სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფემიციდის დანაშულებზე სამართლიანი მართლმსაჯულება

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის (ქალის მკვლელობა გენდერის ნიშნით) შემთხვევას, რომელზეც მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა. კოალიციას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა ფუნდამენტურად  უნდა შეცვალონ გენდერული დანაშაულების მიმართ მიდგომა მათი ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით.

2017 წლის 15 იანვარს თელავის  რაიონის სოფელ შალაურში გივი გულიაშვილმა მეუღლეს – ოლგა შიშკინას – ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალს სხეულის 70% ჰქონდა დამწვარი და 12 დღე იმყოფებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, რის შედეგადაც, 2017 წლის 27 იანვარს, გარდაიცვალა. 2017 წლის 12 ივნისს, გივი გულიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში,[1] რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ახორციელებდა საქმეზე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს.

აღნიშნულ საქმეში ვლინდება საქართველოში ფემიციდის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არსებული სისტემური პრობლემები, რომლებიც დანაშაულის კვალიფიკაციას, ქმედებაში დისკრიმინაციული მოტივის  გამოკვლევასა და ძალადობის წინარეისტორიის შესწავლას ეხება:[2]

ზემოხსენებულ საქმეზე დაყრდნობით და ფემიციდის გამოძიებასა და დასჯასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ფემიციდის ყველა შემთხვევაში მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით. დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა იყოს ჩადენილი ქმედების ადეკვატური და თითოეულ საქმეში უნდა მოხდეს დისკრიმინაციული მოტივისა და მსხვერპლის მიერ განცდილი ძალადობის წინარეისტორიის გამოკვლევა.

ფემიციდის გამოძიებას და დასჯას უნდა ჰქონდეს ტრანსფორმაციული პოტენციალი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის დასჯასთან ერთად, მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლ ქალთა ტანჯვის სათანადო აღიარებას, სტრუქტურული უთანასწორობის, დისკრიმინაციის, სუბორდინაციის და გენდერული იერარქიების გარდაქმნას, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ძირეული მიზეზია. 

დანართი:

დანაშაულის კვალიფიკაცია

2017 წლის 15 იანვარს თელავის  რაიონის სოფელ შალაურში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ დამნაშავის ქმედება დააკვალიფიცირა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[3] აღნიშნული კვალიფიკაცია გულისხმობს იმას, რომ მამაკაცს ქალის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა და დაზარალებულის სიკვდილი დადგა მხოლოდ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შედეგად – გაუფრთხილებლობით.

მიგვაჩნია, რომ ბრალდებისა და გამოძიების ორგანოებმა სათანადოდ არ შეაფასეს დანაშაულის სიმძიმე, ვინაიდან როდესაც პირი დანაშაულის ჩასადენად იყენებს განსაკუთრებით საშიშ ხერხს, ადვილადაალებად ნივთიერებას, ამ დროს შეუძლებელია, მას გაცნობიერებული არ ჰქონდეს ადამიანის სიცოცხლისათვის შექმნილი ობიექტური საფრთხე და სიკვდილის დადგომის რეალური ალბათობა. ამ გარემოებების, კერძოდ, დანაშაულის ხერხის, დამდგარი შედეგის, მიყენებული დაზიანებების, დანაშაულის ჩადენის სუბიექტური მხარის,[4] დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავის ქმედების (შეეცადა თუ არა იგი ცეცხლის ჩაქრობას და მიმართა თუ არა სხვა რაიმე ღონეს გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად) სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში, ქმედება შესაძლოა დაკვალიფიცირებულიყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობად.[5]

ფემიციდის საქმეებზე განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია დანაშაულის კვალიფიკაცია რეალურად შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. როდესაც დანაშაული ფასდება უფრო მსუბუქ ქმედებად, ვიდრე დამნაშავის მიერ ჩადენილი აქტია, ეს ლახავს დაზარალებულის უფლებას სრულად იქნეს აღიარებული და შეფასებული მის მიერ განცდილი ტანჯვა. ამგვარი პრაქტიკა გამორიცხავს გენდერულად სენსიტიური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების არსებობას, სადაც ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სათანადო აღიარება, კვალიფიკაცია და დასჯა ხდება.[6]

დანაშაულში დისკრიმინაციული მოტივის და ძალადობის წინარეისტორიის გამოკვლევა

ვინაიდან ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, ასეთ საქმეებზე უმთავრესი მნიშვნელობისაა გენდერთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა – გამოძიება იმ ხედვით უნდა წარიმართოს, რომ შესაძლოა ძალადობა ჩადენილია გენდერის ნიშნით და ყველა შესაძლო საშუალებით უნდა მოხდეს მოტივის გამოკვეთა.[7] ამ მიზნით, ფემიციდის გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარდაცვალებამდე მსხვერპლის მიერ განცდილი გენდერული ძალადობის/ოჯახში ძალადობის ისტორიის გამოკვლევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ფემიციდი კულმინაციაა იმ სისტემატური და ციკლური ძალადობისა, რომელსაც ქალები მკვლელობამდე განიცდიან.[8] აღნიშნულის თაობაზე პროკურატურა ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, ხოლო მოსამართლემ ეს ფაქტები გამოიყენოს დამამძიმებელ გარემოებად.[9]

მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი სასამართლო სხდომების დროს არ განხილულა და, შესაბამისად, არც ამ მოტივის გამოკვეთის მიზნით, დამნაშავისა და დაზარალებულის წინარე შესაძლო ძალადობრივ ურთიერთობაზეც არ უმსჯელიათ.

 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

[1] დანაშაული დაკვალიფიცირდა 111– 117.8 მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ოჯახური დანაშაული), ისჯება 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

[2] იხ. „ფემიციდის განაჩენების კვლევა – 2014’’, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016:  https://gyla.ge/files/news/2016%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/femicidi_ge.pdf

[3]  იხ. 1-ლი სქოლიო.

[4] ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ უარყო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მკვლელობის მცდელობიდან ქმედების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად გადაკვალიფიცირების თაობაზე და  მიუთითა: „მართალია, სარწმუნოდ არ დასტურდება დაზარალებულის მოკვლის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ კ. კ. მოქმედებდა გამნაწყენებლისათვის სამაგიეროს მიზღვის მოტივით, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მძიმე დაზიანება მიყენებულია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო ადგილზე, რასაც ითვალისწინებდა კ. კ., შესაბამისად – შესაძლო სასიკვდილო შედეგსაც … მოცემულ შემთხვევაში სახეზეა განზრახ მკვლელობის მცდელობა ევენტუალური განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულ კ- კ-ს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების მნიშვნელობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის სიკვდილს და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას“ (24.09.2008, საქმე N 745აპ-08).

[5]  სსკ 109.3(ბ) – განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით – ისჯება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

[6] იხ.  „ფემიციდის განაჩენების კვლევა – 2014’’, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016, გვ. 35-36, კვლევამ  ცხადყო, რომ 2014 წელს ჩადენილი ფემიციდის 1/3-ში იკვეთებოდა დანაშაულის არასათანადო კვალიფიკაცია.

[7] საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის, მაგ. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია, მუხლი 3.ა) თანახმად, ქალის მიმართ გენდერული ძალადობა არის ქალის დისკრიმინაციის ფორმა.

[8] “ქალთა გენდერთან დაკავშირებული მკვლელობების გამოძიების ლათინური ამერიკის სახელმძღვანელო ოქმი’’ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ლათინურ ამერიკაში, ISBN 978-9962-5559-0-2, გვ. 53.

[9] „ფემიციდის განაჩენების კვლევა – 2014’’, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016, გვ.39-40. დისკრმინაციული მოტივის გამოკვლევა არ ხდება ასევე ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში.