22ივლ

Cover image

22 ივლისი, 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად,  ევროკავშირის მხარდაჭერით წარმართული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის დახურვის ღონისძიება გამართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი სამი უახლესი კვლევის პრეზენტაცია, რომლებიც აფასებს სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობას, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირებასა და სასამართლოს ხელმისაწვდომობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად მოამზადა რიგით მეორე ჩრდილოვანი ანგარიში „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის“ შესახებ. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში კვლავ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ აქტივობების შესრულების მდგომარეობას აფასებს, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტში, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და დღემდე არსებულ გამოწვევებზე ერთიანი სურათის შექმნის მიზნით, ასევე თემატურადაა განხილული სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხი ტალღა.

მეორე კვლევა -  რიგით მეორე ანგარიში „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში“. ანგარიშში გაანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი პრაქტიკაში, რამდენად სრულყოფილია საქმეთა განაწილების წესი და როგორია ამ მხრივ არსებული სტატისტიკური მონაცემები.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით მოამზადა ანგარიში „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“ ანგარიში სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს ქართულენოვანი, სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აჯამებს. იგი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.

ანგარიშები მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.