03ივლ

Cover image

3 ივლისს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის (PHR), შშმ პირებმა და აქტივისტებმა - დავით ბიბილეიშვილმა, ოლღა კალინამ (თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)) და მარი კორკოტაძემ (ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)) გამართეს პრესკონფერენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე.

შშმ პირები და ორგანიზაციები პრობლემურად აფასებენ კანონპროექტის როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე, მისი შემუშავების პროცესს. კანონპროექტს მიზნად უნდა დაესახა გაეროს შშმ პირთა კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების გარდა, მოკლებულია შესაძლებლობას, გააუმჯობესოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კანონპროექტი უმეტესწილად დეკლარაციული ხასიათისაა, იგი, ცალკეულ შემთხვევებში, გაეროს კონვენციაზე უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ცალკეულ მნიშვნელოვან ასპექტებს (მაგ. ქმედუნარიანობა, დეინსტიტუციონალიზაცია) საერთოდ არ მოიცავს.

შინაარსობრივ საკითხებთან ერთად, შშმ თემის წევრები და ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ კანონპროექტის შემუშავების პროცესს. როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა ვერ შეძლო, კანონმდებლობის შემუშავებისა და განხილვის დროს უზრუნველეყო შშმ პირთა ეფექტიანი და რეალური ჩართულობა, რაც გაეროს კონვენციის ფუძემდებლურ პრინციპებსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

მიუხედავად არაერთი კოალიციური განცხადებისა და რეკომენდაციებისა როგორც შინაარსობრივ, ისე პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, პროცესში შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობა არ იქნა უზრუნველყოფილი, კანონპროექტის შინაარსი უმეტესწილად უცვლელი დარჩა და პარლამენტის მიერ მისი ამგვარი ფორმით, მესამე მოსმენით, მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.