21დეკ

Cover image

8, 21 და 22 ნოემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ექსპერტ ნანა მჭედლიძესთან თანამშრომლობით თელავის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში გამართა ამავე ექსპერტის ორი სახელმძღვანელოს (“შრომითი უფლებები“ და „საცხოვრისის უფლება“) პრეზენტაცია.

სახელმძღვანელოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, ევროპული სოციალური ქარტიითა და ევროპული კავშირის ძირითად თავისუფლებათა ქარტიით დადგენილი სტანდარტების ჭრილში არის მიმოხილული საცხოვრისის უფლებისა და შრომითი უფლებების სხვადასხვა ასპექტი და სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტები.

დოკუმენტები არის ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გაუზიაროს თემატურად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გადამუშავებული მასალა შრომისა და საცხოვრისის  უფლებებთან დაკავშირებით, ამ გზით კი, ხელი შეუწყოს საკითხის მიმართ ცოდნის, მგრძნობელობის ზრდასა და უკეთესი სტანდარტების დანერგვას, ასევე, წაახალისოს სიღრმისეული დისკუსია აღნიშნულ სოციალურ საკითხებზე. სახელმძღვანელოებს პრაქტიკული დანიშნულება აქვს კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმღები, ნორმის შემფარდებელი, კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიღებისა და გამოყენების შედეგად სავარაუდო უფლებადარღვევების განმხილველი ორგანოებისთვის.

სახელმძღვანელოები მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით

EMC იმედს გამოთქვამს, რომ მომზადებული დოკუმენტები დაეხმარება სასამართლო სისტემას, სახელმწიფო ორგანოებს, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და ხელს შეუწყობს შრომითი უფლებების, სათანადო საცხოვრისისა და უსახლკარობის მიმართულებით ძირეულ პოზიტიურ ცვლილებებს.