როგორ მუშაობს შრომის ინსპექტირების ორგანო სხვადასხვა ქვეყანაში

 

EMC-იმ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შრომის ინსპექტირების სისტემის მანდატისა და საქმიანობის სამართლებრივი, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული საფუძვლების თვალსაზრისით. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის მიზანს არ წარმოადგენდა ამ მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, არამედ, ამ ნაწილში კვლევის მიზანს წარმოადგენდა, აღეწერა და ეჩვენებინა შრომის ინსპექტირების მექანიზმის არსებობისა და მისი კონკრეტული მახასიათებლებით ფუნქციონირების გამოცდილება, განსხვავებული ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის მქონე სახელმწიფოებში.

ამ მიზნით საკვლევ ობიექტებად განისაზღვრა, როგორც ე.წ. განვითარებადი, ისე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები და იქ ჩამოყალიბებული შრომის ინსპექტირების მექანიზმები. განვითარებადი ეკონომიკის მაგალითად კვლევამ შეარჩია პოსტსაბჭოთა ახალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ყაზახეთი. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან (მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე $12,476 გაანგარიშებით და ზევით) ერთ-ერთია დიდი ბრიტანეთი, როგორც ძლიერი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. განვითარებულ ეკონომიკებს შორის შეირჩა ასევე ყოფილი სოციალისტური ბლოკის წევრი ქვეყანა ცენტრალური ევროპიდან – პოლონეთი. დამატებით საკვლევ ობიექტად კი – განვითარებული, თუმცა ევროკავშირში ეკონომიკური მაჩვენებლებით ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიბერალური დემოკრატია, საბერძნეთის სახით.

შრომის ინსპექტირების მექანიზმის შესამოწმებელი დარგები და სფეროები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი

ILO-ს მიხედვით შრომის ინსპექციის უმთავრეს მანდატს წარმოადგენს შრომის პირობებისა და დასაქმებულთა დაცვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ზედამხედველობა. შრომით პირობებში ILO გულისხმობს სამუშაო საათებს, ანაზღაურებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სოციალურ კეთილდღეობას, ბავშვების/ახალგაზრდობის დასაქმებას და შრომის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით შრომის ინსპექციის მანდატში შედის ორგანოს უფლებამოსილება შეამოწმოს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებში მოქმედი შრომის ინსპექტირების ორგანოების მანდატს უპირობოდ წარმოადგენს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, თუმცა მათი მანდატი ამ საკითხებით არ ამოიწურება და შრომითი უფლებების დაცვის ფართო სპექტრზე ვრცელდება, კერძოდ:

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება

  • საბერძნეთში მოქმედი შრომის ინსპექციის მოდელი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. გარდა ამისა, ინსპექციას ექვემდებარება დასაქმებულთა სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების კანონიერებისა და შრომის კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი.
  • ყაზახეთში შრომის ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენს კანონმდებლობით შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული ნებისმიერი პირობის შესრულების კონტროლი.
  • პოლონეთში შრომის ინსპექციის საზედამხედველო ფუნქციებში შედის დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე არსებული რეგულაციები და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხები, სამუშაო დრო, შვებულებები, მშობლის სტატუსთან დაკავშირებული დასაქმებულთა შრომის პირობები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ახალგაზრდების დასაქმების საკითხები.
  • დიდ ბრიტანეთში შრომის ინსპექტირების სისტემას ქმნის სხვადასხვა უწყების ერთობლიობა, სადაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო მიმართულია უშუალოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა, ასევე, არსებობს სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება დასაქმების სააგენტოების საქმიანობის შემოწმება და ამ მხრივ ინდუსტრიულ სექტორში მოქმედი სააგენტოებისა თუ დამსაქმებლების საქმიანობის დამორჩილება შრომით უფლებებთან. ასევე, ექსპლუატაციის, სამუშაო დროის რეგულირებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობის დაცვის კონტროლი.

სამუშაო ადგილზე დაშვება ნებართვის გარეშე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი

შრომის ინსპექციის სფეროში არსებული ILO-ს ძირითადი კონვენციები ითვალისწინებს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და დამსაქმებელი პირის/საწარმოს თანხმობის გარეშე შევიდეს და შეამოწმოს კონკრეტული დასაქმების ადგილი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მოქმედებისთვის საჭირო თავისუფლებითა და იმ პირობით, რომ არ მოხდება ჩარევა შრომის პროცესში იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ეფექტიანი ინსპექტირებისათვის.


სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება

შრომის ინსპექციებს, როგორც წესი, თავისუფალი წვდომა აქვთ საწარმოებზე. ყველა საკვლევი ქვეყნის შემთხვევაში შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან საზედამხედველო ფუნქცია განახორციელონ როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებების გზით.

  • ყაზახეთში შრომის ინსპექტორთა ვიზიტები არის როგორც გეგმური, ისე არაგეგმური ხასიათის, რაც ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა საჩივრების საფუძველზე. თუმცა ყაზახეთის კანონმდებლობა არ უშვებს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე შრომის ინსპექციის ვიზიტის შესაძლებლობას, ასევე შრომის ინსპექციის უფლებას, პირადი ინიციატივის საფუძველზე შეამოწმოს კონკრეტული საწარმო.
  • დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში შრომის ინსპექცია მუშაობს ყოველწლიური გეგმის მიხედვით, რომელიც დადგენილია შესაბამისი კონსულტაციების შედეგად. შრომის ინსპექცია თავის ფუნქციებს უპირველესად ახორციელებს პროაქტიული ინსპექტირების, ისევე როგორც შემთხვევებსა და საჩივრებზე რეაგირების საშუალებით.
  • საბერძნეთსა და პოლონეთში ინსპექტორებს დასაქმების ადგილებზე წვდომა აქვთ დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და არ არიან შეზღუდულნი ვადებში.

შრომის საზედამხედველო ორგანოს რეაგირების მექანიზმები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი

ILO-ს სტანდარტი ითვალისწინებს  კანონმდებლობის მოთხოვნათა დამრღვევის, აგრეთვე, ინსპექტორებისათვის წინააღმდეგობის გამწევი პირების მიმართ ადეკვატურ სანქციას, რაც იმავდროულად იქნება ეფექტიანად აღსრულებადი.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შრომის ინსპექციის მოდელების კვლევის საფუძველზე, ILO გამოყოფს რამდენიმე სახის სანქციას, რაც კლასიკურად სანქცირების აღიარებულ ფორმებს წარმოადგენს და ემსახურება როგორც პრევენციულ, ასევე რეაგირებით მიზნებს. მათ შორის იგულისხმება: გაფრთხილება, შენიშვნა სხვადასხვა სახის დარღვევათა აღმოფხვრის თაობაზე, ფულადი ჯარიმა, დაწესებულების საქმიანობის შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება, დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტა, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი სანქციები.

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მოდელის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა მათგანს აქვს როგორც პრევენციული, ისე რეაგირებითი მიზნები. ზედამხედველობისას, თითოეული საკვლევი ქვეყნის კანონმდებლობა ინსპექციას ანიჭებს დარღვევების შემთხვევაში სანქცირების უფლებამოსილებას, რომელსაც პრევენციული და რეაგირებითი მიზანი აქვს.

  • დიდი ბრიტანეთის შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, დარღვევების გამოსწორების შესახებ შეატყობინოს, ამავდროულად, დარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვროს შესაბამისი ვადა, რომლის დაუცველობა, თავის მხრივ, შედარებით მკაცრი სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ, გამოსცენ ამკრძალავი ხასიათის აქტები იმგვარ ქმედებათა შეწყვეტის მიზნით, რომელსაც კონკრეტული საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.
  • საბერძნეთში კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორები დამრღვევს განუსაზღვრავენ 5-დღიან ვადას, რათა წარუდგინოს დოკუმენტები, სადაც დაასაბუთებს თავის პოზიციას არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით. თუკი დასაბუთებას ინსპექტორები არადამაჯერებლად მიიჩნევენ, უფლება აქვთ, დამრღვევის მიმართ გამოიყენონ კონკრეტული სანქცია, მათ შორის, დააკისრონ ჯარიმა, 500-დან 50 000 ევრომდე ოდენობით, რაც დამოკიდებულია დარღვევის სერიოზულობასა და საწარმოს სიდიდეზე. თავად კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ჯარიმის ზუსტ რაოდენობას, რის გამოც სწორედ ინსპექტორები წყვეტენ აღნიშნულ საკითხს, მათ ზემდგომთან შეთანხმების საფუძველზე.
  • ყაზახეთში შრომის ინსპექცია უფლებამოსილია: დააკისროს ადმინისტრაციული სანქცია დამსაქმებელს, აგრეთვე, შეაჩეროს დასაქმების ადგილას სამუშაო პროცესი, აკრძალოს პერსონალის დაცვისთვის არსებული გამოუსადეგარი საშუალებები, შეაჩეროს დასაქმებულები, რომლებიც არ ემორჩილებიან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და ამასთან მიმართოს სამართალდამცავ თუ სასამართლო ორგანოებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.
  • პოლონეთში შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან, დამსაქმებელს განუსაზღვრონ კონკრეტული ვადა აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, აგრეთვე, გამოსცენ ბრძანებები სამუშაოების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ასევე, იმ დანადგარების მუშაობის შეჩერების შესახებ, რომლებიც დასაქმებულთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ამასთანავე, მათ აქვთ დასაქმების ადგილებზე შემთხვევების გამოძიების, ისევე როგორც დარღვევებზე ჯარიმების გამოწერის უფლებამოსილება.

 

►მოცემული დოკუმენტი ეყრდნობა EMC-ის მომზადებულ კვლევას: შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში

შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა