20თებ

Cover image

20 თებერვალს  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა დისკუსია თემაზე: „საცხოვრისიდან გამოსახლება - საერთაშორისო სტანდარტები და გამოწვევები საქართველოს კონტექსტში“. შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა აქტორის მონაწილეობით, სათანადო საცხოვრებლის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გამოსახლებისგან დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მსჯელობას და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიმოხილვას.

ღონისძიების გამართვის მიზეზი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების/გამოსახლების მცდელობების გახმაურებული შემთხვევებია,[1] სადაც იკვეთება, რომ გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის და პრაქტიკის უმეტესი ნაწილი ბაზისურ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. სახელმწიფოს არ გააჩნია გამოსახლების პრევენციის პოლიტიკა. გარდა ამისა, გამოსახლების აღსრულების პროცედურები არ ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს გამოსახლებული პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

შეხვედრაზე EMC-მ გააკეთა მოკლე შეჯამება გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კონტექსტში არსებული პრობლემების შესახებ. მოხსენების შემდგომ სხვადასხვა აქტორის მონაწილეობით შედგა თემატური დისკუსია, მათ შორის, პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საცხოვრისის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და ინდივიდუალური აქტივისტები (მათ შორის, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირები).