EMC ზვიად რატიანის საქმის სასამართლო განხილვას და ვიდეო კადრების გასაჯაროებას ეხმაურება

pjimage-3-2

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ზვიად რატიანის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რატიანის მიერ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტზე.

პროცესის დაწყებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერების დართვის შესახებ. წარმოდგენილ ვიდეოებზე დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ მიიღო ჩანაწერების საქმეზე დართვის გადაწყვეტილება.

EMC, როგორც ზვიად რატიანის ინტერესების წარმომადგენელი, დაინტერესებული საზოგადოებისთვის განმარტავს ვიდეო ჩანაწერებთან და პროცესზე მის გამოკვლევასთან დაკავშირებულ პრობლემას და ზოგადად საქმის განხილვის დეტალებს.

სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ზვიად რატიანის გადაღება მიმდინარეობდა პოლიციის თანამშრომლის პირადი მობილური ტელეფონით. ჩანაწერი არის ფრაგმენტული და ასახავს მხოლოდ დაკავების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ვიდეო მასალაში არ არის აღბეჭდილი პოლიციის და ზვიად რატიანის თავდაპირველი კონტაქტი და ინციდენტის განვითარება. შესაბამისად, ჩანაწერი არასრულია და არ ქმნის შესაძლებლობას დადგინდეს სამართალდარღვევის საქმისთვის ყველაზე მნიშვენლოვანი გარემოებები – კერძოდ, რამ მოახდინა ინციდენტის პროვოცირება, რომლის გარეშეც ზვიად რატიანის ბრალეულობაზე საუბარი შეუძლებელია.

აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი არც ერთი სამართლებრივი აქტი, პოლიციას არ აძლევს უფლებას, თვითნებურად, საკუთარი შეხედულებით პირადი მობილური ტელეფონით დააფიქსიროს მოქალაქესთან კონტაქტი. 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ ზვიად რატიანის შეჩერება მოხდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის (რეიდის) ფარგლებში, რომ დადგენილიყო მისი ვინაობა. დაკავებაში მონაწილე პოლიციელების ზეპირი გასაუბრების ოქმები ასევე მიუთითებენ ანალოგიურ ვერსიაზე. პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებიც მიუთითებს, რომ ზვიად რატიანის შეჩერება უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე რეიდს, რაც პოლიციას ავალდებულებდა რეიდის ფარგლებში შეჩერებულ ნებისმიერ მოქალაქესთან კონტაქტი უწყვეტად აღებეჭდა ფორმაზე დამაგრებული სამხრე ვიდეო კამერით. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ჩანაწერი საქმეში არ არსებობს. პროცესზე დაკითხულმა პოლიციელებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მათ სამხრე კამერები საერთოდ არ აქვთ, ამდენად არამხოლოდ ამ საქმეში, არცერთ სხვა შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მათი მხრიდან არ ხდებოდა.

უნდა ითქვას, რომ სწორედ სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო მასალის არარსებობის გამო, შსს-მ და პროცესზე დაკითხულმა პოლიციელებმა სასამართლო განხილვისას შეცვალეს მანამდე გაჟღერებული ვერსია და უთითებდნენ, რომ ზვიად რატიანის გადამოწმება უკავშირდებოდა არა რეიდს, არამედ მისი მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას, რაც უმისამართო გინებაში გამოიხატებოდა. ნათელია, რომ ამ ნაწილში ცალსახა წინააღმდეგობაა პოლიციელების ზეპირი გასაუბრების ოქმებსა და პროცესზე გაჟღერებულ ვერსიებს შორის. შესაბამისად, მთლიანად საეჭვო ხდება პოლიციის ჩვენებების სანდოობა, რაც შესაბამისად უნდა იყოს შეფასებული სასამართლოს მხრიდან. აქვე აღვნიშნავთ, რომ პროცესზე შსს-მ მოწმის სახით წარმოადგინა ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც მათი განმარტებით დაკავების ადგილას იმყოფებოდნენ. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთ სამოქალაქო პირს (ნეიტრალურ მოწმეს) არ დაუნახავს და არ გაუგია ზვიად რატიანის უმისამართო გინება, რაც დასტურდება სასამართლოში მათ მიერ მიცემული ჩვენებებით.

ამდენად მიგვაჩნია, რომ შსს-ს მიერ პროცესზე წარმოდგენილი ვიდეოები მოპოვებულია კანონის დარღვევით, რაც ამ მტკიცებულების დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია ამ ნაწილში არ გაიზიარა. ასევე სამწუხაროა, რომ ცალკეულმა მედია საშუალებებმა უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერი საჯაროდ გაავრცელა. მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში ჩანაწერების გავრცელების ერთადერთი მიზანი ზვიად რატიანის რეპუტაციული თავდასხმა და მის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

EMC გეგმავს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და მოითხოვოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება იმ პოლიციელების მიმართ, ვინც უკანონოდ ახორციელებდა ვიდეო გადაღებას. ასევე მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს იმისთვის, რომ დადგინდეს ჩანაწერების მოპოვების და მათი მედია ორგანიზაციებისთვის გაზიარების კანონიერების საკითხი.

ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე გადაწყვეტილება 29 დეკემბერს, 2 საათზე, გამოცხადდება. რაც შეეხება რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, EMC-მ მიმართა შუამდგომლობით თბილისის პროკურატურას და ითხოვს ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობას, ისევე როგორც რიგი საგამოძიებო მოქმედებების დროულად ჩატარებას.