რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის პრობლემები საჯარო სკოლებში

საჯარო სკოლებში სეკულარული და თანასწორი გარემოს შექმნა ზოგადი განათლების სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადეკვატურ, მატერიალურ გარანტიებს აწესებს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დასაცავად, სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანია. ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ დისკრიმინაციის ფაქტებს კი სისტემური ხასიათი აქვს. ამაზე მიუთითებს ბოლო დროს გამოქვეყნებული არა ერთი კვლევა თუ ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. კვლევები ცხადყოფენ, რომ სასწავლო პროცესსა და სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ღრმად არის ფესვგადგმული და მუდმივად იწარმოება გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგია, სასწავლო პროცესი კი, ფაქტობრივად, რელიგიური ქადაგების სივრცედ არის გადაქცეული.

საჯარო სკოლებში არსებული მძიმე მდგომარეობა მკვეთრად გამოჩნდა რელიგიური კონფლიქტების დროს. კონფლიქტების კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ანტი-ისლამური დისკურსი ადგილობრივ საზოგადოებებში სწორედ საჯარო სკოლებისა და ეკლესიების მიერ იწარმოებოდა. სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მასწავლებლები აქტიურად ნერგავდნენ შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ იდეებს და ზოგიერთ შემთხვევაში, დისკრიმინაციულ და დამაკნინებელ გარემოს ქმნიდნენ არადომინანტ რელიგიას მიკუთვნებული მოსწავლეებისთვის.   ზოგიერთი კონფლიქტის დროს, სკოლის მასწავლებლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები რელიგიური უმცირესობების უფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამართულ შეკრებებში (ნიგვზიანი,თერჯოლა).

2012 წელს, ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არასეკულარული მიმართებების გაძლიერების გათვალისწინებით, განათლების სამინისტროზე საპატრიარქოს გავლენა უფრო ხილული გახდა. ეს გარემოება დისკურსულ დონეზე სამინისტროს საჯარო პოზიციონირებაში აისახა, განსაკუთრებით, საგან „მე და საზოგადოების“ სტანდარტების საჯარო განხილვის დროს.  საჯარო სკოლებში ეკლესიებისა და სასულიერო პირების გავლენა კვლავაც ლოკალურად ხორციელდება და ცენტრალიზებულად ორგანიზებული არ არის. თუმცა,  მონიტორინგის მექანიზმებისა და ზოგადად, ამ მიმართულებით სამინისტროს არაეფექტიანი მუშაობის პირობებში, საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის და დისკრიმინაციის შემთხვევების ზრდის ტენდენცია იკვეთება.

სისტემური პრობლემები, რომელიც საჯარო სკოლებში სეკულარული, აკადემიური ცოდნის წარმოებას აფერხებს, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს: 1. სახელმძღვანელობისა და სასწავლო პროგრამების დონეზე არადომინანტი რელიგიური და კულტურული სისტემების არასათანადო წარმოჩინება და რელიგიასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების არამოდერნული ინტერპრეტაციები;[1]  2. მასწავლებლების აკადემიური მომზადებისა და სამოქალაქო აზროვნების დაბალი დონე და ამ მიმართულებით სისტემური გადამზადების პროგრამების არაეფექტიანობა[2]; 3. საპატრიარქოს ფორმალური და არაფორმალური გავლენები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  საჯარო სკოლებზე [3]; 4. შიდა მონიტორინგის მექანიზმების არაეფექტიანი მუშაობის პრობლემა.

სისტემური გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა საგანმანათლებლო სივრცეების სეკულარულ, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ, აკადემიურ სივრცეებად გარდაქმნისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან EMC-ის კომუნიკაცია აჩვენებს, რომ სამინისტრო არ აღიარებს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიური დისკრიმინაციის კუთხით არსებულ პრობლემების სისტემურობას და არ გააჩნია მსგავს პრაქტიკასთან ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია. სამინისტროს შეფასებით, მას არ აქვს დოკუმენტირებული საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინციის ბევრი შემთხვევა, რომელიც შესაძლოა პრობლემის სისტემურობაზე უთითებდეს. თუმცა, მსჯელობისას, სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სკოლის მოსწავლეების მშობლები უფლების დარღვევის შემთხვევაში, როგორც წესი, უარს ამბობენ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე, სკოლაში გავრცელებულ ჩაგვრით სოციალურ გარემოში რევიქტიმიზაციისა და გარიყვის შიშის გამო. შესაბამისად, მონიტორინგის მექანიზმების არაეფექტიანი მუშაობის პირობებში, დაბალი სტატისტიკა არ შეიძლება გახდეს სამინისტროს მხრიდან პრობლემის იგნორირების არგუმენტი.

საკუთარი რელიგიური იდენტობის მანიფესტაციის პრობლემა საჯარო სკოლებში – პილოტური კვლევის შედეგების მიმოხილვა 

EMC-იმ არადომინანტურ რელიგიურ თემებში ჩაატარა პილოტური კვლევა, რომლის მიზანიც იყო საჯარო სკოლებში, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, პროზელიტიზმის, ინდოქტრინაციის, რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევისა და შეუწყნარებლობის ფაქტებისა და პრაქტიკის გამოვლენა.

რელიგიურად არანეიტრალურ და მტრულ სოციალურ გარემოში არადომინანტი რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის საკუთარი რელიგიური იდენტობის როგორც გამჟღავნების, ისე გაუმჟღავნებლობის არჩევანი მძიმე და ზიანის მომტანია. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჟღავნებლობა უმრავლესობასთან ასიმილირებით მეტი დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას განაპირობებს, ამ მოცემულობაში მოსწავლე საზოგადოების მიერ ავტომატურად დომინანტი რელიგიური ჯგუფის წევრად განიხილება და მას ინდივიდუალური ქცევის დონეზე უწევს მუდმივი თამაში, განსხვავებული, ხშირად მის რწმენასთან კონფლიქტური როლების მორგება და მოქმედება. რელიგიური იდენტობის გამჟღავნების შემთხვევაში კი, სკოლის ადმინისტრაციის არაეფექტიანი და არასეკულარული პოლიტიკის გამო ხშირად ფიქსირდება ძალადობისა და შუღლის ღია გამოვლინებები. ზოგიერთ შემთხვევაში, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს  სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას, გარიყვას, დაცინვას.

როგორც კვლევამ აჩვენა, რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევები, უმეტესად, გამოიხატება სკოლის მასწავლებლების მხრიდან საგაკვეთილო პროცესში რელიგიური ქადაგებისა და ღვთისმსახურების პრაქტიკების (ლოცვა გაკვეთილის დაწყების წინ, საეკლესიო გალობა) რეგულარულ განხორციელებაში. რესპონდენტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ამ კუთხით  ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ასევე მუსიკის მასწავლებლების აქტიურ როლს. რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის გავრცელებულ პრაქტიკად იკვეთება გაკვეთილების დროს კოლექტიური ლოცვა და სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის აქტიური ინტეგრირება. ამას თან ერთვის საჯარო სკოლებში, როგორც წესი, მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირების ხშირი მოწვევის, საჯარო გაკვეთილების ჩატარების, საკლასო ოთახების კურთხევის/დალოცვის, ასევე ექსკურსიებზე მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებში ვიზიტის, სკოლაში ხატების გავრცელების/გაყიდვის პრაქტიკა. მართალია, სასულიერო პირის გაკვეთილზე დასწრება ხშირად ნებაყოფლობითია, თუმცა, შეხვედრაზე არდასწრებას მოსდევს მოსწავლეების ან მასწავლებლების მხრიდან სხვა რელიგიური იდენტობის მქონე მოსწავლის სტიგმატიზება.

რესპონდენტების შეფასებით, მოსწავლეთა ჩართვა რელიგიურ მსახურებაში იმდენად არის შეზრდილი ყოველდღიურ პრაქტიკასთან, რომ ხშირად რთულია მისი გამოცალკევება სასწავლო პროცესისა და ზოგადი სოციალური ქცევებიდან. აღნიშნული პრაქტიკის მიღმა კი, რეალურად, სოციალური იძულების და დისციპლინირების მექანიზმი იმალება, რომელიც გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის კვლავწარმოებას ახდენს და ის, ვინც დომინანტ იდეოლოგიურ ნორმაში არ თავსდება მკვეთრად მარგინალიზებულია.რესპონდენტების მითითებით, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის ინიცირება, როგორც წესი, მასწავლებლის მიერ ხდება. თუმცა, თემა გაკვეთილზე  ნეიტრალურად, ჯეროვნად და სრულად არ განიხილება და მოსწავლეები შესვენებაზე აგრძელებენ წამოჭრილ საკამათო საკითხებზე მსჯელობას, რაც ხშირად კონფლიქტით ან დაცინვით სრულდება.აჭარაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში გამოჩნდა ამ რეგიონში მართლმადიდებელი ეკლესიის ინდოქტრინაციის პოლიტიკისა და ისლამის დაკნინებისკენ მიმართული იდეოლოგიური ნარატივები:  რესპონდენტების პასუხების მიხედვით, საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირების სამი ძირითადი სტრატეგია გამოიკვეთა: მოლაპარაკებები  სკოლის ადმინისტრაციასთან; კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარება; რეაგირებისგან თავის შეკავება, რადგან მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდება. ამ დროს, პრობლემის მოგვარების მიზნით, მშობლები იღებენ შვილების სხვა სკოლაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. რესპონდენტების თქმით, მსგავსი პრობლემების გადაწყვეტაში, ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია, დირექტორის ჩართვაა და როგორც წესი, ამ დონეზე პრობლემების მოგვარება ხერხდება. გამოკითხული მშობლების თქმით, თუ მოხდება დარღვევის ფაქტების გასაჯაროება და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, არსებობს მაღალი რისკები, რომ მოხდება მოსწავლეების კიდევ უფრო მარგინალიზება და დევნა. სწორედ ამ შიშის გამო, ისინი პრობლემების არაფორმალური გზებით გადაჭრის სტრატეგიებს უფრო იყენებენ.

სტატია ეყრდნობა EMC-ის მომზადებულ კვლევასრელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა.

გაეცანით კვლევას ვრცლად მითითებულ ბმულზე