EMC-იმ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

ამ დოკუმენტში EMC მიმოიხილავს თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს. ორგანიზაცია სასამართლოს სთხოვს  ჯეროვანი გულისხმიერებით შეისწავლოს რელევანტური საერთაშორისო და ადგილბრივი სამართლებრივი სტანდარტები და საქმის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი. EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში დეტალურად განხილულია შემდეგი საკითხები:

  • ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევის სამართლებივი სტანდარტების მიმიხილვა და ასოციაციური დევნის რისკები, მათ შორის, თურქეთის მთავრობის მიერ ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების პრობლემურობა;
  • მ. ე. ჩაბუქის მიმართ თურქეთში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაყენებელი ნორმების ბუნდოვანობისა და განჭვრეტადობის პრობლემა, რაც თურქეთის მთავრობას თვითნებობის ფართე შესაძლებლობას აძლევს და რაც ასევე გაკრიტიკებულია ვენეციის კომისიის დასკვნებში;
  • თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკების, ასევე ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ თვითნებური სისხლის სამართლერივი დევნის და მართლსაჯულების ბაზისური გარანტიების არ არსებობის პრაქტიკები. სასამართლო მეგობრის პოზიციაში EMC თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგენს თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების უახლოესი ანგარიშებისა და შეფასებების მიმოხილვას;
  • თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მასობრივი დევნისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის ბაზისური გარანტიების გარეშე მსჯავრდების პრაქტიკები;
  • საქართველოში ჩაღლარის სკოლების დახურვის დისკრიმინაციული პრაქტიკა.

EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლიანად განიხილოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელი დაცვა. ექსტრადიციის თაობაზე პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც თურქეთის არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ლოიალობის და საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითია, სწორედ სასამართლო ხელისუფლება რჩება სამართლებრივი დაცვის ის ერთადერთი რესურსი, რომელსაც მ. ჩაბუქის უკანონო ექსტრადიციის პროცესის შეჩერება შეუძლია.

მ.ე. ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სრული უგულებელყოფა იქნება, რაც ფუნდამენტურად დააზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას და შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს. მ.ე. ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება საქართველოში დემოკრატიული განვითარების ტესტი გახდება.

EMC მომავალშიც განაგრძობს საქმის შესწავლასა და მხარდაჭერას. ორგანიზაცია შეეცდება ადვოკატირების ყველა რესურსი გამოიყენოს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის უფლებების დასაცავად.

გაეცანით  EMC-ს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას (Amikus Curiae)