16ივლ

Cover image

16 ივლისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარადგინა ახალი კვლევა: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - შეჩერებული რეფორმა და ახალი ტენდენციები“. კვლევაში მიმოხილულია ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოს და სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, EMC-კიდევ ერთხელ ითხოვს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ  მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.

EMC-ს შეფასებით, ბოლო წლებში, ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული, ცალკეული, არასისტემური ნაბიჯების პირობებში, ნარკოტიკული დანაშაულები კვლავაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებათა სფეროს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მრავალწლიანი მოთხოვნის, ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტისა და სხვადასხვა დაინტრესებული ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ მიიღო ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეული ცვლილების გადაწყვეტილება. მეტიც, 2018 წლის გაზაფხულის შემდეგ, პრაქტიკულად, ხელისუფლებამ უარი თქვა ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვაზე სხვადასხვა სამუშაო ფორმატში და კანონპროექტი საკანონმდებლო დღის წესრიგიდანაც მოიხსნა.

 

EMC-ს კვლევის  ძირითადი მიგნებები

  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლებას საჯაროდ ამ დრომდე არ წარმოუდგენია საკუთარი ხედვა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. დღემდე გაურკვეველია, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის კოორდინირებასა და დაინტერესებულ ჯგუფებთან საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნაზე;
  • ხელისუფლება კვლავაც საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებების აღსრულების რეჟიმში რჩება, თავს არიდებს სისტემური რეფორმის ინიცირებას და საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას;
  • მართალია, 2018 წელს გაზრდილია პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევები ნარკოტიკების მოხმარების ან მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისთვის, თუმცა, ამ დანაშაულებისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება;
  • გასულ წელს, შემცირდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა და მცირედით გაიზარდა დადებითი პასუხის მაჩვენებელი გადაყვანილ პირთა ექსპერტიზის შედეგებში. მიუხედავად ამისა, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები და გადაყვანილ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკის საგანია;
  • ანგარიშზე მუშაობის დროს, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ 2017 წელი განსაკუთრებით პრობლემური იყო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. თვალში საცემია, სწორედ 2017 წელს, ნარკოტიკული დანაშაულით და სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებებით მანიპულირების ხელწერა. 2018 წელს მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ, ამ დრომდე, ცნობილი არ გამხდარა;
  • არ აღირიცხება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად განსაზღვრისთვის.
  • კანონმდებლობით შეიცვალა და გარკვეულწილად, უკეთ მოწესრიგდა ავტოტრანსპორტის მძღოლის ნარკოტესტირების მეთოდები, თუმცა, უცვლელია ზოგადად ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები და ქუჩიდან ნარკოტესტიერბაზე პირთა გადაყვანის პროცედურები;
  • მოქმედი კანონმდებლობა, ნარკოტიკული ნივთიერების ობიექტური ოდენობის მიუხედავად, უშვებს არაჰუმანური სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი, ლეგიტიმური საშუალება ბრალდებულისთვის, საპროცესო შეთანხმებით, ალტერნატიულ სანქციებზე მორიგებაა;
  • კვლავაც სისტემურ გამოწვევად რჩება ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების პროცესში ოპერატიული ინფორმაციის როლი. ძირითადი საგამოძიებო მოქმე­დებების ჩატარება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. მისი სადა­ვოდ გახდომა/მის შინაარსზე წვდომა გამომძიებლის გარდა, სისხლის სამართ­ლის პროცესის არც ერთ მონაწილეს არ შეუძლია;
  • სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკულ დანაშაულებზე იმდენად დაბალია, რომ პოლიციელთა შეთანხმებული ჩვენებებისა და ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნული ქიმიური ექსპერტიზის არსებობის პირობებში, პირის მსჯავრდება უკვე შესაძლებელი ხდება.

კვლავას სრულად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: http://bit.ly/2Ges1Qp