუდვის მიზნით, ყველა მათგანის მიმართ გამოიყენეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა , საბაჟო გადასახადის გაზრდა, მუფტის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა. ამასთან სხვა პირებთან შედარებით, ყველა მათგანის მიმართ გამოყენეს შემოწმების ხანგრძლივი პერიოდი, რა დროსაც მათ უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს, გარეგნობის, წარსულისა და თურქეთში კავშირების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე.  

აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის დისკრიმინაციის პრობლემაზე სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია უკვე მეორე გადაწყვეტილებაა.[1] პირველი რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მუსლიმური პანსიონატის შენობის კანალიზაციის სისტემაზე დაერთებაზე დისკრიმინაციული უარის ფაქტს შეეხებოდა. აღნიშნულ საქმეზე საზღვრის კვეთის საქმის მსგავსად, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს ანტიისლამური წინასწარგანწყობების საპასუხოდ და გასაქარწყლებლად სპეციალური პოზიტიური საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

EMC მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და აღმოფხვრას საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვის პრაქტიკები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • რეკომენდაციის საფუძველზე უწყებების შესაბამისი თანამშრომლებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მომზდება და სისტემაში მათი ეფექტიანი დანერგვა;
  • გენერალური ინსპექციის სამსახურების ეფექტიანი ამუშავება დისკრიმინაციის მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირების, რეაგირებისა და შესაბამისი თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
  • რელიგიური თანასწორობის მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანმიმდევრული საჯარო კამპანიის ორგანიზება, რათა, მათ შორის, მუსლიმი თემისთვის შესამჩნევი გახდეს სახელმწიფო მიდგომების შეცვლა და თანასწორობის მიმართულებით მის მიერ გატარებული ძალისხმევის შედეგები.

EMC დააკვირდება შესაბამისი უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ამასთან ორგანიზაცია მომავალშიც შეისწავლის საზღვრის კვეთის დროს, მუსლიმი თემის დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებსა და პრაქტიკებს და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს გამოიყენებს მათ აღმოსაფხვრელად.


EMC იურიდიულ დახმარებას ახორციელებს პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

————————————————-

[1] 2016 წლის 19 სექტემბრის რეკომენდაცია შპს „ქობულეთის წყალს“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუსლიმური პანსიონის წყალანირების სისტემაზე მიერთების სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა კვლავ საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის არგუმენტით.