EMC-მა ჩაბუქის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ სასამართლოს სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრება წარუდგინა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  (შემდგომში ლტოლვილთა სამინისტრო) 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ დევნის კანონიერებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული პირების ნაწილის გათავისუფლების, თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებების დაცვის შესახებ თურქეთისგან მიღებული დიპლომატიური გარანტიების არგუმენტებით ასაბუთებს.

EMC მიიჩევს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასაბუთებული, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია სასამართლომ სათანადოდ იმსჯელოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ თურქეთში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულობის, ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევის თვითნებობისა და თურქეთის რესპუბლიკაში წამების, არაადამიანური  და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რისკებთან დაკავშირებით.

წარდგენილ დოკუმენტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა ქვეყნების სასამართლოების რელევანტურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, EMC მიმოიხილავს იმ სამართლებრივ სტანდარტებს, რომელთა არსებობა არსებითია ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევისთვის (მათ შორის, მტკიცების ტვირთის საკითხი, სისხლის სამართლის რელევანტურო ნორმების განჭვრეტადობის მოთხოვნები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს პოლიტიკური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, ორგანიზაციის პროგრამასა და მიზნებში ტერორიზმის საფრთხის ექსპლიციტური იდენტიფიცირება). EMC, მათ შორის, თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ქურთულ საქმებზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით უთითებს, რომ არსებითია სასამართლომ მსჯელობის დროს გამიჯნოს ორგანიზაციისადმი პოლიტიკური და ფილოსოფიური მიკუთვნებულობა და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად ძალადობრივი თუ სხვა უკანონო ქმედებებში მონაწილეობა, რაც ასოციაციური დევნის, დისკრიმინაციისა და თვითნებობის მაღალ რისკებს შეიცავს. EMC-ის  შეფასებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესი, სწორედ ამგვარი თვითნებობისა და პოლიტიკური დევნის რისკებს შეიცავს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, EMC ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკული ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მიმოხილვას, რომელიც თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების დევნის პროცესსა და პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას აჩვენებს. აღნიშნული მასალები უთითებს, რომ ლტოლვილთა სამინისტროს მსჯელობა თურქეთში წამების ან არაარადამინური მოპყრობის რისკების არ არსებობის შესახებ  აშკარად დაუსაბუთებელია და არ ახდენს თურქეთში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის ადეკვატურ შეფასებას.

ამასთან,  EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრება მოიცავს საქართველოში ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიმართ  ბოლო წლის განმავლობაში გამოვლენილი უკანონო ქმედებების, მათ შორის, შაჰინისა და დემირელის სკოლების დახურვის, მიმოხილვას, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესთან ერთად, მთლიანობაში აჩვენებს საქართველოს მთავრობის დისკრიმინაციულ პოლიტიკას ჩაღლარის სკოლებისა და იქ დასაქმებული ადამიანების მიმართ.

EMC იმედოვნებს, წარდგენილი ინფორმაცია და სამართლებრივი სტადარტების მიმოხილვა დაეხმარება სასამართლოს საქმეზე ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახის წევრებს, საქართველოში კანონიერი და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას მიცემს და დაიცავს თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მხრიდან მომდინარე დევნისგან.

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ მეზობელი ქვეყნების არადემოკრატიული მთავრობების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მასშტაბის გათვლისწინებით, აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლის განხორციელება უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია და დემოკრატიულობის ტესტია.

გაეცანით EMC-ის მიერ მომზადებულ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას.