EMC მოუწოდებს მთავარ პროკურორს დაინტერესდეს პოლიციაში ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით

 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესების თაობაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მჭედლიშვილს, რის შედეგაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. EMC იცავს ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში დაკითხული მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, მისი ცემის დასრულების შემდეგ ის მოათავსეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მისი ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გათავისუფლდა დაკავებიდან და მას ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლოს მიერ დაეკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რენტგენით მისი გამოკვლევის შემდეგ მას სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. მჭედლიშვილმა გამოძიებას 2017 წლის 23 მაისს წარუდგინა აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა მის დაზიანებებთან დაკავშირებით.

უნდა აღნიშნოს, რომ გამოძიების ფარგლებში ვლადიმერ მჭედლიშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით კახეთის საოლქო პროკურატურისთვის ორჯერ იქნა მიმართული, რასაც საგამოძიებო ორგანომ კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლების არსებობის მიუხედავად უარით უპასუხა, გადაწყვეტილება მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ კი არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო. ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია ასევე განსაზღვრავს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას და ამასთან, მიანიშნებს გამოძიების ობიექტურად წარმართვის ნების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის მიერ პოლიციის შენობაში დაკავებული მოქალაქის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე  გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად – მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ხარვეზები და დარღვევები ეჭვებს აჩენს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობის შეცვლის საკითხიც. აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მიმართავს მთავარ პროკურორს და მოუწოდებს პროაქტიულად განახორციელოს მჭედლიშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების და ასევე მიმართვის ტექსტში ხსენებული პრობლემების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს საქმისთვის ქვემდებარეობის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება.