სასამართლო რეფორმის მცდარი პრიორიტეტი

 

ავტორი: სოფო ვერძეული,  მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი / EMC

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი განახორციელა.  ამ ეტაპზე მხოლოდ  იმის თქმა შეიძლება, რომ რეფორმის სამივე ტალღის შედეგად ცალკეულ სფეროებში  გაუმჯობესებულია საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო,[1] მართლმსაჯულების ორგანიზების და ადმინისტრირების საფუძვლები. თუმცა, საერთო ჯამში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეულმა ძალისხმევამ ვერ შეარყია სასამართლოს მართვის მანკიერი სისტემა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შექმნილი სასამართლოს სახე მდგომარეობდა მოდერნიზებულ სისტემაში, რომელმაც მოახერხა დაეძლია ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური სირთულეები და აღმოეფხვრა კორუფციის ყოველდღიური, დეცენტრალიზებული და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა. თუმცა, ეს მანკიერებები სრულად ჩაანაცვლა “პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ” და არასწორად აღქმულმა სახელმწიფო ინტერესმა, რომელმაც სასამართლო სწრაფი ეკონომიკური განვითარების, ნულოვანი ტოლერანტობის და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის სამსახურში ჩააყენა.

სასამართლოს მართვის მოდელი

სასამართლოს მოდერნიზაციის ეტაპზე სისტემის მართვა მკაცრად ცენტრალიზებულად, კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობდა.[2] ცხადია, მართვის ეს მოდელი მოითხოვდა სისტემის შიგნით კონკრეტული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფის არსებობას, რომელიც პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის შუამავლის როლს შეასრულებდა და გამორიცხავდა ყოველგვარ შესაძლო “გადახრას” დაშვებული ქცევიდან.

სისტემის ამ ფორმით შენარჩუნებას ხელს უწყობდა მაშინდელი ფორმაციის იუსტიციის უმაღლესი საბჭო (რომლის ხელშიც იყო ძირითადი რეპრესიული მექანიზმები), ასევე სასამართლოს თვამჯდომარეები და სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პრივილეგირებული მოსამართლეები, რომლებიც კონკრეტულ სასამართლოებში, ლოკალურ დონეზე, უზრუნველყოფდნენ შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას.

მართვის ამ მოდელმა შექმნა მოცემულობა, რომელშიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და “იმუნიტეტი” მყიფე აღმოჩნდა შიდა და გარე გავლენებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში გატარებული რეფორმების მიმართ მოლოდინი სწორედ ამ სიმყიფის დაძლევასა და სტაბილური, ინსტიტუციურად გამყარებული, ძლიერი ინდივიდუალური მოსამართლის ინსტიტუტუტის შექმნას უკავშირდებოდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოკლე დროში, ცხადი გახდა, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის მიუხედავად, “ქართული ოცნება” არ გეგმავდა სასამართლო სისტემაში ისეთ ინტერვენციას, რაც მოქმედი მოსამართლეებისთვის მყისიერად და მასშტაბურად უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და სისტემის ერთიან განახლებას გამოიწვევდა. თუმცა, ხელისფულებას პერიოდულად ჰქონდა ინიციატივები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედი სასამართლო შემადგენლობის “გადაძლევას” ისახავდა მიზნად, მათ შორის, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა, მოგვიანებით კი სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესის ცვლილება და ამ მოტივით ყველა მოქმედი თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივა.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ხელისუფლებას წლების წინ უკვე ჰქონდა ასეთი უხეში ჩარევის გამოცდილება (სავარაუდოდ, მოქმედებდა სხვა ფაქტორებიც), სასამართლო სისტემა ამჯერად გაცილებით მობილიზებული აღმოჩნდა პოლიტიკური ხელისუფლების ამ ინიციატივების წინააღმდეგ, რამაც სასამართლო სისტემის მძლავრი კონსოლიდაცია გამოიწვია. უფლებამოსილების ამოწურვის წინაშე მდგარი სასამართლო კორპუსის დიდი ნაწილი გაერთიანდა იმ გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის გარშემო, რომლებმაც მათ სტაბილურობის გარანტია მისცეს. ამ პერიოდში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელ მდივანთან – ლევან მურუსიძესთან და მისი მხრიდან ამ უკანასკნელის საქმიანობის და პიროვნების პოზიტიურმა შეფასება, ერთგვარი სიგნალი მისცა სასამართლო კორპუსს, ვის ჰქონდა არასტაბილურ გარემოში საკუთარი თავის და სხვების გადარჩენის რესურსი.

სასამართლო კორპუსის ცხადი კონსოლიდაციის და ძალის დემონსტრირების პირობებში, თვალნათელი გახდა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიის გადაწყობის და სასამართლოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობების კვლავ “დალაგების” მცდელობა. ცხადია, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში მარტივად აღმოაჩენდა მოსამართლეთა იმ ჯგუფს, რომლებსაც ჰქონდათ მთელი სისტემის მართვის რესურსიც და გამოცდილებაც. ამდენად, მოსამართლეთა იმ ჯგუფმა, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოს მართვის არაჯანსაღი ფორმებით იყო ცნობილი, კვლავ დაიკავა მნიშვნელოვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში და კიდევ უფრო გაძლიერდა.

დღეს უკვე უდავოა, რომ სასამართლოში არსებობენ გავლენიანი ფიგურები, რომლებსაც მყარი კავშირები აქვთ როგორც პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ როგორც საკადრო ისე სხვა სახის სტრატეგიული გადაწყვეტილებები სწორედ ამ გავლენიანი ჯგუფის ინტერესების შესაბამისად მიიღება.

მოცემულ ეტაპზე დამატებითი კვლევის და დაკვირვების გარეშე რთულია იმის თქმა, სასამართლოს მართვის ასეთი მოდელი რამდენად გულისხმობს სასამართლოს განხილვაში არსებულ ყველა საქმეზე იმგვარ ტოტალურ კონტროლს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა[3], თუმცა გახმაურებული საქმეების განხილვის დინამიკა მიანიშნებს, რომ სასამართლოს შიგნით არსებულ გავლენიან ჯგუფს აქვს რესურსი მართოს პროცესები არამარტო სასამართლოს შიგნით, არამედ გავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზეც.

მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემა

საერთო სასამართლოების სისტემაში ამ ეტაპზე დაახლოებით 280 მოსამართლეა. უხეში დათვლებით, მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოს ზომის ქვეყანაში უნდა იყოს.[4] ამ ვითარებაში და სასამართლოში საქმეთა ნაკადის მკვეთრი ზრდის ფონზე, სახეზეა მოსამართლეების უკიდურესი გადარტვირთულობა.

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის სასამართლო სისტემას არ აქვს დოკუმენტირებული არც მოსამართლეთა გადატვირთულობის საკანონმდებლო, ინსტიტუციური თუ სხვა საფუძვლები, ისევე როგორც არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის მიღწევის გზებთან და ვადებთან დაკავშირებით.

გადატვირთულობის პრობლემას რამდენიმე განზომილება აქვს. გადატვირთულობა პირველ რიგში შეუძლებელს ხდის დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას და ზოგიერთ შემთხვევაში, აზრსაც უკარგავს სასამართლოს გზით სამართლებრივი დავების მოგვარებას.

თუმცა, გადატვირთულობა არ არის მხოლოდ სასამართლოს “მომხმარებლის” პირდაპირი პრობლემა. გადატვირთულობა ართულებს სასამართლო სისტემის მენეჯმენტს და რისკს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. მოსამართლე, რომელსაც უწევს არარაციონალური რაოდენობის საქმეების განხილვა, გაცილებით მოწყვლადია შესაძლო დისციპლინური პასუხისმგელობის მიმართ, რამდენადაც გადატვირთულობის პირობებში მაღალია დაუდევრობის, შეცდომის, ვადების დარღვევის რისკი.

კიდევ ერთი,  რაც გადატვირთულობის პრობლემას უაკვშირდება არის მოსამართლის იზოლაცია მნიშვნელოვანი საჯარო პროცესებიდან. ცხადია, მოსამართლეთა იზოლაცია მხოლოდ გადატვირთულობით არ არის განპირობებული, თუმცა საქმეთა სიმრავლე მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფსაც კი, რომელსაც ღია დისკუსიაში მონაწილეობა სურს, ამის შესაძლებლობას არ უტოვებს. ამდენად, გამოდის, რომ ყველა მნიშვნელოვან ფორმატში მონაწილეობას “პრივილეგირებული” მოსამართლეების ჯგუფი იღებს, რომლებიც როგორც წესი სასამართლოებში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არიან და ამ საფუძვლით, ნაკლები რაოდენობის საქმეს იხილავენ.

მოსამართლეთა დიდი ნაწილის იზოლაციის პირობებში, წარმოუდგენლად რთული ხდება ჯანსაღი დისკუსიის არსებობა მოსამართლეთა კორპუსთან და იზრდება კრიტიკის მიუღებლობა. ამის საპირისპიროდ, სისტემის შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფები (რომლებიც ცხადია საკუთარი გავლენების შენარჩუნებაზე ზრუნავენ) ახერხებენ შექმნან იმგვარი ნარატივი, რაც აძლიერებსსაზოგადოებასთან და პროფესიულ ჯგუფებთან გაუცხოებას და შედეგად, სასამართლო სისტემა თავად ხდება ისეთი ინიციატივების ავტორი, როგორიცაა “გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს რეპუტაციის დაცვის სახელით.”

ამ ფონზე, ცხადია, რომ სასამართლოს განტვირთვა და დროული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთდროულად ბევრ ღირებულ მიზანს ემსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიების შეფასება, რომლითაც სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ამ მიზნის მიღწევას ცდილობს.

სასამართლო რეფორმის მცდარი პრიორიტეტი

ხელისუფლება, სასამართლო რეფორმის მიმართულებით, მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კომერციული დავების განმხილველი სპეციალიზებული პალატის შექმნას ასახელებს. ამის პარალელურად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ პროცესის გვერდის ავლით, ნაჩქარევად, უკვე ჩამოაყალიბა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც ძვირადღირებულ კომერციულ დავებს განიხილავს. ეს პროცესი, სხვა პრობლემებთან ერთად, ცხადად მიუთითებს ძალაუფლების და გავლენის სფეროების განაწილების მცდელობაზე სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა ინიციატივის შინაარსობრივი მხარე და მისი რეალური მოტივაციები.

დღეს ხელისუფლებას სასამართლოს მწვავე კრიტიკა საჯარო სივრცეში ორი ძირითადი წყაროდან ესმის. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს ასოციაციები. ამასთან, ბოლო პერიოდში გაძლიერდა კრიტიკა მართლმსაჯულების არაგონივრულად გაჭიანურების და სისტემაში კორუფციის რისკების მომძლავრებაზე. მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის სასამართლოში არსებულ არაჯანსაღ გარემოზე საჯაროდ საუბრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. სწორედ ამ კრიტიკის საპასუხო ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ინიციატივები სპეციალიზირებული კომერციული პალატის შექმნის შესახებ.

კომერციულმა პალატამ სავარაუდოდ მსხვილი კომერციული და საგადასახადო დავები უნდა განიხილოს[5]. რეფორმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია (მათ შორის, იქნება თუ არა კომერციული პალატა საერთო სასამართლოების ერთიან სისტემასა და ადმინისტრირებაში, როგორ შეირჩევიან მოსამართლეები, რა პროცედურებით იმუშავებს პალატა და ა.შ), თუმცა, ზოგადი პოლიტიკური მიზანდასახულობის, ხელისუფლების პრიორიტეტებისა და რესურსების განაწილების შეფასებისთვის თავისთავად საკმარისია იმ ფაქტის ცოდნა, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარ გამოწვევას კომერციული დავები და ბიზნესიდან წამოსული კრიტიკა წარმოადგენს.

ვიწრო სპეციალიზაციების შექმნა მართლმსაჯულების ხარისხის და ეფექტიანობისთვალსაზრისით ბევრი ფაქტორით მართლდება, მათ შორისაა: გაუმჯობესებული საქმეთა მენეჯმენტის სისტემა, ექსპერტიზა, ხარისხიანი და უნიფიცირებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში სპეციალიზირებული კომერციული პალატის შექმნა კონკრეტულ კონტექსტსა და პოლიტიკურ ვითარებაში ხდება, რაც საწყის ეტაპზევე იდეის დისკრედიტაციის საფუძველს ქმნის.

ლოკალურ კონტექსტსა და სირთულეებს შორის იგულისხმება სასამართლოში შექმნილი ვითარება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას პოლიტიკური და  სხვა ფორმალური თუ არაფორმალური გავლენიანი ინსტიტუტების/ჯგუფების ინტერესებისგან, ასევე შიდა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და გახმაურებული საქმეების განხილვის პრობლემური დინამიკა.

დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების კრიზისი მხოლოდ ბიზნეს დავებს არ ახასიათებს. უფრო მეტიც, დღეს სასამართლოს სისტემური პრობლემები კიდევ უფრო მძიმედ და უხეშად ვლინდება სხვა ჯგუფების (სხვადახვა ნიშნით მოწყვლადი თუ არადომინანტი ჯგუფები) მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისას.

ამდენად, ხელისუფლებისთვის უნდა არსებობდეს ერთი დილემა – როგორ მიაღწიოს დამოუკიდებელ, სამართლიან და ეფექტიან მართლმსაჯულებას ყველასთვის და არა ცალკეული, პრივილეგირებული ჯგუფებისთვის. ცხადია, არსებობს არგუმენტი, რომ კომერციული პალატის შექმნა არ გულისხმობს სასამართლო რეფორმის დასრულებას. თუმცა, მოცემულ ეტაპზე, ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანი, რომ ძირეული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემების აღიარების ნაცვლად, უპირატესი ძალისხმევა გასწიოს ერთი კონკრეტული ჯგუფის კრიტიკის განეიტრალებისთვის, აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ან თავად არის იმ კრიზისის წყარო, რომელშიც სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს, ან არ აქვს რესურსი არსებითი წინააღმდეგობა გასწიოს სასამართლოს მართვის და მართლმსაჯულების განხორციელების იმ მოდელის წინააღმდეგ, რომელიც აგრძელებს არსებობას  და ძლიერდება.

ამ პირობებში რჩება განცდა, რომ სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კომერციული დავების განმხილველი პალატის შექმნა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მოკლე ვადიან პერსპექტივაში შესუსტდეს გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაციებიდან მომდინარე კრიტიკა და შემცირდეს სასამართლოს პრობლემებზე საჯაროდ მოსაუბრე პირთა წრე.

ცხადია, სხვა პოლიტიკურ კონტექსტსა და ვითარებაში, სპეციალიზებული კომერციული ან სხვა ტიპის პალატის იზოლირებულად შექმნა, კონსტიტუციური სამართლის ან ზოგადად მართლმსაჯულების ინსტიტუციური მოწყობის პერსპექტივიდან განსახილველი საკითხი იქნებოდა. თუმცა, არსებულ ვითარებაში, ჩიხში შესული სასამართლო რეფორმის არაღიარება, სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაუზიარებლობა და ამ ფონზე, ცალკე მდგომი, ბიზნეს დავების განმხილველი მართლმსაჯულების ორგანოს შექმნა გაცილებით ფართომასშტაბიანი კრიტიკის საგანი უნდა გახდეს.

———————————————

[1] მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება, სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი, საქმეთა განაწილების ელექტორნული სისტემა და სხვა;
[2] მათ შორის იყო მოსამართლეთა განდევნა სასამართლო სისტემიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებით; მოსამართლეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ინიცირება მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით; მოსამართლეთა მივლინება მათი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებისგან მოშორებით და სხვა.
[3] ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ოფიციალური სტატისტიკის (მათ შორის, სტატისტიკის დამუშავების მეთოდების) ანალიზსაც, რომელიც ცალკეულ სფეროებში გაუმჯობესებას აჩვენებს;
[4] მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის გამოთვლის რამდენიმე მოდელი არსებობს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით მოსამართლეთა საჭირო რიცხვის განსაზღვრა არაზუსტ მეთოდად მიიჩნევა. თუმცა, ყველა სხვა მეთოდი გაცილებით კომპლექსურია და არაერთი მონაცემის გათვალისწინებას გულისხმობს, რაც საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი;
[5] მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა: http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=5307