ტოლერანტობის პოლიტიკური იდეის კრიტიკა

ილუსტრაცია: http://www.tolerance.org

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), როგორც თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, სურს გამოეხმაუროს ტოლერანტობის კონცეფციის გარშემო საზოგადოებაში მიმდინარე საჯარო დისკუსიებს და თანასწორობის საკითხებზე მისი მუშაობის პოლიტიკური ხედვა განმარტოს.

ჩვენი შეფასებით, უთანასწორობის პრობლემა, რომლის მოგვარების გზადაც ხშირად ტოლერანტობა სახელდება, მრავალშრიანი და პოლიტიკურია ხასიათისაა. რელიგიური, კულტურული,  ეთნიკური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების ჩაგვრას არატოლერანტობის კონცეფცია ყოვლისმომცველად ვერ ხსნის. ეს კონცეფცია ჩაგვრას  სუბიექტური დამოკიდებულებებითა და შეხედულებებით შემოსაზღვრავს და შესაბამისად, ზედაპირულია.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩაგვრა სულ ცოტა რამდენიმე –  სტრუქტურულ, იდეოლოგიურ, ინსტიტუციურ და ინტერპერსონალურ შრეს მოიცავს. შესაბამისად, ჩაგრული სოციალური ჯგუფების გათავისუფლება გულისხმობს ჩაგვრის სისტემური და სტრუქტურული მიზეზების ყოვლისმომცველ აღწერას, გააზრებას და იმ მექანიზმების გარდაქმნას, რომელიც წარმოშობს დისკრიმინაციას, სოციალურ ძალადობას, კონტროლსა და მარგინალიზაციას.  ხშირად, იდენტობის გამო ჩაგრული ჯგუფების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე მსჯელობისას, ყურადღების მიღმა რჩება, ზოგადად და სპეციფიკურად იდენტობის გამო არსებული სოციალური თუ ეკონომიკური უთანასწორობის, კულტურული გარიყულობის პრობლემები და პოლიტიკურ დღის წესრიგში მათი დაყენების აუცილებლობა. ტოლერანტობის ცნება ხელუხლებელს ტოვებს მჩაგვრელ სოციალურ სტრუქტურებს, მათ პოლიტიკურ კონფიგურაციებს და ყურადღება მხოლოდ ინდივიდების დამოკიდებულებებსა და შეხედულებებზე გადააქვს. ხშირად, ადამიანების მიერ არატოლერანტული ქცევით გამოიხატება მათი უსამართლობის, უთანასწორობისა და ექსპლუატაციის  გამოცდილებები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია კერძო ინდივიდების ინდივიდუალური დამოკიდებულებების შეცვლით. ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ დონეებზე სტრუქტურული ცვლილებების მიღწევას და მიზნად ჩაგრული ჯგუფების ყოველმხრივი ემანსიპაციის დასახვას.

ტოლერანტობის კონცეფცია ადამიანის ქცევის ცვლილების და სხვადასხვა ჯგუფს შორის თანაარსებობის შესაძლებლობას არსებითად სახელმწიფოს რეპრესიულ ფუნქციასა და უსაფრთხოების დაცვის პრაგმატულობაში ხედავს. ტოლერანტობის იდეის მიხედვით, სოციალურ წესრიგს ადამიანები მოსალოდნელი სასჯელის გამო არ არღვევენ და „სხვის ატანასაც“ არსებითად ამ ინტერესით ამართლებს. სოციალური თანაცხოვრების ეს მიდგომა ადამიანებს ატომიზებულ, თვითგადარჩენის ინტერესზე დაფუძნებულ სუბიექტებად ხედავს. რეპრესიით მიღწეული წესრიგისა და ინდივიდუალურ გადარჩენაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებით კი, იგი ართულებს თანასწორი, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას. ჩვენთვის, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოება ნიშნავს საზოგადოებას, რომელშიც საყოველთაო განსჯაში ისმის ყველა ჩაგრული ჯგუფის ხმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საჯარო პოლიტიკაში, საზოგადოებრივი და სოციალური სიკეთეები კი თანაბრად ნაწილდება ამ ჯგუფებებზეც. სწორედ ასეთი, ინკლუზიური პოლიტიკა უქმნის ადამიანებს კოლექტიურობის, სოციალური სტაბილურობისა და არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემასთან იდენტიფიკაციის განცდას. სწორედ განსჯაზე დაფუძნებული, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი აძლევს სოციალურ ჯგუფებს საკუთარი, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრის ურთიერდაკავშირებულობის გააზრების, მსგავსების აღმოჩენის შესაძლებლობას და ამდენად, ქმნის პოლიტიკურ და ემოციურ პლატფორმას სოლიდარობისთვის. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთის პატივისცემა მხოლოდ უსაფრთხოების პრაგმატულობის  გამო კი არ სჭირდებათ, არამედ უფრო სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, სადაც სხვადასხვა ჯგუფს საკუთარი სპეციფიკური ჩაგვრის გამოცდილება და კიდევ უფრო სამართლიანი პოლიტიკის წარმოების რესურსი შემოაქვს. ამავდროულად, მსგავსი პოლიტიკური სივრცე რელიგიური და კულტურული ცოდნის სისტემებში ფორმირებული პოზიტიური ცოდნის ურთიერთგაცვლის და ახალი, საჯაროდ გამოყენებადი ცოდნის შექმნის შესაძლებლობას ქმნის.

ცალკე გვინდა გავუსვათ ხაზი ტოლერანტობაზე მსჯელობის დროს რელიგიის საკითხს. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ რელიგია, როგორც რწმენა და რელიგია, როგორც იდეოლოგია. ამ განსხვავებების გაუთვალისწინებლობა პრობლემურია, რადგან იწვევს ზოგადად მორწმუნე ადამიანების პოლიტიკური იერარქიის დაბალ საფეხურზე მოთავსებას, მათ “ჩამორჩენილად” წარმოჩენას და შესაბამისად, მათ წინააღმდეგობას. სეკულარიზმის სამიზნე კი რელიგია, როგორც იდეოლოგიაა, რომელიც იჭრება პოლიტიკურ ველში და ცდილობს, რელიგიური გრძნობების ინსტრუმენტალიზებას კერძო პოლიტიკური ინტერესების განხორციელებისთვის. საჯარო დისკუსიების დროს, არ ხდება იმ  სისტემური პოლიტიკური და სოციალური პრობლემების (დემოკრატიული მონაწილეობის დაბალი დონის, ელიტიზმის, ეკონომიკური უთანასწორობის, სოციალური კეთილდღეობისა და დაცვის სისტემების ნგრევის, კულტურული გარიყულობის და ა.შ.) სათანადო გააზრება, რომელიც რელიგიური იდეოლოგიების ქვეშ მასების კონსოლიდირებას და ხშირად არატოლერანტულ, ძალადობრივ გარემოს ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ სახელმწიფოს მოვთხოვოთ აღნიშნული ძალადობრივი და მჩაგვრელი სტრუქტურების გარდაქმნა.

მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ  რელიგიურ სისტემებს აქვს რესურსი ძალაუფლებისგან ავტონომიურ და არაკოლონიზებულ სივრცედ არსებობდნენ, რაც მათ გამათავისუფლებელი პროცესების ხელშემწყობ აქტორებადაც კი შეიძლება აქცევდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტოლერანტობის ცნებას თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და დასავლურ წიაღში აღმოცენდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ შემწყნარებლობა არ არის მხოლოდ დასავლურ წიაღში გაჩენილი მოვლენა და სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, აღმოსავლეთსა და კერძოდ, სამხრეთ აზიაშიც არსებობდა კონფესიებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილება. ჩვენს კონტექსტშიც  სასურველია, ადგილობრივი ცოდნის და გამოცდილებების შესწავლა და ინკლუზია განმათავისუფლებელი პოლიტიკის წარმოებისას.

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ჩვენი მიზანი: არსებითად გვსურს უსაფრთხო საზოგადოება თუ  სამართლიანი საზოგადოების მშენებლობა. უსაფრთხო საზოგადოებისთვის პრიორიტეტი პრობლემის ხილული გამოვლინების მოგვარებაა, როდესაც სუბიექტის გარეგანი ქცევა ბრძოლის უმთავრესი ველი ხდება. მოქალაქეების ერთი ნაწილის უსაფრთხოება ხშირად გულისხმობს უსახლკარო, უიმედო და გარიყული მოქალაქეებით სავსე ციხეებს. სამართლიანი საზოგადოებისკენ სწრაფვა გამორიცხავს ისეთ საზოგადოებას, სადაც ბრძოლის ერთადერთი ველი გადის სუბიექტის გარეგან ქცევაზე და ისწრაფვის ისეთი სოციალური პროგრამების ორგანიზებისკენ, რომლებიც მიზნად ისახავს იმ სტრუქტურული უთანასწორობისა და მჩაგვრელი კონფიგურაციების გარდაქმნას, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებს.