არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურად ვაფასებთ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ორი მოსმენით განხილვა და მიღება მოხდეს 2017 წლის ივნისის თვეში.

საპარლამენტო განხილვები არის პრაქტიკულად ბოლო და დასკვნითი ეტაპი ცვლილებების სრულფასოვნად გააზრების, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვისა და ქვეყნის უზენაეს კანონზე მაქსიმალურად ფართო კონსენსუსის მიღწევის კუთხით. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროქტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში არ წარიმართოს არაგონივრულად მცირე ვადაში. მით უფრო, რომ არ არსებობს ამის სამართლებრივი აუცილებლობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობა შემდეგი მიზეზების გამო:

  • საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. აღნიშნული ნორმის ერთადერთ მიზანს საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის ერთთვიანი ვადის კონსტიტუციით გარანტირება წარმოადგენს, რა დროსაც პარლამენტს ეკრძალება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის განხილვა. საკანონმდებლო ორგანოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გონივრულ ვადებში დაგეგმოს შემდგომი საპარლამენტო განხილვები და არ ეკისრება ვალდებულება, აღნიშული პროცესი ერთთვიანი ვადის დასრულებისთანავე დაიწყოს.
  • კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.

პირველი და მეორე მოსმენით განხილვა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს, რა დროსაც ხდება ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე და კონკრეტულ მუხლობრივ ფორმულირებებზე შეჯერება (მესამე მოსმენის ეტაპზე კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი აღარ არის). ივნისის თვეში, მით უფრო, ბოლო ორ კვირაში, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მოესწროს ორივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჯეროვანი განხილვა, განსხვავებული პოზიციების შეჯერება, ვენეციის კომისიის მოსაზრებების გააზრება და გათვალისწინება. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მიმდინარე სესიაზე კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვა არ დაიწყოს. საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო, როგორც პარლამენტს, ასევე ფართო საზოგადოებას, შესაძლებლობას მისცემს, სათანადოდ მოემზადოს აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესისთვის.

ამასთან, საპარლამენტო განხილვებისთვის გონივრული დროის გამოყოფა უმნიშვნელოვანესია ასევე შემდეგი გარემოებების გამო:

  • კონსტიტუციის გადასინჯვის პირველი ორი ეტაპი – საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და საყოველთაო-სახალხო განხილვა, ფორსირებულად და გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. კანონპროექტის მომზადების მიზნით კომისიისთვის განსაზღვრული იყო შემჭიდროებული ოთხთვიანი ვადა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა მთელ რიგ საკითხებზე კომისიის ფარგლებში დეტალური მსჯელობის შესაძლებლობას.
  • ამ დრომდე ორგანიზებული განხილვების მიუხედავად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებზეც შესაბამის აქტორებს შორის არსებობს ნულოვანი კონსენსუსი – ასეთია საარჩევნო სისტემა. შემოთავაზებული მოდელი მისაღებია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის – მმართველი პარტიისთვის; როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ერთხმად ეწინააღმდეგებიან ე.წ. „ბონუსის სისტემის“ შემოღებას, რაც ცალსახად უთანასწორო პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და, ამრიგად, არსებითად უსამართლოა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნული აქტორი ცალსახად მხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე). საყურადღებოა ასევე, რომ იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი აზრი მკეთრად უარყოფითადაა განწყობილი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლასთან მიმართებაში, აღნიშნული ცვლილების განხორციელება იგეგმება და, ამასთან, დღემდე შეუძლებელია მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული კომპრომისის – პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლის 2023 წლისთვის გადადების – მყარად დადასტურება; ეს თემა კვლავაც ხდება არასათანადო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი.
  • ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან ზედა ზღვრის გაზრდა რეფერენდუმის გზით, მიწის გასხვისების საკითხი, და სხვ. ამ თემების გამო საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზება როგორც სამუშაო ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებმა, ასევე საყოველთაო სახალხო განხილვებმაც გამოავლინა. შესაბამისად, აუცილებელია ფართო კონსენსუსის მიღწევა, ნაცვლად კანონპროექტის ფორსირებულ რეჟიმში მიღებისა.
  • ხელისუფლების მიერ პროცესის დასაწყისშივე გამოცხადებული იყო, რომ კონსტიტუციაში არ განხორციელდება ცვლილებები, რომლებიც შესაბამისობაში არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ვენციის კომისია დასკვნას 16 ივნისს გამოაქვეყნებს. შესაბამისად, ივნისის თვეში ორი მოსმენის გამართვა გაუმართლებლად შეზღუდავს ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების სრულყოფილად გააზრების და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში სრულყოფილად ასახვის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად იკვეთება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე კონსენსუსის მიღწევაზე ორიენტირებული პროცესის გაგრძელების და საპარლამენტო ფორმატში ჯეროვანი მუშაობის აუცილებლობა, რაც ვერ მოესწრება ივნისში და რისთვისაც მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა.  აღსანიშნავია, რომ კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელობაზე ახლახან არაერთი განცხადება გააკეთეს ასევე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ივნისის თვეში და აღნიშნული პროცესი დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი