კვლევა►წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები

წინააღმდეგობის პოლიტიკა

რა ხდებოდა ოთხმოცდაათიანებში? განმეორებით ვეკითხებოდით ერთმანეთს ამ წიგნზე მუშაობის პროცესში. აქ წარმოდგენილი კვლევა კულტურის, ბუნებრივი გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკას განიხილავს 2010 წლიდან მოყოლებული. თუმცა წინააღმდეგობის  პოლიტიკაზე, მშრომელებისა თუ გარემოს დამცველების წუხილზე, კოლექტიური მობილიზების ფორმებსა და საფუძვლებზე საუბარი ყოველთვის რთულია ფარდობითი სურათის უქონლობის პირობებში. ძნელია, კარგად გაიგო, რატომ წუხს მუშა, თუ არ იცი, რასთან შედარებით გაუუარესდა შრომითი გარემო და მატერიალური რესურსი. ღრმა თვისობრივი ინტერვიუც კი ზოგჯერ უძლურია ისტორიის დეტალების გამორკვევის პროცესში. ისტორია კი დაუწერელია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, იწერება პოლიტიკური ისტორია, იწერება ‘დიდი’ მოთამაშეების, ‘დიდი’ პარტიების, ‘დიდი’ სამოქალაქო პროტესტის ისტორია, და იკარგება სოციალური ისტორია. იკარგება იმიტომ, რომ არა მხოლოდ ისტორიკოსები, არამედ ანთროპოლოგები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები და ყველა სხვა, ვინც მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს შეისწავლის, ვერ ახერხებდა, განსაკუთრებით ოთხმოცდაათიანებში, ‘პატარა’, მარგინალიზებული აქტორების, მოძრაობების, პროცესების შესწავლას. ალბათ, ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანების სოციალური ისტორია, ინდუსტრიული სექტორის გარდაქმნის ისტორია, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ისტორია აქა-იქ შემონახულია და მედიის სისტემური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ისტორიის ამ და სხვა შრეების სისტემური შესწავლა. თუმცა ამ კვლევის პროცესში ჩვენ მსგავსი ანალიზის  დრო და რესურსი არ გვქონდა სამაგიეროდ, გვინდა, 2010 წლიდან მოყოლებული წინააღმდეგობის პოლიტიკის ისტორია არ გაქრეს და გაბუნდოვანდეს დროთა განმავლობაში. ჩვენი ნაშრომის ცენტრალური მიზანიც ეს არის; გვინდა, ერთი შეხედვით ‘პატარა’, მაგრამ, ჩვენი აზრით, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი პროცესების ნაწილი, კონკრეტულად კი, მშრომელების, კულტურული და ბუნებრივი გარემოს დამცველების ბრძოლები აღვწეროთ, მათი მოტივები გავიგოთ, კოლექტიური მობილიზების ხელმშემწყობი და ხელის შემშლელი გარემოებები გავაანალიზოთ.

წინააღმდეგობის პოლიტიკის წარმოების აღწერა და ანალიზი, ჩვენი აზრით, რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველი და ყველაზე ხელშესახები მნიშვნელობა მსგავს მცდელობას ისევ წინააღმდეგობის პოლიტიკის წარმოებაში ჩართული მოქალაქეებისთვის აქვს. როგორც წიგნში იხილავთ, წინააღმდეგობის პოლიტიკის გამოვლენა, კოლექტიური მობილიზაცია და პროტესტი სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვანაირად იზრდებოდა, გამოწვევებს აწყდებოდა, ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევდა, ზოგჯერ მორიგი ბრძოლის  დაწყების საფუძველი  ხდებოდა. მობილიზაციის რეპერტუარების შეძლებისდაგვარად სისტემური აღწერა, ერთი მხრივ, კრიტიკული  რეფლექსიის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი, შეხსენებაა იმის, რომ, რაც არ უნდა მარტო  ეგრძნოთ ზოგჯერ თავი კონკრეტულ კოლექტივებს, ჯგუფებს, ინდივიდებს სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიების წინაშე, რეალურად ბრძოლის საკმაოდ მრავალფეროვანი ველია გახსნილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში. კოლექტიური მობილიზების შემთხვევები, მობილიზებაში ჩართული აქტორები, წინააღმდეგობის რეპერტუარები, ჯგუფებს შორის სოლიდარობის გამოხატვის ფორმები მრავლდება. თავისთავად  სიმრავლე არაფრის გარანტი არ არის, თუმცა წინააღმდეგობის კერების სისტემურ აღქმას ვიმედოვნებთ, მაინც აქვს მოწყვეტილობისა და ფრუსტრაციის განცდის გადალახვის შესაძლებლობა. შესაძლებელია, კვლევა მომავალში წინააღმდეგობაში ჩართულ ჯგუფებს თუ მხარდამჭერებს მათი ბრძოლის გააზრებასა და ბრძოლის სტრატეგიების გადააზრებაში დაეხმაროს.

მეორე სავარაუდო მნიშვნელობა მოცემულ  კვლევას ფართოდ გაგებული სამოქალაქო საზოგადოების შიგნით არსებული ურთიერთიგნორის გადალახვისთვის შეიძლება ჰქონდეს. აქ აღწერილი წინააღმდეგობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  გადარჩენისთვის წარმოებული რამდენიმე ბრძოლის გამოკლებით,  შედარებით იშვიათად ხდება პოლიტიკური  განხილვის საგანი და მხარდაჭერასაც იშვიათად იღებს რესურსულად უფრო ძლიერი სამოქალაქო ჯგუფებისგან. სხვა მიზეზებს შორის, ურთიერთმხარდაჭერის ნაკლებობას, ძლიერი სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან უფრო მარგინალიზებული აქტორების მიმართ, და ასევე თავად მარგინალიზებულ ჯგუფებს შორისაც, შესაძლებელია, ერთმანეთზე ცოდნის ნაკლებობაც განაპირობებდეს. მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ აქ აღწერილი ბრძოლები შეიძლება, ხილვადობას მოკლებულია, მაგრამ არაერთი გამოწვევის მიუხედავად,   არაერთხელ  გამოიღო გადამწყვეტი შედეგი და გარდაქმნა  სოციალურ-პოლიტიკური პროცესები. ამ ბრძოლების – წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევების – მიზეზებისა და მიზნების აღწერა და გააზრება სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილების აღმოჩენის, მოკავშირეების მოძიებისთვის. თავისთავად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის ლანდშაფტის დანახვა იმისთვისაც კი მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა და მოძრაობებმა სხვა ბრძოლებთან მიმართებაში პოზიციონირება შეძლონ; სხვა ჯგუფებთან მიმართებაში საკუთარი წუხილის, ბრძოლის სტრატეგიების განსხვავებულობა ან მსგავსება უკეთ დაინახონ.

მოცემული წიგნის მესამე და ბოლო მნიშვნელობა მარგინალიზებულ თემებზე და პერიფერალიზებულ სივრცეებში მიმდინარე პროცესებზე აკადემიური ცოდნის დაგროვებაში წვლილის შეტანაა. წინააღმდეგობის პოლიტიკის აღწერა და ანალიზი აკადემიური  ცოდნის წარმოების განუყოფელი ნაწილია. როგორც  ზემოთაც ვახსენეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი აკადემიური ცოდნის  წარმოება პოლიტიკური ელიტების, მაკროინსტიტუტების, კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესწავლით არის დაკავებული. ამის თქმისას კონკრეტული მკვლევრების, მათ შორის, თავის ინდივიდუალურ  დადანაშაულებას არ ვისახავთ მიზნად. რესურსული სიმწირის, ზოგადად სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ხელშეწყობის ნაკლებობის გამო, ნამდვილად არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი  რჩება შეუსწავლელი. არსებული კვლევები სივრცითი დაფარვის თვალსაზრისითაც ხშირად შეზღუდულია, განსაკუთრებით სოციალური მობილიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესწავლისას, ძირითადად, თბილისში მიმდინარე პროცესებზეა კონცენტრირებული. ეს, ერთი მხრივ, ასახავს რეგიონების არსებულ პერიპერალიზაციას, მეორე მხრივ, პერიფერალიზაციის კვლავწარმოებასაც უწყობს ხელს. ეს წიგნი, თავისთავად უამრავი ლიმიტის მქონე, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ პრობლემებს ვერ შეეჭიდება, მაგრამ იმედი გვაქვს, მკვლევრებისთვის  საგულისხმო რესურსი  გახდება წინააღმდეგობის პოლიტიკის აღსაქმელად აქამდე შეუსწავლელ ქალაქებსა და რეგიონებში. სხვანაირად რომ ვთქვათ, მომდევნო ათწლეულებში ახალგაზრდა მკვლევრები რომ იკითხავენ, რა ხდებოდა 2010-იანებშიო, პასუხის ერთ-ერთ წყაროდ ამ წიგნსაც მიაგნებენ.

ამდენი იმედების აღწერის  შემდეგ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ, თუ წიგნს რამე მთავარი მახასიათებელი აქვს, ეს თავად წიგნის წინააღმდეგობრივი ხასიათია.  ერთი, რომ  ვცდილობთ, რაც შეიძლება ერთგულად და შეუმსუბუქებლად გადმოვცეთ ჩვენი რესპონდენტების, წინააღმდეგობის პოლიტიკაში ჩართული ჯგუფებისა და ინდივიდების შეფასებები, რაც თავისთავად მრავალფეროვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც კია. მეორეც, ვცდილობთ, არ ავირიდოთ საკუთარი, ზოგჯერ არათანმიმდევრული შეფასებების გაზიარება, განსაკუთრებით  სენსიტიური საკითხების განხილვა, რომელზეც არა მხოლოდ პატარა სარედაქციო და კვლევით ჯგუფში, არამედ ხანდახან ჩვენს თავშივეც კი არ მივსულვართ შეთანხმებასა თუ კონსენსუსამდე.

შესავლის დანარჩენი ნაწილი ორ მიზანს  ემსახურება. ჯერ გაგიზიარებთ კვლევის კონცეპტუალურ ჩარჩოს და სოციალურ მოძრაობებს, და ამ მოძრაობების შესწავლის მოკლე ისტორიას. ანუ ვცდით, ავხსნათ, რა ტერმინოლოგიას ვეყრდნობოდით, რა სახის ფენომენს ვსწავლობდით ემპირიული კვლევისას; კვლევის შედეგების აღწერის და განხილვის დროს როგორ ვახერხებდით ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, იმ იმედით, რომ მკითხველისთვისაც შეძლებისდაგვარად გასაგები გახდეს ეს ზოგჯერ უცხო და უხერხული ენა. შემდეგ კი გაგიზიარებთ კვლევის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს. კვლევის შედეგები ამ შემთხვევაში მყარი და საბოლოო დასკვნები არაა. წიგნის აწ უკვე სააშკარაოზე გამოტანილი წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, შედეგების აქ მოცემული აღწერა წინააღმდეგობრივი და პრობლემური საკითხების შეჯამებაა;  ყველაზე ნაკლებად კონსენსუალურ ინტერპრეტაციებსა და დაკვირვებებთან შეჭიდების გამოწვევაა ჩვენთვის, როგორც ავტორებისა და მკითხველისთვისაც.

კონცეპტი პერიფერალიზაცია კონცეპტ პერიფერულისგან განსხვავებით ხაზს უსვამს რომ პერიფერიულობა, ანუ სოციო-სივრცითი ცენტრისგან მოშორებულობა არა თავისთავადი რეალობა არამედ სოციალურად კონსტრუირებული პროცესია.  ისევე როგორც ადამიანები, ან ჯგუფები არ არიან თავისთავად მარგინალები, არამედ არიან მარგინალიზირებულები, ასევე სივრცეებიც არ არიან აპრიორი პერიფერიები არამედ არიან პერიფერალიზებული.

ანგარიში შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ.