აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა

წინამდებარე დოკუმენტში შესწავლილია საქართველოში მყოფი, ალიევის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და ამის გამო აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საქმეები, რომელიც საქართველოში ლტოლვილის სტატუსის და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა მთლიანობაში 8 პირის საქმე.ამ  საქმეების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს 2016 წლიდან  უარს  უცხადებს ლტოლვილის სტატუსისა (პოლიტიკოსების დაშგინ აღალარლის და მისი შვილის ორჰან აღალარლის საქმე) და ბინადრობის ნებართვის (ჟურნალისტების – ლეილა მუსტაფაევას, გიულნურ ქაზიმოვას, გიუნელ  მევლუდ იმანოვას საქმეები) გაცემაზე, რაც ამავე პერიოდში აზერბაიჯანში აქტივისტების მიმართ მთავრობის ისედაც რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრებას სიმპტომატურად ემთხვევა.

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ლტოლვილის სტატუსის, ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს საქართველოს შესაბამისი უწყებები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ზოგადი ინტერესით ხსნიან, რომლის შემოწმება უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი დასკვნის საიდუმლო ბუნების გამო თითქმის შეუძლებელია.  ანგარიშში შესწავლილ საქმეებში ასევე ჩანს,  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები (ჟურნალისტების – გიულნურ ქაზიმოვას, ლეილა მუსტაფაევას, აფგან მუხთარლის და აქტივისტის – ვიდადი ისგანდაროვის საქმეები), რომელსაც მათი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უნდა ახორციელებდნენ. აღნიშნულ ინციდენტებზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ეფექტიანად რეაგირებას დემონსტრაციულად არ უზრუნველყოფენ, მათ შორის, მუქარის, დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები ამ დრომდე არ არის  ეფექტიანად გამოძიებული. ცალკეულ შემთხვევებში ჩნდება ეჭვები საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არაფორმალური თანამშრომლობის შესახებ, რაც ყველაზე მაღალი კრიტიკულობით აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარებისა და ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საქმეებში გამოჩნდა.

დოკუმენტი შეგიძლიათ გადმოწეროთ მითითებულ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ