12სექ

Cover image

12 სექტემბერს "მასწავლებელთა ქსელის" პირველი ლექციათა ციკლი გაიმართა.

მოხსენებები წაიკითხეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნათია ნაცვლიშვილმა, განათლების მკვლევარმა და ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ და ანთროპოლოგმა მარიამ შალვაშვილმა. ლექციები ეხებოდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, განათლების სისტემის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს და ცოდნისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართებას.

„მასწავლებელთა ქსელი“ ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე 18 მასწავლებელს აერთიანებს. ქსელის მიზანია სათემო და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების გაძლიერება და უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მასწავლებლებს შორის ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგის წახალისება.

ქსელის მონაწილეებს ყოველთვიურად ჩაუტარდებათ ლექციების ციკლი დემოკრატიის, ისტორიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, გარემოს დაცვის, ფემინიზმის, ნაციონალიზმის, მულტიკულტურალიზმის საკითხებზე, ასევე უფრო პრაქტიკულ თემატიკაზე, როგორიცაა სწავლების ახალი მოდელები და ტექნიკები, მრავალეთნიკურ კლასში სწავლების სტრატეგიები  და სხვა.

წარმოდგენილი პროექტი ხორციელდება საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. პროექტის თანაპარტნიორია ახალი აზროვნების ინსტიტუტი. პროექტის განხორციელებას მხარს  უჭერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.