27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, გერმანიაში, ნეონაცისტური აღლუმი აკრძალულია, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელ პირობად ითვლება. ნეონაცისტურ ჯგუფებს რჩებათ შესაძლებლობა, აღლუმი გამართონ წლის ნებისმიერ სხვა დღეს. ამ დღეს, ნეონაცისტური აღლუმის გადადების პირობა გერმანიაში გამართლებულია მისი სიმბოლური მნიშვნელობით საზოგადოებისთვის, რომელიც წაშლილი იქნებოდა ნეონაცისტური აღლუმის დაშვებით.

საქართველოში კი, აიდაჰო დღეს (17 მაისი - ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე), საჯარო სივრცეს იკავებენ ჯგუფები, რომლებიც სრულიად შლიან ამ დღის თავდაპირველ სიმბოლურ მნიშვნელობას. ის სრულდება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის დემონსტრირებით. დღის სიმბოლური მნიშვნელობის გაუგულებელყოფის პარალელურად, ლგბტ თემისთვის არსებით მნიშვნელობას იძენს, სწორედ ამ დღეს, საჯარო სივრცის კვლავ მოპოვება.

ორივე შემთხვევაში, წლის ერთი კონკრეტული დღის მნიშვნელობა გამოწვეულია შესაძლებლობით, რომ შეკრების გამართვით რეალურ დროსა და სივრცეში, განსხვავებულად ფორმირდეს კოლექტიური მეხსიერება. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ნეონაცისტური აღლუმი ცვლის ამ დღის უკვე არსებულ კოლექტიურ აღქმას ჩადენილი დანაშაულების აღიარებაზე და დაზარალებული ჯგუფის ღირსების უკომპრომისო დაცვაზე. 17 მაისს საჯარო სივრცის თემის მიერ დაკავებაც, ასევე, ერთი დღით ცვლის აღქმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ადგილის შესახებ.

ასეთი შეკრებების დროს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სხვადასხვა სეგმენტის ადგილის შესახებ კოლექტიური მეხსიერების შეცვლის შესაძლებლობა, მის გარეგნულ (წმინდა შინაარსისგან დამოუკიდებელ) მახასიათებლებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ნეონაცისტური შეკრების ჰოლოკოსტის დაზარალებულთა ხსოვნის დღეს აკრძალვა ხაზს უსვამს ნეონაცისტური იდეებისთვის მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონეზე და ისიც იმ ზღვრამდე აღიარებას, რომ მან რაიმე ფორმით (ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული დღის გამო) ზედმეტად იმოქმედოს დაზარალებული პირების ღირსებაზე, ახლოს აღმოჩნდეს „მტკივნეულ წარსულთან,“ ან მისი უპირობო არაღიარების შთაბეჭდილება შექმნას. 17 მაისის შემთხვევაში, თუ ის არ შეიძენს „საჯაროობის“ საკმარის გარეგნულ ნიშნებს, 27 იანვარს ნეონაცისტური აღლუმის დაშვებისგან განსხვავებით, მისი კოლექტიურ მეხსიერებაზე გავლენის ამბიცია მხოლოდ ილუზორული დარჩება. ცალკე საკითხია, რომელ მხარეს დგას სახელმწიფო. თუ გერმანიაში ეჭვს არ იწვევს სისტემის მისწრაფება, რაც შეიძლება დაშორდეს „მტკივნეულ წარსულს“ და უკომპრომისო იყოს ამ კუთხით, ქართულ რეალობაში, 17 მაისის შეკრების „დახურულ“ საჯარო სივრცეში უზრუნველყოფას, მიზანმიმართულად თუ თავისდაუნებურად, მხოლოდ იმის მისწრაფება თუ ექნება, რომ უცვლელად დატოვოს „განსხვავებულობის“ გამო თემის მხოლოდ პრივატულ სივრცეში „დაშვების“ პირობა.

წინამდებარე სტატია შეეხება აიდაჰო დღეს და უფრო ზოგად კონტექსტში შეკრების სოციალურ-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მასთან კავშირში შეკრების თავისუფლების სამართლებრივ ცნებას. სტატია ცდილობს აჩვენოს, რომ შეკრების თავისუფლებას ინდივიდუალურ გამოხატვაზე უფრო ძლევამოსილი ბუნება აქვს კოლექტიური მეხსიერების შექმნის, გაღვიძების, ტრანსფორმირების სახით, განსხვავებით სხვა უფლებებისგან, რომელთაც მათი დაცვის ისეთი რაციონალური საფუძვლები გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის, პოლიტიკის საჯაროობისთვის. შეკრების თავისუფლებაზე მსჯელობისას შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო მისი კოლექტიური ასპექტი, თუმცა, როგორც წესი ის გამოხატვის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კოლექტიური პეტიციის შესაძლებლობისთვის არის „დაფასებული“. სტატია ცდილობს, შეკრება დაინახოს როგორც თავად მიზანი, რომელიც ყველაზე ახლოს არის საზოგადოებრივ კოლექტიურ მეხსიერებასთან, რომელიც იცვლება ემოციებით და გამოცდილებებით დღეს და ამავე დროს, ატარებს რესურსს მომავალში საერთო მეხსიერებების მქონე უფრო ფართო ჯგუფების სოციალურ მოძრაობებში ჩართვის, სოლიდარობის შექმნის, ახლად ფორმირებულ კოლექტიურ მეხსიერებაში საზოგადოების გარიყული ჯგუფების ისტორიის დამატებისთვის.

სწორედ კოლექტიური მეხსიერების შექმნის ამ რესურსის გამო, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ის საერთოდ ქმნიდეს არსებული საზოგადოებრივი წესრიგის ალტერნატივას. მაგალითად, თემის შეკრება არ რჩებოდეს ერთი დღით მკაცრად მათთვის გამოყოფილ დახურულ სივრცეში და ის საჯარო სივრცის ინკლუზიურად გარდაქმნის შესაძლებლობა იყოს. ამის გარეშე, ვერც „უმრავლესობა“ იძენს საჯარო პლურალურ საზოგადოებაში ოპერირების გამოცდილებას. უკვე მეორე ეტაპია, თავად ამ ტრანსფორმირებულ, ინკლუზიურ საჯარო სივრცეში თემის „ხილვადობის“ მიღმა შეკრების ვრცელ პოლიტიკურ მესიჯებად გარდაქმნა, მათ შორის, თემის გამოცდილების საზოგადოებრივთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, მოხდება უკვე საჯარო სივრცეში შეკრების სრულად განსაჯაროება იმ გაგებითაც, რომ მისი მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვისაც გახდება აღქმადი. თუმცა, პირველის გარეშე, იმის გარდა, რომ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის გაუგებარი რჩება თემის საჭიროებები, მოთხოვნები და მათი რეალურობა, თავად კოლექტიური მეხსიერების დონეზეც არაფერი იცვლება, უცვლელად იწარმოება თემის პირად სივრცესთან ასოცირებული აღქმა.

სტატიაში, პირველ რიგში, მოკლედ იქნება მიმოხილული საქართველოში აიდაჰო დღეს ლგბტ თემის შეკრების ისტორია და ის კოლექტიური მეხსიერება, რომელიც აქტივისტებს დღესაც აერთიანებთ 17 მაისის გარშემო. როდესაც უსაფრთხოების დაცვის გარანტიების მოპოვებისთვის თემის წევრებს, საზოგადოების სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, არაერთ კომპრომისებზე უწევთ წასვლა, ხდება საჯარო სივრცისთვის ბრძოლის ჩაგვრის საერთო გამოცდილებად ფორმირება. სტატიაში წარმოდგენილი პოლონეთის გამოცდილებაც წარმოაჩენს კოლექტიურობის მნიშვნელობას მოვლენებზე ემოციების, მეხსიერების ფორმირებისას, ასევე მის საზოგადოებრივ მეხსიერებასთან დაკავშირებისას. თემის ჩაგვრის გამოცდილებების დაკავშირება საჯარო სივრცისთვის ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია, დასრულდეს მისი არტიკულირებით და საზოგადოების სხვა ჯგუფებამდე მინიმუმ გაზიარების, მაქსიმუმ კი მათი ჩაგვრის გამოცდილებებთან ასოციაციის მცდელობით.

ბოლოს, სტატია განხილულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირებს შეკრების თავისუფლების სამართლებრივ ცნებას, რომლის გადააზრებაც დღეს თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მდგომარეობას, მათ შორის, სამართლებრივი პერსპექტივიდან მის ილუზორულობას გამოკვეთს.

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓

ნახვა

გადმოწერა

კოლექტიური_მეხსიერების_პოტენციალი_1526481025.pdf