სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომითი პირობები და გამოწვევები

Screenshot (301)

სოციალური მუშაობა, როგორც სოციალური პოლიტიკის დისტრიბუციის მნიშვნელოვანი მექანიზმი, ახლად დანერგილი მეთოდია საქართველოში და დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ეფექტიანი და ხარისხიანი მუშაობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სააგენტოს ეფექტიანი მუშაობის დამაბრკოლებელი არაერთი ბარიერი არსებობს, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად პროფესიული წრეები და თავად სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები  სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომით პირობებსა და სამუშაო გარემოს ასახელებენ.

სოციალურ მუშაობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენს რეალობაში და მისი განვითარების პერსპექტივებზე არსებითადაა დამოკიდებული ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება.  სოციალური მუშაობა მოიცავს ველზე სამუშაოს შესრულების გზით სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის სერვისების სათანადო მიწოდებას. სოციალური მუშაობა გულისხმობს პირდაპირ და უშუალო მუშაობას საველე მეთოდებით, ასევე სოციალური პოლიტიკის ხარვეზების იდენტიფიცირებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებას.

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური მუშაკების მეშვეობით მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სოციალური რისკის მქონე პირების, ოჯახებისა და სხვადასხვა თემს მიკუთვნებული ადამიანების სოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და გაზრდის მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, სოციალურ მუშაკებს არაერთი ფუნქცია აკისრიათ, მათ შორის – ევალებათ ბავშვზე ზრუნვა, მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა, ასევე, ოჯახურ დავასთან, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისა და მათი საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და სხვა. შესაბამისად, სოციალური სამსახურის გამართული საქმიანობა/მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერისა და  გაძლიერების, მათი ინტერესების სათანადო დაცვისა და ხელშეწყობისათვის.

საქართველოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში: სოციალური მომსახურების სააგენტო/სააგენტო) და მისი ტერიტორიული ორგანოები ასრულებენ. გარდა სოციალური მომსახურების სააგენტოსი, სოციალურ სამუშაოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისა და მიზნის მიხედვით ასევე ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო. თუმცა წინამდებარე მიმოხილვა, დროითი და რესურსული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომით პირობებზე კონცენტრირდება.

დოკუმენტის მიზანია, შეისწავლოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომითი პირობები და ახსნას მისი გავლენა სოციალურ მუშაობასა და სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. კერძოდ, მიმოხილვის მიზანია, გამოავლინოს ის ძირითადი პრობლემები, რასაც სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო გარემოსა და შრომისთ პირობებთან დაკავშირებით აწყდებიან, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს  მათი მუშაობის ხარისხსა და ეფექტიანობაზე, საერთო ჯამში კი აზიანებს სააგენტოს საქმიანობის მიზანს და აბრკოლებს ხარისხიანი, დროული მომსახურების მიწოდებას საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისათვის. 

კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომითი პირობები