წყარო

ლიბერალი

განუსაზღვრელი ძალაუფლების ერთ სისტემაში მოქცევა თავისთავად წარმოშობს ამ ძალაუფლების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების რისკებს. თუმცა, პრობლემების მხოლოდ ძალაუფლების სიდიდემდე დაყვანა თავისთავად არასწორია. ეს პოზიცია მთელი სიცხადით დადასტურდა, როდესაც ქალაქ ფოთში ნიღბიანმა და ავტომატებით შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა ე.წ. რეიდი ჩაატარეს. რეიდს კანონმდებლის ენაზე სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ჰქვია და ის შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სამართალდარღვევა. ღონისძიების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების ფორმა ადასტურებს მის განსაკუთრებულ, საგამონაკლისო ხასიათს, შესაბამისად, რეიდი ვერ იქნება განხილული, როგორც ყოველდღიური საპოლიციო-პრევენციული ინსტრუმენტი და მისი ჩატარებისთვის აუცილებელია უჩვეულო, საგანგებო კრიმინოგენული სიტუაციის არსებობა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება ფოთში ჩატარებული რეიდის მიზეზებთან და ფორმებთან დაკავშირებით.

ფოთის ერთი შეხედვით ლოკალური, არატიპური შემთხვევა კარგად წარმოაჩენს სისტემაში არსებულ ხარვეზებს, თანაც ეს შემთხვევა სულაც არაა გამონაკლისი. მაგალითად, თბილისში მხოლოდ სექტემბრის თვეში, პოლიციამ სამჯერ ჩაატარა რეიდი. ფოთის მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ სამართალდამცავების მიმართ არ არსებობს სათანადო ანგარიშვალდებულებისა და გარე კონტროლის მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო საჭიროდ ჩათვლიდა განემარტა, რის საფუძველზე ჩატარდა რეიდი და რამ განაპირობა ავტომატიანი და ნიღბიანი პირების მონაწილეობა მასში.

ჩატარებული რეიდის ზოგადი ფორმები ცალსახად უკანონო არაა, თუმცა ცალკე პრობლემაა, რომ სამართალდამცავებს აქვთ უფლებამოსილება, ზოგადი პრევენციული მიზნებისთვის გამოიყენონ უფლებების შეზღუდვის მეტად მძიმე და ინტენსიური მექანიზმები. პრობლემურია ისიც, რომ კანონი არ აზუსტებს, რომელ დეპარტამენტსა თუ სააგენტოს ენიჭება  პრევენციული საქმიანობის (მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის) განხორციელების უფლებამოსილება. შესაბამისად, მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის გზა გახსნილი აქვთ ისეთ სამსახურებსაც, რომელთა ფუნქციები, პროფესიული მომზადება და აღჭურვილობა სრულიად არაადეკვატურია ყოველდღიური საზოგადოებრივი საკითხების მოსაგვარებლად და ეს აღნიშნული რეიდის დროსაც გამოჩნდა.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრებები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე. ეს საკითხი პირველად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წამოწია, მოგვიანებით, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვისას, იმავე თემას შეეხო პარლამენტის თავმჯდომარეც, ბოლოს კი, სისტემის რეფორმაზე ყოფილმა შინაგან საქმეთა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა სპეციალური განცხადება. საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ უფრო ხშირად მოვისმენთ პოლიტიკოსების განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის აუცილებლობაზე.

ნახსენები პოლიტიკური ფიგურები აქცენტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ დაუბალანსებელ ძალაუფლებაზე აკეთებენ. თუმცა, არასწორია რეფორმის თავიც და ბოლოც მხოლოდ სისტემის დეკონცენტრაციას დაუკავშირდეს. პრემიერმა თავისი განცხადების ძირითადი ნაწილი უკეთესი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიციის შექმნის ნაცვლად, უსაფრთხოებისა და უშიშროების სამსახურების მომავალ ინსტიტუციურ მოწესრიგებაზე საუბარს დაუთმო. ეს ყველაფერი კი აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ ერთი მხრივ, წინასაარჩევნო დაპირების შესრულების,  მეორე მხრივ კი, სამართალდამცავი სისტემის მიმართ არსებული მზარდი უკმაყოფილების განეიტრალების მიზნით,  გატარდება კოსმეტიკური რეფორმა და ცალკე სააგენტოს ან სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შენარჩუნდება იმ გადაუჭრელი პრობლემებით, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შეხება.

ბოლოს კი ისევ რეფორმის პერსპექტივებზე. პრემიერმა ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს დაავალა. ამ ორგანოს ძირითადი მიზნები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა და თუკი რეფორმის პროცესში მთავარი აქტორი ეს სამსახური იქნება, კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ ძირითადი ყურადღება უშიშროების სამსახურების ეფექტურ და იმავდროულად პრემიერისთვის კომფორტულ ინსტიტუციურ მოწესრიგებას დაეთმობა, საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებული სიღრმისეული პრობლემები კი შეუმჩნეველი, ან იგნორირებული დარჩება.