ნამუშევრის ავტორი: დიეგო რივერა, ფრაგმენტი დეტროიტის ინდუსტრიის მურალიდან

პირველი მაისის მნიშვნელობის გაგებისთვის, მისი სიმბოლური დატვირთვის გააზრების, მშრომელთა ბრძოლის ისტორიული გამოცდილების თუ ამ ბრძოლების მონაპოვარის გაცნობიერების გარდა, აუცილებელია დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშრომელთა ძალა, რა მნიშვნელობა აქვს მათ წინააღმდეგობას და რა შედეგი მოაქვს მათ ბრძოლებს საზოგადოებისთვის?

დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია გავიხსენოთ საქართველოს კონტექსტში მიმდინარე მშრომელთა ბრძოლების უახლესი ისტორია, სადაც ქუთაისის ყოფილი მეტალურგიული საწარმოს, ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხნის, ჭიათურის მაღაროების, ტყიბულის შახტების, აზოტის ქარხნის, ქსანის მინის ტარის საწარმოს, რკინიგზის, მეტროს, სერვისის და მომსახურების სფეროს მაღაზიების, გარემოვაჭრეების და თვითდასაქმებულების, ბათუმის და ფოთის პორტის, ფოსტის, გვირაბების და გზების მშენებლობის, აგარის შაქრის საწარმოს და სხვა სექტორის, სფეროს თუ საწარმოს მშრომელები როგორ დაუღალავად და შეუპოვრად იბრძოდნენ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის და მათი შრომის დაფასებისთვის. ყველა ამ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დასაქმებულთა წუხილების აქტუალიზებისთვის და სოციალური სამართლიანობის იდეის მნიშვნელობის გააზრებისთვის. მშრომელთა დაუღალავი წინააღმდეგობის შედეგია სწორედ ის, რომ საჯარო დღის წესრიგში წლების განმავლობაში კრიტიკულად ჟღერდებოდა შრომითი ექსპლუატაციის, შრომითი უფლებების დაცვის, შრომითი სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობა და დამსაქმებლის ძალაუფლების, ბიზნესის ხელშეუხებლობის თუ თავისუფალი ბაზრის საკრალურობის ფართოდ დამკვიდრებული წარმოდგენების კრიტიკა.

გარდა შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობის აქტუალიზებისა, მშრომელთა წინააღმდეგობები ასევე დღის წესრიგში აყენებდა ისეთ სოციალური შინაარსის საკითხებს, როგორიცაა სწრაფი განვითარების და ბუნებრივი რესურსების ათვისების კრიტიკა, საჯარო სიკეთეების შეუქცევადი პრივატიზაციის კრიტიკა, შრომის ფემინიზაციისა თუ შრომის ანაზღაურებაში არსებული გენდერული სხვაობების კრიტიკა, კომერციული ბანკების მაღალი საპროცენტო პოლიტიკის კრიტიკა, შრომის პოლიტიკის დერეგულირების კრიტიკა, დასაქმების პოლიტიკის არარსებობის საკითხები და ა.შ. სწორედ ამიტომაც, მშრომელთა ყველა გაფიცვა, მათი წარმატებულობის თუ წარუმატებლობის მიუხედავად, სინამდვილეში ირეკლავდა მრავალშრიან სოციალურ პრობლემებს და თავის თავში გულისხმობდა ქვეყანაში არსებული უთანასწორობის, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის, სიკეთეების არათანაბარი გადანაწილების პოლიტიკის კრიტიკის გაცხადებასაც.

სწორედ ამიტომ, ყველა ამ ბრძოლაში, მშრომელთა გვერდით იდგნენ და შრომელთა პროტესტის სულისკვეთებას თუ საჯარო პოლიტიკურ ფლატფორმას იზიარებდნენ სტუდენტები, მწვანე,სოციალური და ბუნებრივი გარემოს დაცვის ირგვლივ გაერთიანებული აქტივისტები, საბანკო ვალდებულებებით უსახლკაროდ დარჩენილი თუ გამოსახლების რისკის ქვეშ მყოფი პირები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტური თუ სხვა ჯგუფები. ერთის მხრივ ბრძოლების ამგვარი შინაარსობრივი დივერსიფიცირება, ხოლო მეორე მხრივ ბრძოლის ველების გაერთიანება ახალ პროტენციალს აჩენდა კიდევ უფრო მეტად დაფარული სოციალური წუხილების წარმოსაჩენად, ძალების კონსოლიდირებითვის და საზოგადოებრივი ჯგუფების დაწინაურებისთვის.

ამ წინააღმდეგობის პარალელურად, არსებული ძალაუფლებრივი სისტემები და ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებული პრაქტიკები არ შეცვლილა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური წნეხის ქვეშ ტოვებდა არაერთ მშრომელს. ბოლო წლებში არა ერთი დასაქმებული შეეწირა საწარმოო შემთხვევებს, რასაც გაუმართავი ტექნიკა-დანადგარები, დაცვის მექანიზმების არ არსებობა, მწყობრიდან გამოსული სამუშაო გარემო და სხვა შრომითი სტანდარტების დარღვევა განაპირობებდა. სოციალურ კატასტროფას გაუტოლდა საწარმოო შემთხვევებით გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, რაც განსაკუთრებით ტრამვატული იყო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული მშრომელებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევდათ მაღალი რისკის პირობებში ეშრომათ მინიმალური სარჩოსთვის.

მომეტებული ფიზიკური რისკის ქვეშ მუშაობის გარდა, მშრომელებს დღემდე უწევთ ღირსების შემლახავ გარემოში, დაქვემდებარების, დისციპლინირების, მჩაგვრელობით თუ შემავიწროვებელ პრაქტიკებთან გამკლავება, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. მშრომელთა დაბალი მოლაპარაკების ძალის და მცირე შესაძლებლობების პირობებში, რაც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მოცემულობით არის განპირობებული, მშრომელებისთვის სამართლიანობის მიღწევა მოთხოვნების კოლექტიურად წამოყენების, შრომით მედიაციაში მონაწილეობის ან თუნდაც კოლექტიური წინააღმდეგობის დაფიქსირების მეთოდებით ურთულესი ამოცანა ხდება. ამ პირობებში, ერთადერთი იარაღი, რაც ასეთი ძალაუფლებრივი ასიმეტრიის პირობებში მშრომელთა ხელში რჩება, არის რადიკალური ზომების მიმართვა, თანამებრძოლთა რიგების გაფართოვება და დისკურსული შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება, სადაც მედიის, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის თუ საჯარო დისკურსზე გავლენის მოხდენის პირობებში, შესაძლებელი ხდება მცირე გამარჯვებების მოპოვება და არსებული სტატუს ქვოს გარღვევისთვის პოტენციალის გაჩენა. სწორედ მსგავსი ძალთა კონსოლიდაციის შედეგია ბოლო პერიოდში მიღწეული მცირედი წარმატებები ტყიბულში თუ აგარაში დასაქმებული მშრომელებისთვის.

1 მაისი მუდმივად გვახსენებს მშრომელთა ისტორიულ გამარჯვებებს და მათ განსაკუთრებულ პოტენციალს დაუპირისპირდნენ მჩაგვრელობით სისტემას, რაც მხოლოდ თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლითაა შესაძლებელი, რომელსაც აქვს რესურსი აღწეროს სისტემა, ამხილოს ჩაგვრის წყაროები და მიზეზები, აწარმოოს ახალი ცოდნა, მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, მოიპოვოს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და გაერთიანებული ძალებით შექმნას უკომპრომისო წინააღმდეგობა სისტემის სრულ გარდაქმნამდე.