“საგამოძიებო სისტემის რეფორმა სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესაქმნელად”

2017 წლის 1 ივნისიდან EMC ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც არის საგამოძიებო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება კოალიციაში “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოქმედი სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ერთად.

პროექტის მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში საგამოძიებო და საპროკურორო ზედამხედველობის სისტემის დახვეწა.

პარტნიორ ორგანიზაციასთან და პროექტში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, 10 თვის განმავლობაში, EMC განახორციელებს:

  • მოქმედი საგამოძიებო სისტემის სრულყოფილ ანალიზს, კერძოდ, 2010 წელს მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციების ანალიზს;
  • კარგი პრაქტიკის მოძიებას და გაანალიზებას, მათ შორის, იმ ქვეყნების საკანონმდებლო სივრცის კვლევას, სადაც შეჯბრებითი სისხლის სამართლის სისტემა მოქმედებს;
  • ინსტიტუციურად და პროცესუალურად გამართული საგამოძიებო სისტემის ჩამოყალიბებისთვის რეფორმის კონცეფციის მომზადებას.

კვლევის პროცესში ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა საგამოძიებო ორგანოების არსებული მოწყობა, საგამოძიებო ქვემდებარეობის წესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის პროცესში გამომძიებლის რეალური როლი და მისი კომპეტენციის გამიჯვნა პროკურორისგან. ქართულ საპროცესო კანონმდებლობაში ამ დრომდე არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულება – ერთი მხრივ გამოძიება უნდა იყოს ყოველმხრივი და ობიექტური, მეორე მხრივ კი მისი წარმმართველი გამომძიებელი მოიაზრება ბრალდების მხარედ და სახელმწიფო ბრალმდებლის – პროკურორის თანხმობის გარეშე ფაქტობრივად უძლურია, აწარმოოს ეფექტური გამოძიება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოძიებაში ზედმეტად აქტიური ჩართულობა არსებითად ცვლის პროკურორის როლს სისხლის სამართლის პროცესში და ანიჭებს მას დაუბალანსებლად დიდ ძალაუფლებასა.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელშეწყობით.

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი, 2017 – მარტი, 2018

 პროექტის ბიუჯეტი: 41 450 $