EMC-ის მიმართვების საფუძველზე სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

EMC-ის მიმართვების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების საფუძველზე სამინისტროს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ზოგადი წინადადება მათ შორის ეხება სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში 2016 წლის 22 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, კერძოდ  სკოლის დირექტორის მითითებას, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლე (18 წლის) თეონა ბერიძის მიერ თავსაფრის მოხსნას მიემართებოდა. როგორც ამას სახალხო დამცველიც ადასტურებს, შედეგად თეონა ბერიძეს ობიექტურად გაუჩნდა განცდა, რომ დირექტორის მითითების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მას სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებოდა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თეონა ბერიძესა და მისი მშობელს 22 დეკემბერს განხორციელებულ ჩარიცხვასთან დაკავშირებით 23 დეკემბრამდე არ აცნობეს, რაც შესაძლოა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სწორედ მოსწავლეზე ზეწოლის მიზანზე მეტყველებდეს.

სახალხო დამცველი რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ განმარტებას აკეთებს სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის ტარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სრულად იზიარებს EMC-ის, როგორც განმცხადებლების წარმომადგენლის არგუმენტებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შესაბამის დასკვნასთან დაკავშირებით. 

შეჯამების სახით, სახალხო დამცველი აფასებს ზოგადი განათლების სისტემის მიზნებსაც, რომელიც არა ასიმილაციას, არამედ თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპის დაცვას უნდა ემსახურებოდეს. მისი სიტყვებით „თანამედროვე განათლების სისტემის მიზანს, არა ადამიანთა მსოფლმხედველობრივი, მათ შორის, რელიგიური განსხვავებების გათანაბრება და მათი ასიმილაცია, არამედ, სწორედ ამ მრავალფეროვნების შენარჩუნება და განვითარება წარმოადგენს, ვინაიდან, ადამიანის პიროვნების თავისუფალი და მრავალმხრივი განვითარების შემაფერხებელი ამგვარი იძულებითი გათანაბრება თანასწორობის სამართლებრივ პრინციპთან თავად მოვიდოდა წინააღმდეგობაში.“

მართლაც, თანამედროვე მიდგომა სკოლას როგორც შემწყნარებლური საზოგადოების ჩამოყალიბების საწყისად ე.წ „შემწყნარებლობის ლაბორატორიად“ აღიქვამს.  ასეთი სივრცის შესაქმნელად მნიშნველოვანია საზოგადოების აღქმა, როგორც მთლიანის, რომელიც ახლის მიღებით როგორც ერთი მთლიანობა ხელახლა ფორმირდება.[1]

რელევანტური კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის ვრცელი მიმოხილვის ფონზე, სახალხო დამცველი ადგენს, ერთის მხრივ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, მეორეს მხრივ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისი „გამართლებ[ის]“ აბსოლუტურ უკანონობას, არაპროპორციულობას, არაგონივრულობასა და კონტრპროდუქტიულობას.

პირველ რიგში, სახალხო დამცველი მართებულად მიუთითებს, მუსლიმური თავსაბურავის ტარების რეგულირების განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  საკითხის სკოლის ჩაცმულობის რეგულირების უფლებამოსილებების ფარგლებში განხილვის დაუშვებლობაზე. მისი განმარტებით, პირის რელიგიური იდენტობის გამომხატველი ატრიბუტიკის ტარების საკითხის გადაწყვეტა იმ ნორმებით, რომლებიც სკოლაში ჩაცმულობის წესს განსაზღვრავს, რელიგიის თავისუფლებას მნიშვნელობას დააკნინებდა, მოცემულ შემთხვევაში, თეონა ბერიძისთვის ჰიჯაბის ტარებაზე უარი კი მისი შინაარსით რელიგიურ იდენტობაზე უარის თქმას უტოლდებოდა.

რაც შეეხება თავსაბურავის ტარების სკოლაში დაპირისპირების შესაძლო მიზეზად წარმოჩინებას, სახალხო დამცველი მას ვრცელ კონტექსტში ხედავს და საკითხისთვის „პოლიტიკური“ მნიშვნელობის მინიჭებად აფასებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავად დირექტორის აკრძალვას და არა თავსაბურავის ტარების ფაქტს, მოჰყვა სკოლაში დაპირისპირება. სახალხო დამცველი იხსენებს სკოლის დირექტორის მიერ მუსლიმური სამლოცველოს, მუსლიმი თემის წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში მონაწილეობის და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, და ამით ხსნის, ჰიჯაბის ტარების აკრძალვის სოფელში არებული დაპირისპირების კონტექსტში განხილვის ფაქტს. აქვე სახალხო დამცველი ეჭვებს გამოთქვამს სკოლის მუსლიმი დირექტორისა და შემდგომში ასევე მუსლიმი მოვალეობის შემსრულებლის შეცვლის ფაქტზე სკოლაში, სადაც უმრავლესობა (90%) მოსწავლეების მუსლიმია.

EMC – ის კიდევ ორი განცხადების მაგალითზე, სახალხო დამცველმა უფრო ვრცლად იმსჯელა ზოგადად საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მდგომარეობაზე, და საჯარო განათლების მართვაზე პასუხისმგებელ ცენტრალური ორგანოს – განათლების და მეცნიერების  სამინისტროს მიმართა,  მოხის საჯარო სკოლაში შექმნილი დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემოსა და წარდგენილი ზოგადი წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, შეისწავლოს მოხის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამომხატველ, მათ შორის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების საკითხზე, აღმოფხვრას სასკოლო სივრცეში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნებით გამოყენების  და რელიგიურ რიტუალებში სკოლის მოსწავლეების ჩართვის პრაქტიკა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსით“ პირდაპირ აკრძალოს მასწავლებლის მიერ დისკრიმინაციის განხორციელება, ასევე მათ  მიერ სიძულვილის ენის გამოყენება სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ, საჯარო სივრცეში.  განახორციელოს სხვა პოზიტიური ღონისძიებები რელიგიური ან ეთნიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვან რეგიონებში უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის.

აღნიშნული რეკომენდაციების აქტუალურობასა და სახელმწიფოს ზედამხედველობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის რეალობაც, რომ სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლებს ხშირად არ აქვთ საშუალება პირადად გააკონტროლონ სასწავლო პროცესი და სასკოლო დისკუსიების შინაარსი[2]. მოსწავლეთა და მშობელთან უფლებებთან ერთად, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, საჯარო ინტერესი, სხვადასხვა ჯგუფებმა საკუთარი ინტერესების ადრესატად არ აქციონ სკოლა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლების დარღვევის მსხვერპლები, სკოლებში არსებული ჩაკეტილი სოციალური გარემოს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის სუბორდინაციული დამოკიდებულებების, მოსალოდნელი შევიწროებისა და რევიქტიმიზაციის რისკის გამო, ხშირად უარს აცხადებენ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადების, თუ საპარლმანტო ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციების[3] შესასრულებლად,  ამ მიმართულებით დროულად შეიმუშაოს ეფექტიანი, მკვეთრად განსაზღვრული და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული პოლიტიკა.

განცხადება მომზადებულია პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.

———————————–

[1] A secular Europe: Law and Religion in the European Constitutional Landscape, გვ. 137-142; Can Race Equality be Inspected? Challenges for Policy and Practice Raised by the OFSTED School Inspection Framework, British Educational Research Journal, Vol. 28, No. 3, 2002, გვ. 2
[2] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Folgero v. Norway გაამახვილა ყურადღება სასწავლო პროცესში მიმდინარე პროცესებზე მუდმივი მონიტორინგის შეუძლებლობაზე. სასამართლოს განმარტებით, საგნიდან ნაწილობრივი გათავისუფლების შესაძლებლობა პრობლემური იყო, რადგან მშობლებს სასწავლო მასალის მუდმივი მონიტორინგი უნდა ეწარმოებინათ და მხოლოდ იმ ნაწილებიდან მოეთხოვათ მათი შვილების გათავისუფლება, რომლებიც მათთვის მიუღებელ საკითხებს ეხებოდა.
[3] http://ombudsman.ge/uploads/other/4/4334.pdf გვ. 416;