ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მიესალმება ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურება პარლამენტის წევრების მიერ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და გამოხატავს მხარდაჭერას ამ პროცესის მიმართ. პლატფორმა დადებითად აფასებს კანონპროექტზე მუშაობის წინარე პროცესს, რომელიც წარიმართა პლატფორმისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების, აგრეთვე პარლამენტის სხვა წევრების აქტიური თანამონაწილეობით.

თანამშრომლობის ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელიც არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. კანონპროექტი ეხმიანება სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერების საჭიროებას, ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დანერგვის საკითხს, ასევე აქცენტს აკეთებს უფლებების შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევაზე. პლატფორმის შეფასებით, რეფორმის მიმართ სწორედ ასეთი დაბალანსებული და გონივრული მიდგომა უნდა გახდეს პარლამენტსა და საზოგადოებაში კანონპროექტის მხარდაჭერის საფუძველი.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში წარმოებული ნარკოპოლიტიკა სრულად ორიენტირდებოდა ადამიანების დასჯასა და იზოლაციაზე, რამაც საბოლოო ჯამში უკიდურესად დააზიანა ათეულ-ათასობით მოქალაქის და მათი ოჯახის წევრის სოციალურ-ეკონომიკური პირობები და დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნარკოპოლიტიკა აქცია ადამიანებთან ბრძოლის და ტოტალური საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტად. აღნიშნული პოლიტიკა განსხვავებული ინტენსივობით, თუმცა დღესაც მოქმედებს და კვლავაც არაერთ მსხვერპლს ქმნის დემურ სტურუას, ლევან აბზიანიძის და სხვათა სახით. ჯერ კიდევ ათასობით პატიმარი სრულიად უსამართლო და არაპროპორციულ სასჯელს იხდის პირადი მოხმარების მიზნით უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის გამო. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოლოდინში არიან.

გათვალისწინებელია, რომ მრავალწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად ქვეყანაში პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია, „ნარკო სცენაზე“  კი მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც უფრო მაღალი რისკებით ხასიათდება, ასევე არაეფექტურია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისები.  ეს კი მიანიშნებს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა მიზანს ვერ აღწევს და შესაცვლელია.

ამ ვითარებაში ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან იქნება ჰუმანური აქტი და ნაბიჯი სამართლიანი საკანონმდებლო გარემოს შესაქმნელად ქვყანაში. პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი სრულყოფილი სახით იქნება გაზიარებული პარლამენტის მხრიდან და მიღების პროცესში არ მოხდება მისი რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაზე უარის თქმა. პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას გააგძრელოს ამ პროცესის მხარაჭერა და მუშაობა არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებისთვის.