EMC-ის შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მერიის უართან დაკავშირებით

                                                                ფოტო: DFwatch.net

EMC ეხმიანება ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის უარს და მიაჩნია, რომ მერის გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელია და დისკრიმინაციის თაობაზე ვარაუდს ქმნის.

ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან ითხოვდა მიწის ნაკვეთის გადაცემას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის. ბათუმში მდებარე ორთა ჯამე, არასაკმარისი სივრცის გამო, ყველა მლოცველს არ იტევს, რის გამოც ასობით მუსლიმ მლოცველს ლოცვის კითხვა ღია ცის ქვეშ, ქუჩაში არასათანადო პირობებში უწევს. 2016 წელს მუსლიმი თემის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფომ უარი განაცხადა მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო, ყოველგვარი დასაბუთებისა და საჯარო ინტერესით დასაბუთების გარეშე, აჭარაში დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას გადასცემს საპატრიარქოს, მუსლიმი თემის მიმართ გამოხატული უარი დისკრიმინაციულად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ქონების გადაცემაზე უარის მიღმა, სახელმწიფო სხვადასხვა მოლაპარაკებების გზით ცდილობდა შეეფერხებინა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი, მათ შორის, სხვადასხვა დროს ორთა ჯამეს გაფართოების შესახებ გაკეთებული შეთავაზებები, რომელიც არა ერთი კერძო მესაკუთრის  ინტერესთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების მაღალ რისკებს შეიცავდა, ახალი მეჩეთის ალტერნატივად სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის მედრესესა და რეზიდენციისთვის უძრავი ქონების გადაცემა, სხვადასხვა ინსტრუმენტით (მათ შორის, პირდაპირი დაფინანსების გზით) სამუფტო სამმართველოზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობები. სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის ფონზე, მუსლიმმა თემმა 2016 წელს წამოიწყო თვითორგანიზებული პროცესი მეჩეთის მშენებლობისთვის. კერძოდ, ადგილობრივმა მუსლიმებმა დააფუძნეს ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და ქალაქში კერძო პირისგან განვადებით შეიძინეს მიწის ნაკვეთი, რომლის საფასურსაც ისინი ამ დრომდე იხდიან. ფონდმა ასევე მოამზადა მეჩეთის  არქიტექტურული პროექტი.

ბათუმის მერის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი შეფასება

ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა 2017 წლის 8 თებერვალს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართეს. 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმამ გიორგი ერმაკოვმა ფონდს მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე) უარი განუცხადა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში, რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.[1] მერი საკუთარ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „აღნიშნული კვარტლის უკვე მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის – საცხოვრებელი სახლების მშენებლობით”.

აღსანიშნავია, რომ თავად ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი რეგულაციების თანახმად, საცხოვრებელ ზონა 6-ში, საცხოვრებელი სახლების გარდა, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობა, რომლისთვისაც აუცილებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისგან.[2]

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ხდება იმ ფუნქციური დანიშნულებით, რომლისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების წესებისა და უფლებრივი ზონირების რუკების შესაბამისად, აუცილებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება.[3]  სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, დასახლებათა  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე ღებულობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.[4]  მერის ბრძანების თანახმად, სწორედ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება საპროექტო მიწის ნაკვეთზე სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე არ გააჩნია სავალდებულო ძალა და მერია უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს კომისიის მიერ გაკეთებული წარდგინება.[5]

ბათუმის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხების გაცემა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის (#50) დადგენილების შესაბამისად, სპეციალური (ზონალური)  შეთანხმება  შესაძლებელია, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.[6]

ამდენად, ბათუმის მერიას გადაწყვეტილება, სწორედ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით ყველა შესაძლო გადაწყვეტილებიდან უნდა მიეღო საუკეთესო გადაწყვეტილება. მერიას უნდა შეეფასებინა თუ რა სახის ინტერესი დგას თითოეული გადაწყვეტილების უკან და რომელი ინტერესის დაცვა არის სახელმწიფოსთვის უფრო ღირებული.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მეჩეთი მდებარეობს და ეს სივრცე მუსლიმი მრევლის რაოდენობის გათვალისწინებით არასაკმარისია ლოცვისა და სხვა რელიგიური რიტუალების განსახორციელებლად, რის გამოც ასობით მუსლიმებს წლების განმავლობაში რეგულარულად ღია ცის ქვეშ უწევს ლოცვა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა არსებითად უკავშირდება მუსლიმი თემის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას.  ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს რამდენიმე ათეულობით ათასი მუსლიმი ითხოვს და ის მათი რელიგიური თავისუფლების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. რელიგიის თავისუფლებით დაცულ ინტერესს, კი ქ. ბათუმის მერია მხოლოდ ქალაქთმშენებლობით ინტერესებს უპირისპირებს, რომელიც არ არის გამყარებული კონკრეტული დასაბუთებით. ამდენად, სრულად დაუსაბუთებელია, თუ კონკრეტულად როგორ ასაბუთებს მერია ამ სივრცეში ქალაქგანვითარების ინტერესთან მეჩეთის მშენებლობის ინტერესის შეუსაბამობის საკითხს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბათუმის განაშენიანების წესების თანახმად საცხოვრებელი ზონა 6 არ წარმოადგენს ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლებისთვის განკუთვნილ სივრცეს და აღნიშნულ ზონაში დასაშვებია სხვა სახის საზოგადოებრივი დანიშნულების  ნაგებობის, მათ შორის, ‘საეკლესიო ობიექტების’ (რომელიც აქ ფართეთ რელიგიურ-საკულტო ნაგებობების მნიშვნელობით უნდა განიმარტოს)  მშენებლობა როგორც სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ასევე მის გარეშე. მეტიც, ქალაქგანვითარების ინტერესის დასაბუთების შემთხვევაში, მერიას ასევე აუცილებლად უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არის ქალაქგანვითარების ინტერესი უფრო აღმატებული საჯარო ინტერესი, ვიდრე ასეულობით მუსლიმი პირის რელიგიის თავისუფლების განხორციელება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, [7] რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამასთან ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული, მათ შორის, საცხორებელი კორპუსების სიახლოვეს, განსახილველი გადაწყვეტილების შეფასების დროს მნიშვნელოვანია შემოწმდეს შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი, მით უფრო, თუ მხედველობაში მივიღებთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის ირგვლივ შექმნილ ზოგად დისკრიმინაციულ პოლიტიკურ კონტექსტს.

EMC გააგრძელებს ბათუმის მერის აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალურ შეფასებას, მათ შორის, დისკრიმინაციის ნაწილში და მომავალში საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს საქმეზე. მათ შორის, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, EMC ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს სასამართლოში.

EMC სოლიდარობას უცხადებს მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესში და ზოგადად საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში და მისი მანდატის გათვალისწინებით, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს მუსლიმი თემის უფლებების სათანადო რეალიზების ხელშეწყობისთვის.    

►ბათუმის მერიის გადაწყვეტილებ

 

———————————————–

[1] საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59-ე დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ მე-12 მუხლის მე-12 პუნქტი „ა“ ქვეპუნქტი.
[2] 2012 წლის 14 სექტემბრის ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ მე-5 მუხლის 6.3 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი;
[3] „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ მე-2 მუხლის „ღ“ და „შ“ პუნქტები.
[4] 2012 წლის 14 სექტემბრის ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი.
[5] იქვე.
[6] იქვე, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი;
[7] ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი.