საქართველო Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ 2018 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებულ მსოფლიო ანგარიშში[1] საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარებაც არის მიმოხილული.[2] ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემებზე, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის. მათ შორის არის თემები, რომლებზეც EMC წლების განმავლობაში აქტიურად მუშობს და მოუწოდებს ხელისუფლებას კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების/რეფორმების განხორციელებისკენ. კერძოდ:

საკონსტიტუციო რეფორმა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს წარმართული საკონსტიტუციო რეფორმა მმართველმა პარტიამ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე წარმართა და აღნიშნულ პროცესებს აკრიტიკებდნენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. აგრეთვე ხაზგასმულია მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადადება, როგორც “ძალიან სამწუხარო” და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“.

სამართალდამცავთა ძალადობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

აღნიშნულ საკითხს ანგარიშში საკვანძო ადგილი აქვს დათმობილი. კერძოდ, პრობლემურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ “საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს”. ასევე პრობლემაა დანაშაულში დაზარალებულისთვის ოფიციალური სტატუსის არმინიჭება, რის გამოც ამ ადამიანებს არ აქვთ საქმის გაცნობის და მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა.

ამ კუთხით, ცალკე არის გამოყოფილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და პოლიტიკური აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც მაისის თვეში თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა და 24-საათზე ნაკლებ დროში, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის საპატიმროში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა დაუსაბუთებელი ბრალდებებით. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში პოლიტიკურ დევნილობაში მცხოვრები მუხთარლის მტკიცებით, ის ქართული პოლიციის ფორმიანმა და ქართულად მოსაუბრე რამდენიმე ადამიანმა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერა, თავზე ტომარა ჩამოაცვა, მანქანაში ძალით ჩასვა, სცემა და წაიყვანა.” აღნიშნულ საქმეზე მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა, თუმცა საქმეზე მიმდინარე გამოძიებით ამ დრომდე არ არის კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთილი.

ნარკოპოლიტიკა

ანგარიშში მითითებულია, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებით სახელმწიფო კვლავაც აგრძელებს მკაცრი კანონდების გამოყენებას, მაშინ როცა სამკურნალო სერვისები კვლავაც მნიშვნელოვნად შეზღუდულია. “ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით.” ამ კუთხით, ანგარიშში აგრეთვე ნახსენებია “ბირჟა მაფიის” საქმე, სადაც დაკავებული რეპერები, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკი “ჩაუდო” მას შემდეგ, რაც მათ ვიდეო-კლიპში გააშარჟეს პოლიცია.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სისტემური დარღვევების გამოცდილება, ანგარიში აღნიშნულ საკითხსაც არ ტოვებს უყურადღებოდ და აღნიშნულია, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონმდებლობა ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის და სახალხო დამცველის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელახლა გაასაჩივრეს ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც  ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი არ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, რადგან ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის სათანადო.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ამ კუთხით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ერთი მხრივ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლითაც კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა ქორწინება, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ასევე მითითებულია ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების პოზიციაზე, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ანგარიშში ასევე შევიდა აგვისტოს თვეში, ბათუმში სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“  ორ აქტივისტზე თავდასხმის შემთხვევა, რა დროსაც თავდამსხმელები ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ მსხვერპლის მიმართ. იქვე მდგომმა პოლიციელებმა კი არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად და ამის ნაცვლად, პოლიციელებმა ბერიანიძე და კუსიანი მიწაზე დააგდეს, წიხლები დაუშინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სავარაუდოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე დღეს სასამართლომ ბერიანიძე და კუსიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა. აღნიშნულ შემთხვევაზე შესაბამისმა ორგანოებმა შიდა მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ანგარიშის მომზადების დროისთვის ისევ მიმდინარეობდა.

შრომითი უფლებები

აღნიშნული საკითხი წელს პირველად შევიდა ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის პრობლემურობასა და მნიშვნელობაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.” სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ არაეფექტურობის გამო და მოითხოვენ ეფექტური ინსპექტირების მექანიზმის შექმნას. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ “სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით.”

[1] ანგარიშის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.hrw.org/sites/default/files/world_report_download/201801world_report_web.pdf

[2] https://www.hrw.org/ka/world-report/2018/country-chapters/313737