16სექ

Cover image

16 სექტემბერს, 11 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გაიმართა "მწვანე ალტერნატივას" მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია: "ზემო სვანეთში, იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობის შეფასება". კვლევა მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.

კვლევაში მიმოხილულია ზემო სვანეთში იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას  ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობები და შეფასებულია, რამდენად არის შესაძლებელი არსებული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა დაცული ტერიტორიის მეშვეობით, რომელი კატეგორიის დაცული ტერიტორიის შექმნა იქნება უფრო მისაღები გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

დღეისათვის საქართველოს არაერთ რეგიონში შექმნილია  რთული სიტუაცია, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ზემო სვანეთის ქვედა ზონის თემებში - იდლიანი, ხაიში, ჭუბერი და ნაკრა - არსებული სიტუაცია. ამ მცირემიწიანი რეგიონის მოსახლეობა  ტყეში მოპოვებულ მერქნულ რესურსებზეა დამოკიდებული. ეს ეკოსისტემები  ღირებულია გლობალური მასშტაბითაც: დედამიწის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები სწორედ ამ ხეობებში გვხვდება[1].

სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ტყის ეკოსისტემების მდგრად მართვას და რომელიც, მინიმუმამდე დაიყვანდა უკანონო ტყითსარგებლობისა და კორუფციის შესაძლებლობას.

ამ მიმართულებით  საჭიროა ბუნებრივი/ტყის რესურსების მართვის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და რომლის პირობებშიც სახელმწიფო   ადგილობრივ თემს ტყის მართვაში დაეხმარება. ასეთი მიზნის მიღწევა შესაძლებელია რეგიონში სწორად შერჩეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსების მეშვეობით, რომლის მართვაც იწარმოებს  ადგილობრივი მიწათსარგებლობის ტრადიციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ქვეყნის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან.  

[1] წყარო: http://intactforests.org ; Global forest watch; ასევე იხ. www.atlas.mepa.gov.ge