სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2017 წლის 12 იანვრის განცხადების საფუძველზე, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.[1]

განმცხადებელი თ.მ., რომლის ინტერესებს სახალხო დამცველის წინაშე EMC წარმოადგენდა, მიიჩნევდა რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით არსებული რეგულაცია მას დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა ერთი მხრივ, სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან (სურვილი აქვთ დასაქმდნენ) კერძო სექტორში და მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებულ (დასაქმების მსურველ) სოციალური პაკეტის მიმღებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შედარებით, რომელთაც კანონმდებლობა არ უზღუდავს სოციალური პაკეტის მიღების უფლებას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს, დადგენილი სტატუსიდან გამომდინარე  გააჩნია განსაკუთრებული საჭიროებები, შესაბამისად მათი ინტერესი მიიღონ კანონით გათვალისწინებული  სოციალური პაკეტი არ უნდა იყოს დასაქმების სექტორზე დამოკიდებული.

სახალხო დამცველმა გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიმართ საქართველოს მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას დასაქმების სფეროს ნიშნით. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ერთნაირი შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი – არის თანაბარი. მთავრობის დადგენილების მოქმედების პირობებში განმცხადებელს ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, რაც უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს. 

სახალხო დამცველმა დაადგინა პირდაპირი დისკრიმინაცია დასაქმების სფეროს ნიშნით და  რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას,  საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვებთან თანაბრად უზრუნველყოს სოციალური პაკეტით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს სახალხო დამცველი რეკომენდაცია და წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს განხილვის შედეგები.

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის აღსრულებისათვის და ეფექტიანად აღმოფხვრას საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციული მიდგომები.

[1] http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4495.pdf