07თებ

Cover image

7-8 თებერვალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და სოლიდარობის პლატფორმის წევრები აჭარაში გასვლითი შეხვედრით იმყოფებოდნენ.

7 თებერვალს გასვლითი შეხვედრის მონაწილეები შეხვდნენ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელებს, მრევლს და ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული მოძრაობისა და თვითორგანიზების ისტორია მოისმინეს. EMC-ს წევრებმა და აქტივისტებმა პანკისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ადგილობრივ მრევლს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

მთელი დღის განმავლობაში EMC იურისტები და სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა ადგილობრივ მრევლს უფასო იურიდიულ და სოციალურ კონსულტაციებს აძლევდნენ. ამის შემდეგ, სოლიდარობის პლატფორმის წევრების მონაწილეობით ბათუმში შედგა საჯარო დისკუსია თემაზე: "არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში - გამოწვევები და სოლიდარობის შესაძლებლობები." ქამრან მამედოვმა, ჰურიე აბაშიძემ, რამზან გორგიშვილმა და სამირა ბაირამოვამ ეთნიკური/რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და თვითორგანიზების, ძალის და სოლიდარობის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

8 თებერვალს EMC და სოლიდარობის პლატფორმის წევრები ხულოში ხულოს მუფტს ბატონ ასლან აბაშიძეს და ხულოს მეჯლისის წევრებს შეხვდნენ. მათ მოისმინეს მაღალმთიან აჭარაში ქართველი მუსლიმი თემის ძირითადი გამოწვევები და მხარდაჭერის გზებზე იმსჯელეს. ქართველი მუსლიმი თემისთვის მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას მთაში მძიმე სოციალური პირობების მიღმა, მუსლიმური პანსიონატების აკრძალვის და ადგილზე სხალთის ეპარქიის კულტურული და პოლიტიკური დომინაციის საკითხებია.

ღონისძიებების გამართვა შესაძლებელი გახდა ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.