საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების აქტების დახურულობის წესი

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა  2013“-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს  არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგებად მიღებული ნებისმიერი მასალის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის.

შედეგად, ნებისმიერი პირის მათ შორის დასაქმებულების მიმართვის შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება შრომის პირობების მონიტორინგის შედეგები აცნობოს განმცხადებელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს, როდესაც ის დასაქმებულების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებს და დასაქმების ადგილზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში EMC საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში ცდილობდა.

საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით[1] უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზეც, არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილებით ინფორმაციის ხელმისაწვდომის შეზღუდვა, იმ არგუმენტით, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლზე დაყრდნობით, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით იყო დაშვებული. შრომის ინსპექტირების შედეგების საჯაროობის საქმეზეც, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა.

[1] საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო წესი, რომელიც მოსარჩელისთვის ზღუდავდა საგრანტო პროექტის შემფასებელი ექსპერტების ვინაობის გაცნობის უფლებას, სწორედ იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ წესი განსაზღვრული იყო მთავრობის დადგენილებით და ამდენად არღვევდა კოსტიტუციის 41-ე მუხლის მოთხოვნას შეზღუდვის საკანონმდებლო წესით დადგენის აუცილებლობის შესახებ (სამოტივაციო ნაწილის მე-19 პარაგრაფი)