EMC Meydan.Tv-ს ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლაზე სავარაუდოდ დისკრიმინაციულ უარს ასაჩივრებს

EMC იცავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ჯამალ ალის ინტერესებს საქმეზე, რომელიც 2017 წლის 19 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით უარს უკავშირდება.

2017 წლის 19 აპრილს Meydan.Tv-ს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯამალ ალი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, თბილისში დაგეგმილი სამსახურეობრივ შეხვედრებზე დასასწრებად, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძველს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ წარმოადგენს, აღნიშნული საფუძველი კი, გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, რის გამოც, გადაწყვეტილების  ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია.

Meydan.Tv აზერბაიჯანულენოვანი ონლაინ მედია პლატფორმაა, რომელიც გერმანიაში დაფუძნდა. Meydan.Tv ალიევის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აქტიურად აშუქებს აზერბაიჯანში სახელისუფლებო კორუფციის საკითხებს, რის გამოც მითითებული მედია პლატფორმის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ჯამალ ალიც, საკუთარი საქმიანობის გამო, პოლიტიკური და განსხვავებული შეხედულების ნიშნით იდევნებიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ და აღნიშნულის გამო სხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება. Meydan TV ფარავს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს სამ ენაზე, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ჯამალ ალის საქართველოში ხშირად უწევდა სამსახურეობრივი და პირადი ვიზიტების განხორციელება, რის გამოც ის არაერთხელ ყოფილა საქართველოში და 2017 წლის 19 აპრილის ვიზიტამდე რაიმე პრობლემა  საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ შექმნია.

არსებობს დასაბუთებულ ვარაუდი, რომ საქართველოში ჯამალ ალის შემოშვებაზე უარი,  Meydan TV-ში მის ჟურნალისტურ საქმიანობას, უფრო ზუსტად კი, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, სოკარის მიმართ მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ სიუჟეტს უკავშირდება.  კერძოდ, MeydanTV-ს მიერ 2017 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა ჯამალ ალის მომზადებული სიუჟეტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, სოკარის განსხვავებული პოლიტიკის ჩვენება საქართველოსა და აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის სოფლებში და ბაქოსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ რაიონებში დიდ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილს ზამთარში გათბობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა, იმის ჩვენება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია სოკარი იმის ნაცვლად, რომ საკუთარი რესურსები აზერბაიჯანში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მიმართოს, საქართველოში არსებულ საკულტო ნაგებობების დიდ ნაწილს გაზით უფასოდ ამარაგებს. აღნიშნული სიუჟეტის შემდგომ, 2017 წლის 29 მარტს, თბილისში გარკვეულმა ადამიანებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა MeydanTV-სა და ჯამალ ალის საქმიანობის აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ მითითებული საპროტესტო აქციის შემდგომ, პირველივე ვიზიტის განხორციელებისთანავე, ჯამალ ალის საქართველომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაუსაბუთებული უარი უთხრა  შემოსვლაზე.

უარის დასაბუთების არარსებობის პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებაზე უარის თაობაზე, არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

აღნიშნული გადაწყვეტილება EMC-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი თვითნებური და დისკრიმინაციული შინაარსის გამო. EMC ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან ერთად,  ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებურ ჩარევას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ  EMC-ის კვლევის, რომელიც  აზერბაიჯანის არადემოკრატიული ხელისუფლების მიერ დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის შემზღუდავ სავარაუდოდ თვითნებურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას სწავლობს, პირველადი შედეგებით აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ოპოზიციური დამოკიდებულებით გამოირჩევიან (პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები), საქართველოს ხელისუფლება ხშირად უზღუდავს საქართველოში ცხოვრებისა და საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობებს[1], რასაც ის სხვადასხვა აბსტრაქტული და თვითნებური დასაბუთებით (ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესის მითითებით) ამართლებს. აღნიშნული პრაქტიკა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეზობელი არადემოკრატიული ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო, თვითნებურად და დისკრიმინაციულად უზღუდავს კრიტიკულად განწყობილ აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოში ცხოვრების, განვითარებისა და საქმიანობის შესაძელებლობას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ჯამალ ალის საქმეზე EMC გააგრძელებს სამართლებრივი დაცვის ყველა რელევანტური საშუალების გამოყენებით დავას.

ამასთან EMC უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს მისი კვლევის შედეგებს, რომელიც აზერბაიჯანის არადემოკრატიული ხელისუფლების მიერ დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის შემზღუდავ თვითნებურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას ავლენს.

———————————

[1] იხ. მედია პროდუქტები, ხელმისაწვდომია- http://netgazeti.ge/news/151153/http://netgazeti.ge/news/182241/  , http://www.radiotavisupleba.ge/a/uckhoelebis-statusi/27406804.html