23ოქტ

Cover image

EMC-მ  23 ოქტომბერს გამართა სამუშაო შეხვედრა, "გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში - მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევების მაგალითზე". ორგანიზაციამ  წარმოადგინა შრომის უსაფრთხოების საქმეებზე მონიტორინგის შედეგები. შეხვედრას დაესწრნენ შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამუშაო ადგილებზე დაზარალებულთა ოჯახის წევრები.

EMC-ს მონიტორინგის შედეგად  იკვეთება, რომ სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება. 

2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით საწარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  2016 წელს საწარმოებში 133 უბედური შემთხვევა მოხდა, 2017 წელს  163 შემთხვევა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199 ადამიანი.   2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით დაშავებულია 71 პირი, ხოლო გარდაცვილია 25 ადამიანი.

რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს -ს თანახმად, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს 224 შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკამოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

გარდა ამისა, EMC-მ დეტალურად შეისწავლა 2018 წლის 16 ივლისს, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დაწყებული გამოძიების პროცესიც. EMC აღნიშნულ საქმეში სამართლებრივ დახმარებას უწევდა გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილის ოჯახს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა სამი მოქალაქის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.  ისინი 2018 წლის 16 ივლისს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ სამუშაოების წარმოებაში და უშუალოდ ოსტატ-ამფეთქებელთან ერთად, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ეს პირები ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ყველა მათგანი იყო სამუშაო ადგილზე დასაქმებული მუშა. არ დამდგარა არც ერთი მენეჯერის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

EMC-ს შეფასებით,  სისხლის სამართლის  ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა შახტის მმართველი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე მოეხდინა გავლენა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია სამუშაო უბნის ხელახალი გეოლოგიური შესწავლა და რისკების გაანალიზება, რამდენადაც ამავე სამუშაო უბანზე 2018 წლის 16 ივლისამდე, 5 აპრილს მოხდა კიდევ ერთი მძიმე საწარმოო შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამგვარი ვითარების არსებობისას, ცხადია, შახტის მენეჯმენტს უნდა დაესვა კითხვა და ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევა, საერთოდ იყო თუ არა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი N1 ნახშირმომპოვებელი უბანი.