EMC ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხმაურება

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაბა  ხარაგაულში მცხოვრები ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის ინტერესებს გამოძიების პროცესში EMC-ის წარმომადგენლები იცავენ.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა მისი  ხანგრძლივი (დაახლოებით 7 საათიანი) “დაკითხვა” ადგილობრივ პოლიციაში. ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებების მიხედვით, 28 ოქტომბერს, დილით ახალნაოპერაციები ამირან კვირიკაშვილი საკუთარი სახლიდან წაიყვანა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა “გასაუბრების” მიზნით. ამ ეტაპისთვის უცნობია, რა საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პოლიციის კონტაქტი გარდაცვლილთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გარდაცვლილის მიმართ არ ყოფილა დაწყებული არანაირი სამართლებრივი პროცესი, მას ასევე არ ჰქონია მოწმის სტატუსი. ამდენად, ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ პოლიციის მხრიდან კვირიკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას და მის რამდენიმესაათიან დაყოვნებას კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განმარტებებით, მან თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ხარაგაულის პოლიციის სამმართველოში 2017 წლის 28 ოქტომბერს მისი დაბარების, პოლიციაში დაახლოებით შვიდსაათიანი  „გამოკითხვის“ და სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო.

აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2017 წლის 9 ნოემბრიდან კი ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაიქვემდებარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ. ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში დაკითხულები არიან ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ამირანის თვითმკვლელობის ერთადერთ მიზეზად ხარაგაულის პოლიციის სამმართველოში პოლიციის მხრიდან ამირანთან კომუნიკაციას და მასზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.

საქმეზე გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანი წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია ასევე განსაზღვრავს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას და ამასთან, მიანიშნებს გამოძიების ობიექტურად წარმართვის ნების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემურია ის, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის  ფაქტზე გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში იგივე სამართალდამცავი ორგანო აწარმოებდა, რაც საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების  განადგურების რისკებზე მიუთითებს. მეორე მხრივ, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, თუმცა საქმის გარემოებებით იკვეთება პოლიციის შენობაში მყოფი პირის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფაქტი, რაც მოხელის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ან/და დამამცირებელი მოპყრობის  ნიშნებზე შეიძლება მიუთითებს და თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, დამატებით  შესაბამის კვალიფიკაციას მოითხოვს.

სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენისთვის დიდი როლი ენიჭება პოლიციის შენობის მიმდინარე ტერიტორიასა და შენობაში დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც პოლიციელთა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების დადასტურებისთვის შეუცვლელი მტკიცებულებაა. მოცემულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დროულად ამოღება და შესწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

ამასთან, გამოძიების პროცესში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის ჩართულობისა და საქმის მასალებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის, დროულად უნდა მიენიჭოს ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც ამირან კვირიკაშვილთან შეხვედრასა და სავარაუდო ზეწოლაში მონაწილეობდნენ, დღემდე ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას იმავე შენობაში, სადაც ამ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა განხორციელდეს, ასევე უნდა დაიკითხონ ხარაგაულში მცხოვრები მოწმეები, რომლებზეც პოლიციის მხრიდან უკანონო ზემოქმედების საფრთხე შეიძლება არსებობდეს. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე, ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ, ან სხვა ტერიტორიულ ერთეულში იყვნენ გადაყვანილი პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლის 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილთან გამოკითხვაში მონაწილეობდნენ და შესაძლოა, დაინტერესებულნი იყვნენ გამოძიების შედეგებით.

ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევა თავისი კონტექსტით ძალიან ჰგავს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს. ორივე შემთხვევა ნათლად აჩვენებს საპოლიციო რეპრესიის სისტემის მუშაობას პერიფერიებში ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ, რომელთა მინიმალური საარსებო პირობების უქონლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, განათლების უფლებაზე ხელმიუწვდომლობას სამართალდამცავი  სისტემა ბოროტად იყენებს. ამ პირობებში პოლიციის რეპრესიული პოლიტიკა, თანამშრომლობის იძულება, მუქარა და დაშინება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად ყველაზე მოწყვლად ოჯახებს აწვება.

სტურუასა და კვირიკაშვილის საქმეებში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა, ასევე პოლიციის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტების ანალიზი, ცხადად მიანიშნებს პოლიციაში არსებულ სისტემურ პრობლემაზე – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე (მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები) საპოლიციო კონტროლის გაძლიერების, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის, აღიარებითი ჩვნებების მოპოვებისა და პოლიციის მუშაობაში პოზიტიური სტატისტიკური მაჩვენებლების შექმნის მიზნით დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს ზეწოლის, დაშინების, იძულებითი თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენება. არაეფექტიანი პასუხისმგებლობის სისტემა კი აძლიერებს დაუსჯელობის განცდას და თვითნებობის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს პოლიციას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

  • დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას:

გამოძიება წარიმართოს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების/არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ამირან კვირიკაშვილის ოჯახის გამოძიების პროცესში ჩართულობის მიზნით ოჯახის წევრისთვის უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებებით ჯეროვნად სარგებლობის შესაძლებლობა;

ხარაგაულის პოლიციის სამმართველოდან დროულად იქნეს ამოღებული შენობასთან და შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ვიზიტს შეიძლება აღწერდეს;

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს:

გამოძიების დასრულებამდე გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილება შეუჩერდეთ ან სხვა ტერიტორიულ ერთეულში იყვნენ გადაყვანილი პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლის 28 ოქტომბერს მონაწილეობდნენ ამირან კვირიკაშვილის “გამოკითხვის” პროცესში;

შემუშავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სტრატეგია და დაიგეგმოს სისტემური რეფორმა საპოლიციო დანაყობეში;

  • საქართველოს პარლამენტს და მთავრობს:

დროულად შეიქმნას ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავების მიერ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

გაკეთდეს პოლიტიკური განცხადება პოლიციის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე და შეიქმნას რეფორმაზე მუშაობის სამუშაო ჯგუფი.