ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულის გახშირებამ სახელმწიფო დააყენა მასთან ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი პრაქტიკაში გატარების კრიტიკული საჭიროების წინაშე. დისკრიმინაციულ დანაშაულთა წინააღმდეგ თანმიმდევრული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობამ, სახელმწიფოს უმოქმედობამ და ცალკეულ შემთხვევებში არაეფექტიანმა პოლიტიკამ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა არაპირდაპირ ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი.

დღეს არსებული მდგომარეობა მყისიერ რეაგირებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. მზარდი არატოლერანტული დამოკიდებულება უმცირესობათა, განსაკუთრებით კი, ლგბტ ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს აყენებს გამოწვევის წინაშე, რომ დროულად შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის სისტემური, ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, საპოლიციო და პროკურატურის დონეზე.

 

დღემდე ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ გახმაურებულ და არსებითად მძიმე შემთხვევებზეც კი, როცა ჰომო/ბი/ტრანსფობიის მოტივი აშკარა იყო, სახელმწიფოს საპასუხო რეაგირება არაადეკვატური იყო.მსგავსი შემთხვევები თვალსაჩინოს ხდის სამართალდამცავი სისტემისათვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე, აღკვეთაზე, დასჯასა და მსხვერპლთა რეპარაციაზე ფოკუსირებული დეტალიზებული ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის საჭიროებას.

წინამდებარე დოკუმენტი სწორედ ამგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნის წინაპირობაა, რაც არსებითად დაეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიებისა და პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტები და შიდა ინსტრუქციები. წინამდებარე დოკუმენტი მრავალდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით ცდილობს, შეიმუშაოს ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით განპირობებული დანაშაულების აღმოფხვრის ერთიანი მიდგომა. დოკუმენტი, ერთი მხრივ, შეიცავს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტების განმარტებებსა და ანალიზს, მათ შორის, ჰომოფობიური/ტრანსფობიური ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების მიმოხილვას, წინასწარგანწყობათა სისხლისსამართლებრივ დანაშაულებად გარდაქმნის წინაპირობებისა და დამნაშავეთა ტიპოლოგიის მიმოხილვას, ასევე მსგავსი დანაშაულების ხელშემწყობი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების განხილვას. მეორე მხრივ, ტექსტში დეტალურად არის გაწერილი დანაშაულის ჩადენის დროს სიძულვილის მოტივის ობიექტური და სუბიექტური იდენტიფიკატორები. ამასთან დოკუმენტი მიმოიხილავს მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფისა და მათთან მოპყრობის საკითხებს. ასევე დეტალურად აღწერს დანაშაულთა პრევენციის, მიმართვიანობის გაზრდის, თემთან კომუნიკაციის/ნდობის ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური მოწყობის შესახებ (სპეციალიზებული დანაყოფი/უწყება) სხვადასხვა სახელმწიფოს საუკეთესო გამოცდილებებს და შეიმუშავებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს თითოეულ აქტივობასთან მიმართებით.

ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ, „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ (RFSU) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადვოკატირების ხელშეწყობის გზით.“

კვლევა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ