10336777_770137209685587_2489683351227338571_n

საქართველოში, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა, რასაც განაპირობებს საზოგადოებაში მათდამი არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფა და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ამგვარ დამოკიდებულებას ადგილი აქვს, როგორც  საჯარო, ისე კერძო სექტორში. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირება უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ასევე ის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

წინამდებარე ანალიზი, 2012-2014 წლებში, ლგბტპირების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს. შეფასებები ეფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების - ‘’იდენტობასა’’ და ‘’ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაციის“ (WISG) კვლევებსა და აღნიშნული ორგანიზაციების იურისტებთან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანამშრომლების მიერ ჩაწერილ ინტერვიუებს. ასევე, სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშს.

აღნიშნული მასალის შეფასება აჩვენებს, რომ ლგბტპირები ხშრად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. ორგანიზაცია „იდენტობას“ მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ორი წლის განმავლობაშიყოველი მესამე ლგბტ ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ლგბტ პირების  მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ცემა, სექსუალური იძულება და სექსუალური ძალადობა.თავდასხმის სუბიექტები უფრო ხშირად უცხო პირები არიან. ამასთან, როგორც წესი, თავდასხმები ხდება სპონტანურად და ჯგუფურად. საქართველოში ლგბტადამიანების 89% ერთხელ მაინც ყოფილაფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი განვლილი ორი წლის განმავლობაში. საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობას ყველაზე მეტად განიცდიან ლგბტ ახალგაზრდები 18-დან 26 წლამდე.  ამასთან, ლგბტ პირები   უთანასწორო მოპყრობას განიცდიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახი, კაფე-ბარები, სამედიცინო მომსახურება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები, შრომითი ურთიერთობები.

1. 2011-2012 წლებში ლგბტ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა

2012 წლის კვლევის[1] თანახმად, გამოკითხული 48 რესპონდენტიდან, რომლებიც 2011-2012 წლებში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ - 60.87%-ს ეს მხოლოდ ერთხელ შეემთხვა, 17.39%-ს ორჯერ, ხოლო 21.74%-ს სამჯერ ან მეტჯერ. 134 რესპონდენტიდან, რომელსაც ფსიქიკური ძალადობა (მუქარა) განუცდია, 75.37%-ს  მსგავსი ფაქტები გადახდომია სამჯერ ან მეტჯერ,  11.94%-ს - ორჯერ, ხოლო 12.69%-ს - ერთხელ[2].

150 გამოკითხული ლგბტ ადამიანიდან, 45.83%-მა თავდასხმის ადგილად ქუჩა მიუთითა, 18.75%-მა - ოჯახი, ხოლო 14.58%-მა - ბარი/კლუბი. 4 შემთხვევა დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებაში, 2 მაღაზიაში და 4 სხვადასხვა ადგილას. იქიდან გამომდინარე, რომ თავდასხმების ყველაზე ხშირი ადგილი ქუჩაა, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ლგბტპირების მიმართ ჩადენილი ძალადობის სუბიექტებად ძირითადად უცხო ადამიანები გვევლინებიან.

ფიზიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები აღმოჩნდა ცემა (58.33%) და სექსუალური იძულება (11.67%).

ცალკე უნდა აღინიშნოს ოჯახში ძალადობის შემთხვევები, რომელიც ინტენსივობის მიხედვით მეორე ადგილზეა. 150 გამოკითხული რესპონდენტიდან  56% (84) ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახის წევრთა მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. ოჯახში ძალადობის ყველაზე ხშირი ფორმებია: ქორწინების იძულება, შეურაცხყოფა, დამცირება, ეკონომიკური ძალადობა, ტანსაცმლის და თმის ვარცხნილობის შეცვლის იძულება[3].

2012 წლის კვლევის თანახმად, ლგბტ პირების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტზე პოლიციისთვის მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო, რაც, რესპონდენტთა შეფასებით, წარსულში პოლიციასთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილებით იყო განპირობებული.[4]  მათი თქმით, პოლიცია პასიურია მათი უფლებების დარღვევის მიმართ და ხშირად ჰომოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. პოლიციის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი, 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში[5]. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ლგბტ ადამიანების ჩაგვრასა და დამცირებაზე პოლიციის მხრიდან არაეფექტური ღონისძიებების გატარებამ, ეს ადამიანები მრავალჯერადი ძალადობის მსხვერპლებად და განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფად აქცია.

2. ლგბტ ადამიანების მდგომარეობა 2013-2014 წლებში

2013-2014 წლებში, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ მიერ მოწოდებული ანგარიშისა და მისი იურისტის ინტერვიუზე დაყრდნობით, შევისწავლეთ 19 პირის საქმე, სადაც დაფიქსირდა, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა 10 პირის მიმართ (მათგან ორი პირის მიმართ თავდასხმა ორჯერ და უფრო მეტჯერ განხორციელდა), 2 - ოჯახში ძალადობის შემთხვევა, 1 - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, 2 - ფსიქიკური ძალადობა და 4 ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევა.

მიმდინარე წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს[6], რომ 109 გამოკითხულიდან, 42 ადამიანი საუბრობს, რომ მან ფიზიკური ძალადობა განიცადა, 10 პირი უთითებს იარაღით დაშინებაზე, 9 - ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებაზე, 8 - გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალური  ხასიათის იძულებაზე საუბრობს, ხოლო 2  - ცივი იარაღით დაჭრაზე საუბრობს.

2013-2014 წლების შემთხვევების ანალიზიდან გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან არასაკმარისი  რეაგირება სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედებების ჩადენის ფაქტზე, ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირების მიმართ კი არაადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

სათემო ორგანიზაციების იურისტების შეფასებით,  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების საქმეებზე გამოძიება ან არ იწყება, ან იწყება და ჭიანურდება. შესწავლილი საქმეებიდან, მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პირადი საიდუმლოს ხელყოფისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ  საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა სიძულვილის მოტივი, სასამართლომ არ გამოიყენა ის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად, მიუხედავად სსკ-ის 53-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნისა.

რიგ შემთხვევაში, დაფიქსირდა პოლიციელების ძალისხმევა გამოძიების არ დაწყების მიზნით. კერძოდ, მოტყუების გზით დაზარალებულთა დარწმუნებით, რომ უარი ეთქვათ განცხადების შეტანაზე. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ უშალო აღქმით აშკარა იყო პირზე ძალადობის კვალი, პოლიციამ არ დაიწყო გამოძიება. სამართალდამრღვევი პირის მუქარის გამო, დაზარალებულის მიერ პოლიციისთვის მიცემული განმარტება, რომ სისხლნაჟღენთები და მძიმე დაზიანებები მან გზაზე შემთხვევითი დავარდნით მიიღო, პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა გამოძიების არდაწყებისთვის. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებაზე მიზანმიმართულად უარის თქმა იქ, სადაც მისი დაწყება სავალდებულოა, სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევები, სადაც მიუხედავად დანაშაულის ნიშნების არსებობისა, დაიწყო არა გამოძიება, არამედ პოლიცია, ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებითა და ხელწერილის ჩამორთმევით შემოიფარგლება, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქ სახდელს წარმოადგენს და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ვერ იქნება კანონიერი და პრევენციული ხასიათის.

დასკვნა

ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის ხშირი შემთხვევები, მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მზარდი ჰომოფობიური სიძულვილით განპირობებული მიდრეკილებებითა და სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანის უფლებათა დარღვევის გახმაურებულ შემთხვევებზე (განსაკუთრებით, 2013 წლის 17 მაისს და მის შემდგომ ჩადენილი აგრესიული ქმედებები - ძალადობა, დევნა, მუქარა და სხვა) სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირებითა და პასიურობით უნდა აიხსნას.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებითია, სახელმწიფომ უზრუნველყოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების დროული და ეფექტური გამოძიება და სამართალდამრღვევი პირების დასჯა, რასაც პრევენციული ეფექტი ექნება და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას შეამცირებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს სათანადო ინფორმაციული პოლიტიკა საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების დამკვიდრების მიზნით.

ნახვა

გადმოწერა

2012-2014_წლებში

ლგბტ_პირების_მიმართ_განხორციელებული__ძალადობის_ანალიზი.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაცია (WISG), ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში, 2012,28

[2]იქვე. 27-28

[3]იქვე. 30.

[4]იქვე. 28.

[5]საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, LGBT პირების უფლებრივი მდგომარეობა, 510

[6]http://identoba.files.wordpress.com/2014/01/e18392e18391e183a2-e18399e18390e183aae18394e18391e18398e183a1-e1839be18393e18392e1839de1839be18390e183a0e18394e1839de18391e18390-2012-201.pdf