კვლევა►დანაშაულის პრევენცია – საპოლიციო კონტროლის რისკები

წარმოდგენილი ანგარიში აღწერს და აფასებს დანაშაულის პრევენციის სფეროში მოქმედ სამართლებრივ რეჟიმს და პოლიციის უფლებამოსილებებს. პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები საპოლიციო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფართოდ გავრცელებული და შედარებით ახალი მიმართულებაა. პრევენციული საპოლიციო სისტემა გულისხმობს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიემართება დანაშაულის ან სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთისკენ და სხვადასხვა ინტენსივობის საპოლიციო მოქმედებებით ხორციელდება. პრევენციის სისტემის მიზანია საფრთხის აღმოჩენა და განეიტრალება მის რეალიზებამდე, ამ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად კი კანონმდებლობა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში სხვადასხვა ინტენსივობით ჩარევის შესაძლებლობას უშვებს.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო. მანამდე მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, პარლამენტმა პირველად დააზუსტა კანონში პოლიციის ხელთ არსებული იმ მექანიზმების სრული ჩამონათვალი, რომლის გამოყენებაც პოლიციას დანაშაულის პრევენციის მიზნით შეუძლია. ახალმა საკანონმდებლო მოწესრიგებამ პოლიციას მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინა მოქალაქეებთან კონტაქტის არეალი, მათ შორის, მიემართა ისეთ ღონისძიებებისთვის როგორებიცაა: საპოლიციო რეიდი, პირის შეჩერება, იდენტიფიცირება, პოლიციაში დაბარება და სხვა. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოქალაქესთან კომუნიკაციის უფლება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად ყველა ქვედანაყოფს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საპოლიციო სამსახურებისა და მოქალაქეთა ურთიერთობის ინტენსივობა. სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის პრევენციული მიზნებისთვის პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობის ოფიციალური სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდიდა, საპოლიციო კონტროლის მასშტაბების გაზრდაზე უფრო დეტალურად ყოფილიყო საუბარი.

2013 წელს მიღებული ცვლილებებით დანაშაულის პრევენციის სისტემა ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ეს პროცესი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების ფონზე არ ყოფილა დანახული, რაც დააბალანსებდა სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციებს ამ სფეროში. ამდენად, აღმოჩნდა, რომ დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ძირითადი დატვირთვა შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადავიდა. ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ასეთმა განაწილებამ შექმნა მასშტაბური საპოლიციო კონტროლის საფრთხე, რასაც ხელს უწყობს კანონით გაწერილი არაერთი პრევენციული ღონისძიება, რომელიც თავისი ბუნებითა და რეალური შინაარსით რეპრესიულ ხასიათს ატარებს და უფლებებში ჩარევის მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. ამასთან, პრევენციული საპოლიციო საქმიანობიდან მომდინარე რისკი დიდწილად უკავშირდება თავიდან ასაცილებელი მოსალოდნელი საფრთხის აბსტრაქტულობას, რაც პოლიციის მხრიდან შეცდომისა და თვითნებობის საფრთხეს ზრდის.

წარმოდგენილი ანგარიშით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ აგრძელებს დანაშაულის პრევენციის კომპლექსური საკითხის ანალიზს და ცდილობს, დეტალურად აღწეროს და შეაფასოს საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების მიზნები და საფუძვლები, ამ სფეროში მოქმედი სტანდარტები და სხვა ქვეყნების გამოცდილება, მოქალაქეთა დაცვის გარანტიები პოლიციასთან კონტაქტის დროს, საპოლიციო პრევენციულ საქმიანობაზე კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები. დოკუმენტი ასევე აფასებს იმ ზოგად საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელშიც პოლიცია ოპერირებს და მიმოიხილავს იმ რისკს, რომელიც საპოლიციო კონტროლის არაგონივრულ გაფართოებას  უკავშირდება პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების  გზით.

კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: დანაშაულის პრევენცია

ან წაიკითხოთ ონლაინ.