რეპრესია საზღვრებს მიღმა:აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში

 

 

 

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის მთავრობამ ყურადღება მიიპყრო სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებებით. 2014 წელი გამოირჩეოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციების დაშლის მზარდი ტენდენციით და ათობით უფლებადამცველის, აქტივისტისა და ჟურნალისტის დაკავებით. მართალია, ბევრი მათგანი შემდგომ გათავისუფლდა, თუმცა აზერბაიჯანის მთავრობა აგრძელებს, საჯარო სივრცის კონტროლისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზნით, მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას. ადგილობრივი აქტივისტების მტკიცებით, დღესდღეობით, ქვეყანაში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია. ამავდროულად, ხელისუფლების მკაცრ კონტროლს ერთ დროს აქტიური და დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა მოჰყვა, რამაც გამანადგურებელი, მსუსხავი ეფექტი იქონია სამოქალაქო ჩართულობაზე.

2014 წლის სადამსჯელო ღონისძიებების დაწყების შემდგომ, დევნის შიშით, არაერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა. სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად, ტერიტორიული სიახლოვის, ისტორიულად ლიბერალური იმიგრაციის პოლიტიკისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მეგობრული გარემოს გამო, ბევრმა მათგანმა მეზობელ საქართველოს შეაფარა თავი. თუმცა, მოგვიანებით, განსაკუთრებით კი 2016 წლის შემდგომ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების გამო, აზერბაიჯანიდან დევნილი პირები უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ.

ეს ორი ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სავაჭრო ურთიერთობებით და მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების საკითხებზე. ორივე მათგანი დაინტერესებულია რუსეთის გავლენის და ეკონომიკური დომინირების შემცირებით. აზერბაიჯანის მთავრობამ, 1997 წლის შემდგომ, საქართველოს ეკონომიკაში 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო და იგი საქართველოში ბუნებრივი აირის 90%-ის მომწოდებელია. 2016 წელს, აზერბაიჯანის ინვესტიციები საქართველოში შეადგენდა უცხოური პირდაპირი დაფინანსების 35%-ს. 2006 წელს დასრულებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენის პროექტი, ასევე, სამხრეთის ბუნებრივი აირის კორიდორი (45 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის დამთავრებაც 2020 წელს არის დაგეგმილი და რომელიც ევროპას ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიაწოდებს) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ორმხრივი ურთიერთობისთვის.

კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:რეპრესია საზღვრებს მიღმა