ხარვეზები ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის პროცესში (2017 წლის გახმაურებული საქმეების ანალიზის შედეგები)

წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ მიერ მომზადებული 2017 წლის ,გახმაურებული, სამი სისხლის სამართლის საქმის (შოთა პაკელიანი, დავით ხარშილაძე, მიხეილ თათარიშვილი)  სამართლებრივი ანალიზის შედეგები.  სამივე საქმე შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.

კვლევის მიზანს ხსენებულ საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში, მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა წარმოადგენდა.

საქმეთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

  • სამივე საქმის გამოძიება დაწყებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება;
  • სამივე საქმეში ბრალდებულების ჩხრეკა ჩატარებულია ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან არაგონივრულად მცირე დროში (მაგალითად, შ. პაკელიანის ჩხრეკა ჩატარდა ინფორმაციის მიღებიდან 10 წუთში);
  • სამივე საქმეში ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე. მოგვიანებით კი, ჩხრეკის დაკანონებისას სასამართლოს არ უმსჯელია ჩხრეკისთვის საჭირო მტკიცებულებათა სტანდარტის არსებობაზე;
  • პაკელიანის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რაც მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს;
  • არც ერთ შესწავლილ საქმეში გამოძიებას დადგენილი არ აქვს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დრო და ვითარება;
  • პაკელიანის საქმეში ჩატარებული არ არის მთავარი მტკიცებულების, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც ამ ნივთიერებასთან პაკელიანის შემხებლობას დაადასტურებდა;
  • პაკელიანის ჩხრეკის ოქმის მონაცემები, მათ შორის, ჩხრეკის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობრივია;
  • წინააღმდეგობრივია ასევე მ. თათარაშვილის დაკავების ადგილის შესახებ საქმეში არსებული მონაცემები;
  • დ.ხარშილაძის საქმეში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას საპროცესო ვადები დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან;
  • პაკელიანისა და ხარშილაძის საქმეში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება.

ხსენებული საქმეების ანალიზმა გამოავლინა მათთვის საერთო სამართლებრივი პრობლემები და ხელწერა, ასევე მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევები, რაც ქმნის უნდობლობის საფუძველს ამ საქმეებში გამოძიების ობიექტურად და კანონიერად განხორციელებასთან დაკავშირებით. EMC აგრძელებს მიმდინარე საქმეების განხილვაზე დაკვირვებას.

დოკუმენტი შეგიძლიათ გადმოწეროთ მითითებულ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ