ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ეხმიანება სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები ეხმიანებიან სასამართლო ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნიათ, რომ ის უარყოფითი ტენდენციები, რაც სასამართლო სისტემაში გამოიკვეთა, განსაკუთრებულად დამაზიანებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება.  

წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ წარმოებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ადრესატი სწორედ ნარკოტიკის მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ათიათასობით ნარკოტიკის მომხმარებლის და მათი ოჯახების უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის პირობებში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მკაცრი პოლიტიკა და კანონმდებლობა პრაქტიკაში კიდევ უფრო მძიმე ფორმებით ხორციელდებოდა როგორც სამართალდამცავი უწყებების აქტიური მონაწილეობით, ხშირ შემთხვევაში ასევე სასამართლო ხელისუფლების და ცალკეული მოსამართლეების პასიური როლის წყალობით. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ვერ ასრულებდა რეალური მაკონტროლებლის ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფდა ფუნდამენტური უფლებების განუხრელ დაცვას.

თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სასამართლო ხელისუფლებაში იმ კადრების დაბრუნებამ და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნამ, რომლებიც გასულ წლებში ასოცირდებოდნენ მართლმსაჯულების ხარვეზიანობასთან და უსამართლო გადაწყვეტილებებთან და რომელთა პროფესიული რეპუტაციაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათი ნაწილი არ მიმართავდა ყველა ზომას იმისთვის, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ უსამართლო და არაპროპორციული სანქციების გამოყენება აერიდებინა თავიდან. მათ შორის, არც ერთ მათგანს წლების განმავლობაში არ გამოყენებია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ პროცესების ამგვარი განვითარება სასამართლო სისტემაში ერთგვარად წახალისებული და დაშვებულია. ამას მიანიშნებს ისიც, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გადადგმულა სათანადო ნაბიჯები, რომლებიც რეალურად უპასუხებდა ქვეყნისა და სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობას შეუქმნიდა მოქალაქეებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ სასამართლო ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე იმ პირთა გადანიშვნას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გატარებაში. აღნიშნული პროცესი გვაფიქრებინებს, რომ სახელისუფლებო შტოები არ აპირებენ სასამართლო სისტემის სრულფასოვანი რეფორმის გატარებას და დამოუკიდებელი სასამართლო კორპუსის ჩამოყალიბებას, რისი ბუნებრივი შედეგიც იქნებოდა დაბალანსებული, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის მართლმსაჯულების განხორციელება.