Library Cover Image

ხელმძღვანელი: იაგო კაჭკაჭიშვილი

ავტორი: ანა დიაკონიძე

გვერდების რაოდენობა: 133

A.Diakonidze_PhD_1581431629.pdf

რატომ შრომისა და დასაქმების პოლიტიკა?

ბოლო დეკადის განმავლობაში პოსტ–კომუნისტური ქვეყნების სოციალური მოდელების შესწავლა კვლევის აქტუალური მიმართულება გახდა. სამწუხაროდ, მეცნიერთა მოღვაწეობა ამ მიმართულებით ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ფოკუსირდება (Drahokoupil & Myant, 2009; Cazes & Nesporova, 2003; Aidukaite, 2009) და ძალიან სუსტია რეფლექსია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რასაც პოსტ-საბჭოთა სივრცეს ვუწოდებთ. მართალია, ბოლო პერიოდში დაიწყო აღნიშნული რეგიონის შესწავლაც (Timm, 2013; Gugushvili D. 2014; Gugushvili A., 2010; Christophe, 2007), მაგრამ საერთო ჯამში თუ ვიტყვით, ,კვლევების ერთობლიობა ამ თემის შესახებ საკმაოდ მწირია. პოსტ-საბჭოთა სოციალური პოლიტიკა ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილ დარგს წარმოადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ სოციალური პოლიტიკის სფერო უაღრესად მნიშვნელოვანია პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც ქვეყნების უმეტესობა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდიდან მოყოლებული, ცდილობს დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა - ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლებთან გამკლავებას დასავლეთის განვითარებული ეკონომიკები განსხვავებული სოციალური მოდელებითა და კეთილდღეობის პროგრამებით ცდილობენ. როგორი უნდა იყოს ეს მოდელები საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში? რა უშლით მათხელს განვითარებაში? და რა ფაქტორები ახდენს გავლენას სოციალური პოლიტიკის ფორმირებაზე ამ ქვეყნებში – პასუხგაუცემელ, თუმცა უმნიშვნელოვანეს კითხვებად რჩება.

მოცემული ნაშრომი ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს აღნიშნული სფეროს კვლევაში. კერძოდ, დისერტაციის მთავარ მიზანს საქართველოში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებების ანალიზი და მათი განმაპირობებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა წარმოადგენს.

A.Diakonidze_PhD_1581431629.pdf