06მარ

Cover image

6 მარტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები, მკვლევარები და ადგილობრივი აქტივისტები ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და სხვა თანამშრომლებს, ასევე მარნეულის, დმანისის, გარდაბნის მერებს და ბოლნისის მერის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ რეგიონში კულტურის პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

EMC-მ ქვემო ქართლის რეგიონში კულტურული დომინაციის, ადგილობრივი კულტურის წაშლის პრაქტიკისა და საქართველოს აზერბაიჯანელ თემში მიმდინარე სოციალური ცვლილებების შესახებ თავისი ახალი კვლევების მიგნებები წარმოადგინა და ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურის პოლიტიკის ცვლილების შესახებ კონკრეტული რეკომენდაციები გაუზიარა. მათ შორის, ჩვენი რეკომენდაციები უკავშირდებოდა მუნიციპალურ დონეზე სამოქალაქო თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოების მექანიზმის შექმნის, მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული ხედვისა და გეგმების დემოკრატიული გზებით შემუშავების, უმცირესობების კულტურის წარმოჩინებისა და სიმბოლური რეპრეზენტაციის ხელშეწყობის, ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების სერვისებისა და პორტალების უმცირესობების ენაზე თარგმნის, უმცირესობების კულტურის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავების, სოფლებში კულტურული სივრცეებისა და პროგრამების გაჩენის საკითხებს. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენი კრიტიკის ნაწილი გაიზიარა და მომავალში კონკრეტული მიდგომებისა და აქტივობების მათ სამოქმედო გეგმაში ასახვისთვის დისკუსიის გაგრძელების ინტერესი გამოხატა.

როგორც კვლევების ჩატარება, ასევე ადვოკატირების პროცესის ორგანიზება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.