ხვალ, 14 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისთვის უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე ღვთისმსახურების ხელშეშლის ფაქტს გააპროტესტებენ და რელიგიური უმცირესობის უფლებებისა და ტოლერანტობის დაცვის მნიშვნელობას ადგილზე გამართული სოლიდარობის აქციით გამოხატავენ.

ბოლო 3 კვირის მანძილზე სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ქრისტიან მრევლს მიაკუთვნებს თავს აშკარად უკანონო ფორმით ხელს უშლის უმცირესობაში მყოფ მუსლიმ თემს პარასკევის ტრადიციული ლოცვის (ჯუმას) სალოცავ სახლში გამართვას. ადგილობრივი ქრისტიანების ქცევა, მათი განცხადებები ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელია აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი მუსლიმების მიმართ და რელიგიური კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი დარეგულირების პროცესში არაადეკვატური იყო.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის რელიგიის თავისუფლებით სრულად სარგებლობა და მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის შესრულებით შემოიფარგლა, რაც ცხადია, არ არის საკმარისი. მეტიც, პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის ქცევის ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი თავს კონფლიქტის მხარედ აღიქვამდნენ და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ამგვარი პასიური მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის მის პოზიტიურ ვალდებულებასთან - უზრუნველყოს რელიგიური უმცირესობის უფლებების ეფექტური დაცვა და, ამასთან, აშკარად უსამართლოა იმთავითვე არათანაბარ პირობებში მყოფი უმცირესობის მიმართ. უფრო მეტიც, როგორც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რელიგიური კონფლიქტების (სოფელი ნიგვზიანი, სოფელი წინწყარო) დინამიკა აჩვენებს, სახელმწიფოს მხრიდან პროცესებში ჩაურევლობა სხვა მსგავსი ტიპის საზოგადოებებში რელიგიური კონფლიქტების წახალისებას ახდენს და სეკულარიზმის იდეას ეწინააღმდეგება.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ეფექტური ქმედებებით ნათლად უნდა დააფიქსიროს მისი პატივისცემა რელიგიური უმცირესობების უფლებების მიმართ და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების სათანადოდ დაცვის მიზნით. ამ საკითხებზე პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორების ძალისხმევა არსებითია თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისთვის.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-G)

ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი